Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


,,შეხედეთ ამ ფოტოს, დააკვირდით და კარგად გაიაზრეთ!” - ამ მოწოდებით დაიწყო გასული კვირა

გაზეთმა ,,კვირის პალიტრა”. ორშაბათის ნომრის პირველ გვერდზე დაბეჭდილი ამ მოწოდების ქვეშ მოთავსებული იყო წიწამურში ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფოტო, რომელზეც მოჩანდა ძეგლთან მისასვლელი კიბე, ჩამოშლილი და ეკალ-ბარდით დაფარული. ,,მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად” - ვკითხულობთ გაზეთში, რომელიც ილიას მკვლელობის მეასე წლისთავს
რამდენიმე პუბლიკაციას უძღვნის.

”რეზონანსმა” კი გასული კვირა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემაზე მსჯელობით დაიწყო და თავის ყოველკვირეულ გამოცემაში ,,მთელი კვირა” მკითხველს შესთავაზა ქართველ პოლიტიკოსთა და საზოგადო მიღვაწეთა გამოკითხვის შედეგები. გაზეთის მიხედვით, ეს შედეგები ასე გამოიყურება: ”რესპონდენტების 26%-მა ცალსახად განაცხადა, რომ კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეიძლება მოგვარდეს. მხოლოდ 10% ფიქრობს, რომ მშვიდობიანი მეთოდები უკვე ამოიწურა და ძალის გამოყენება დასაშვებია. 10% თავს იკავებს, გაგვცეს კონკრეტული პასუხი, ხოლო 34% ფიქრობს, რომ თუ ყველა მშვოდობიან მეთოდს ამოვწურავთ, დასაშვებია ძალის გამოყენება.”

,,ირინა ენუქიძეს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე, პოლიციელთა მიერ მოკლული შვილის გვერდით დაკრძალავენ”, - აუწყებდა სამშაბათს გაზეთი ”რეზონანსი” საზოგადოებას და აცნობდა რიგითი მოქალაქის ნათქვამს: ,,ამ ქალმა თავისი სიკვდილით დიდი სირცხვილი ჩამორეცხა ძალიან ბევრს და განსაკუთრებით იმ ხალხს, ვინც პოლიტიკასთანაა დაკავშირებული.”

ოთხშაბათს ”რეზონანსი” სტატიაში „რუსეთის საელჩო კოკოითზე კომპრომატებს აგროვებს“ აღნიშნავდა, რომ დონორი ქვეყნების მიერ გამოყოფილი თანხის უდიდესი ნაწილი რეგიონის განვითარებას კი არ ხმარდება, არამედ დე ფაქტო ხელისუფლების მაღლჩინოსანთა ჯიბეებში მიდის. ცხინვალის დროებითი ადმინისტრაციის წევრის მაია ჩიგოევა–ცაბოშვილის განცხადებით, კომპრომატები კოკოითის წინააღმდეგ კრემლს თაროზე აქვს შემოდებული და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს.

ხუთშაბათსა და პარასკევს ყველა გაზეთი სამთავრობო ცვლილებების შესახებ წერდა. ,,სააკაშვილმა ჭიპაშვილი მოიშორა”, - აცხადებდა გაზეთი ,,ახალი თაობა”. ,,ვის მიაყოლებენ ლადო ჭიპაშვილს?” - კითხულობდა გაზეთი ”რეზონანსი” ხუთშაბათს.
პარასკევს კი გაზეთი ”24 საათი” მთავრობის როტაციის შედეგებს აქვეყნებდა სტატიაში, სათაურით ”გადანაცვლებები ერთი ხმით მოლაპარაკე გუნდში”.
საქართველოს მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ლაპარაკი შაბათის პრესაშიც გაგრძელდა.

ამ ცვლილებებზე საუბრობდა შაბათის” 24 საათში” საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელიც. ვრცელ ინტერვიუში ალექსანდრე რონდელი კომენტარს აკეთებს იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ კვირას გავრცელდა ქართულ მედიაში და რომლის მიხედვითაც, იგი სამთავრობო გადაადგილებებს არა პოლიტიკის, არამედ ფსიქიატრიის საკითხს უწოდებს: ,,მე ამას გაუგებრობას მივაწერ. ჟურნალისტს, რომელმაც ამის შესახებ ტელეფონით მკითხა, ვუთხარი, რომ მე შიდა პოლიტიკაში ვერ ვერკვევი და ამ საკითხებზე ინტერვიუს მიცემა არ შემიძლია. მაგრამ, საერთოდ, თუ ჩვენს საშინაო პოლიტიკას შეხედავ (ამაში მე ვიგულისხმე ჩვენი რადიკალები, მათი გამოსვლები და ა.შ.), ეს უკვე ფსიქიატრიის საქმეა. მე ვიფიქრე, რომ ჟურნალისტი მიხვდებოდა, რა ვუთხარი, მაგრამ გაუგებრობა მოხდა და ამან ასეთი ,,სენსაციური” და ,,სკანდალური” სახე მიიღო. ”
ინტერვიუში ასევე საუბარია რუსულ-ქართული ავიაინციდენტების მოსალოდნელ პოლიტიკურ შედეგებსა და საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ.

გაზეთი ”ალია” შაბათის ნომერში ცდილობს გაარკვიოს ,,რა შეიცვლება ბანკში ალექსიშვილის მისვლით” და ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ეკონომიკის ექსპერტს სოსო ცისკარიშვილს ესაუბრება. ,,ნებისმიერ ქვეყანაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის დამახასიათებელი უნდა იყოს არა მარტო პროფესიონალიზმი, არამედ შინაგანი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი,” - ამბობს სოსო ცისკარიშვილი შაბათის ”ალიასათვის” მიცემულ ინტერვიუში.

გაზეთი ”რეზონანსი” კი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით შაბათს აქვეყნებს პუბლიკაციას, სათაურით ,,რას ფიქრობს ხალხი სამთავრობო ცვლილებებზე?” ”რეზონანსის” კორესპონდენტი ქუჩაში გაესაუბრა თბილისელებს. ერთ-ერთი რესპონდენტის, ამჟამად გაზეთების დამტარებლის, მხატვარ კერაკამიკოს გელა ვერულაშვილის აზრი ასეთია: ,, აი, წარმოიდგინეთ, მე ორი ძმისშვილი მყავს. რომ ავარჩიო ერთი ლამაზი კარუსელი და ჩემი ძმისშვილები ხან ერთ ცხენზე დავსვა, ხან მეორეზე და ვატრიალო ამ კარუსელით. შეიცვლება ამითი რამე?” - ,,ის ერთადერთი რესპონდენტი აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარი ვინაობა გაამხილა,” - წერს გაზეთი.

ამავე თემაზე შაბათს ”რეზონანსი” მეორე პუბლიკაციასაც აქვეყნებს. ეს გახლავთ ინტერვიუ ,,ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთ ლიდერ მამუკა კაციტაძესთან, რომელიც აცხადებს,რომ ,,ცვლილებები მთავრობაში მეტად არასერიოზულად ხდება”.

თბილისში მოვაჭრეთა აქციები გრძელდება. შაბათის ”ახალი თაობა” წერს, რომ პარასკევს აქციამ პარლამენტის შენობიდან კანცელარიასთან გადაინაცვლა. ,,ისინი სალარო აპარატების შემოღებას ისევ ჯიუტად აპროტესტებენ და ფიქსირებული გადასახადების დაწესებას მოითხოვენ,”- ვკითხულობთ შაბათის ”ახალ თობაში”.

XS
SM
MD
LG