Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი სამთავრობო ცვლილებები


როგორც გასული, ისე მიმდინარე კვირის მთავარი

პოლიტიკური სიახლე სამთავრობო ცვლილებებია. გავრცელებული ვერსიებისა და პროგნოზების საწინააღმდეგოდ, პრეზიდენტმა თანამდებობა შეუნარჩუნა პრემიერ-მინისტრს. თუმცა ოპოზიცია ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში კიდევ ბევრი რამ შეიცვლება.

მორიგ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ყველაზე გავრცელებული შთაბეჭდილება ისაა, რომ საზოგადოებას გაუჭირდა ამ ცვლილებების არსში წვდომა. რატომ წავიდა ან რატომ დარჩა ესა თუ ის მინისტრი? ვინ გაძლიერდა და ვინ დასუსტდა? რატომ შეიცვალა ერთი მინისტრი მეორით და რა მიზანს ისახავს მორიგი სამთავრობო გადაადგილებები? ამ კითხვებზე ოპოზიციურ პარტიებს სხვადასხვა პასუხი აქვთ. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კი ბუნდოვანია, რა ნიშნით ან თვისებით იქნება მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა განსხვავებული ძველისგან.

შეიძლება ითქვას, რომ ფინანსურ ბერკეტებზე კონტროლი არა მხოლოდ შეინარჩუნა, არამედ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანა ზურაბ ნოღაიდელმა. ამაზე მიგვანიშნებს დავით ტყეშელაშვილის დანიშვნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად, ნიკა გილაურის დანიშვნა ფინანსთა მინისტრად და ლექსო ალექსიშვილის სავარაუდო დანიშვნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად. სამივე პოლიტიკური ფიგურა ზურაბ ნოღაიდელის უშუალო თანამებრძოლია. ფაქტობრივად, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ჩამოყალიბდა გუნდი, რომელიც ფინანსების დიდ ნაწილს გააკონტროლებს. სწორედ ამიტომ აღარ არის მოსალოდნელი პრემიერის შეცვლა. როგორც ჩანს, პრეზიდენტი ყოყმანობდა, ვისთვის მიენდო ქვეყნის მართვა წინასაარჩევნო პერიოდში. სწორედ ამ ყოყმანის გამოძახილი იყო მედიაში არაერთგზის გაჟონილი ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის სავარაუდო შეცვლის შესახებ. დღეს უკვე ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილმა არჩევანი კვლავ ნოღაიდელის სასარგებლოდ გააკეთა.

თავად ნოღაიდელიც, რა თქმა უნდა, მარტო არ არის. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ხელისუფლება მერაბიშვილისა და ოქრუაშვილის ბანაკებად იყო გაყოფილი, პრემიერი მყარად მკვიდრობდა მერაბიშვილის გუნდში. აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ იუსტიციის მინისტრად სწორედ ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე და მისივე ნდობით აღჭურვილი პირი ინიშნება.

ეჭვს არ იწვევს, რომ ამჟამინდელი ცვლილებები საარჩევნო კამპანიის არაფორმალური დასაწყისია. ამასვე ადასტურებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შეცვლა. ალბათ, ამ პოსტს სწორედ ის ადამიანი დაიკავებს, რომელიც სამთავრობო ცვლილებებს ლოგიკურ წერტილს დაუსვამს.

თუ ყოველივე ზემოთქმულს შევაჯამებთ, გამოვა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, თუ ვის მიანდოს ქვეყნის მომზადება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის: გარკვეული ყოყმანის შემდეგ, მან არჩევანი მერაბიშვილისა და ნოღაიდელის ერთიან გუნდზე შეაჩერა.

მაინც უპასუხოდ რჩება კითხვა, რით განსხვავდება ახალი გუნდი ძველისგან. არადა, წესით და რიგით, წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები სწორედ ამ კითხვის მკაფიო პასუხს უნდა წარმოადგენდეს. ამომრჩეველს სამკითხაოდ კი არ უნდა ჰქონდეს საქმე, არამედ სახელმწიფოს პირველი პირებისგან უნდა იცოდეს, პრეზიდენტი და პრემიერი რა ნიშნით ანიჭებენ უპირატესობას მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას.

მიმდინარე სამთავრობო ცვლილებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა, როგორც ერთიანი სახელისუფლო გუნდი, საკმაოდ ტიპიურ შეცდომას უშვებს: ის თავის თავში ითავსებს როგორც მოქმედი სუბიექტის, ისე მაყურებლის ფუნქციას; თავად არის როგორც სპექტაკლის შემსრულებელი, ისე -მისი აუდიტორია. სწორედ ამ შემთხვევაში ხდება, რომ გუნდი საკუთარი თვალით დანახულ რეალობას ერთადერთ ჭეშმარიტებად მიიჩნევს და ვინმესთან დიალოგის აუცილებლობას ვეღარ ხედავს.

მაგრამ პრობლემა მხოლოდ განმარტებებისა და დიალოგის დეფიციტი არ არის. სოციოლოგები დაწვრილებით აღწერენ ფუნქციების აღრევის ამგვარ შემთხვევებს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ როდესაც ერთი და იგივე გუნდი საკუთარ თავში ითავსებს როგორც მოთამაშის, ისე მაყურებლის როლს, შედეგად ყოველთვის თვითმოტყუებას ვიღებთ; რადგან გუნდი, როგორც შემსრულებელი, იძულებულია საკუთარ თავს, როგორც აუდიტორიას, თავისივე სუსტი მხარეები დაუმალოს.

გამოდის, აქცენტის გადატანა ამომრჩეველზე და მის წინაშე ანგარიშვალდებულება არა მხოლოდ მოქალაქეთა ინტერესებს შეესაბამება, არამედ სახელისუფლო გუნდის სიჯანსაღესაც განაპირობებს. არადა, საქართველოს მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების ვექტორი სწორედ შიგნით - ძალაუფლების გაძლიერებისკენ ჩანს მიმართული და არა გარეთ - ადამიანთა ნდობისკენ.


XS
SM
MD
LG