Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის სამოქმედო პროგრამის განხილვა დაიწყო


საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში

დაიწყო განხილვა მთავრობის ახალი სამოქმედო პროგრამისა ”ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის”. 6 გვერდიანი სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განვითარებას, კერძოდ კი, 100 საწარმოს გახსნას, 100 საავადმყოფოს მშენებლობის დასრულებას, ნატოში ინტეგრაციას და სხვ. საპარლამენტო ოპოზიცია ამ გეგმას ლოზუნგებისა და ოცნებების კრებულს უწოდებს. მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს მთავრობის ახალი სამოქმედო პროგრამის საპარლამენტო განხილვა.

საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში საქართველოს მთავრობის ახალი მინისტრების მოსმენა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიდან დაიწყო. იქ იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრები - ეკა ტყეშელაშვილი და დავით ტყეშელაშვილი - მიიწვიეს. კომიტეტის წევრები და, მათ შორის, კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე იმით დაინტერესდნენ, თუ როგორ აპირებენ მინისტრები პენიტენციურ სისტემაში არსებული პრობლემების დაძლევას:

[ელენე თევდორაძის ხმა] ”დარღვეულია აბსოლუტურად ყველა კანონმდებლობა, რადგანაც მიუსჯელი და მისჯილი არიან ერთად. ეს, რაც ეხება ქალებს. კიდევ ძალიან სერიოზული პრობლემა ჯანდაცვის საკითხებია. ასეთი სიკვდილიანობა, როგორიც წელს ჩვენ გვაქვს ციხეებში, დიდი ხანია არ ყოფილა.” (სტილი დაცულია)

ელენე თევდორაძის ამ და სხვა შენიშვნებს იუსტიციის ახალმა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა უპასუხა:

[ეკა ტყეშელაშვილის ხმა] ”დღეს, ინფრასტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე, და სისტემური ცვლილებები, რაც მიმდინარეობს სისტემაში, უკვე ფოკუსის გადატანა დესოციალიზაციაზე უფრო რეალისტურად მესახება.”(სტილი დაცულია)

მან ასევე აღნიშნა, რომ პატიმართა ვადამდე ადრე გათავისუფლების მექანიზმს აამუშავებს, პენიტენციურ სისტემაში დისციპლინის გაუმჯობესების მიზნით. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გამოთქმულ შეკითხვებზე ჯანდაცვის მინისტრის დავით ტყეშელაშვილის პასუხი კი ასეთი იყო:

[დავით ტყეშელაშვილის ხმა] ”მე მზად ვარ მოვისმინო ყველა შეკითხვა და ყველა ამ შეკითხვაზე გავცე შესაბამისი პასუხი. შეიძლება არა დღეს, მაგრამ უახლოეს მომავალში.”

მინისტრების ასეთი მზადყოფნა საპარლამენტო ოპოზიციამ დაიწუნა, ისევე როგორც მთავრობის სამოქმედო პროგრამის დეკლარაციული ხასიათი. ოპოზიციის ერთი ნაწილი მინისტრებთან შეხვედრას არც კი აპირებს.
”ახალი მემარჯვენეების” საპარლამენტო ფრაქციამ კი მთავრობის პროგრამაზე სასაუბროდ პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მიიწვია, თუმცა -უშედეგოდ. ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთ ლიდერი, მამუკა კაციტაძე, ამბობს:

[მამუკა კაციტაძის ხმა] ”ნოღაიდელმა უარი განაცხადა ფრაქციასთან შეხვედრაზე, რაც, ჩემი აზრით, ორი რამით შეიძლება აიხსნას: ერთი მხრივ, მისთვის ჩვეული თავხედობა და, მეორე მხრივ, შიში მორიგი თავლაფდასხმისა და გალანძღვისა, რომელსაც ის იმსახურებს.”

მთავრობის სამოქმედო პროგრამას აკრიტიკებს ”მრეწველთა” ფრაქციის ლიდერი ზურაბ ტყემალაძეც:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ”ზოგიერთი მინისტრი იძახის, რომ ჯერ პროგრამაში ჩავიხედავ და მერე მოგახსენებთო. მთავრობამ რაც წარმოადგინა, ეს პროგრამა არ არის, ეს არის სადღეგრძელო, რომელსაც სუფრაზე შეიძლება დაუჭირო მხარი, თორემ პარლამენტში ნამდვილად ვერა.”

ოპოზიციის ასეთი განწყობის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობა მინისტრთა ახალი კაბინეტისათვის ნდობის გამოცხადებას აპირებს. კენჭისყრა პარლამენტის უახლოეს სხდომაზე - სავარაუდოდ, პარასკევს - გაიმართება, მას შემდეგ, რაც ახალი მინისტრების ფრაქციებსა და კომიტეტებში მოსმენა დასრულდება.

XS
SM
MD
LG