Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დათხოვნილი პარლამენტი კვლავ შეიკრიბა


4 სექტემბერს კიევში უმაღლესი რადის პლენარული სხდომა გაიხსნა.

წინა დღით კი ქვეყნის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ, რომელმაც თავისი განკარგულებით საკანონმდებლო ორგანო გაზაფხულზე დაითხოვა, პარლამენტის სხდომის მოწვევა შეაფასა როგორც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობა. თავის მხრივ, სპიკერმა ოლექსანდრ მოროზმა ქვეყნის პრეზიდენტი“კონსტიტუციური წყობის” მოშლაში დაადანაშაულა.

უკრაინაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე თვეზე ნაკლები დრო რჩება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაასრულა არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ბლოკების რეგისტრაცია. თუმცა თავად არჩევნების ჩატარებას მაინც საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ 3 სექტემბერს სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა - მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა უკრაინის უფლებაშეჩერებული უმაღლესი რადის თავმჯდომარის გადაწყვეტილება სხდომის მოწვევის თაობაზე:


[ვიქტორ იუშჩენკო] ”ისინი ცდილობენ ჩაატარონ უმაღლესი რადის არალეგიტიმური სხდომა. ჩვენ გვეყოფა სიბრძნე, გადავიტანოთ თქვენთვის ცნობილი ამხანაგების ეშმაკობა. მაგრამ არის რიგი მიზეზებისა, რომლებიც ნებას არ მაძლევს ჩუმად ვადევნო თვალი ამ თეატრს. ამ პროვოკაციის უკან არჩევნების ჩაშლის სურვილია, რაც ძალაუფლების, ხელისუფლებაში საკუთარი პერსონალური ადგილის დაკარგვის შიშითაა გამოწვეული. როგორც ჩანს, გაკვეთილები ცუდად ისწავლეს. “

უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, ქვეყნის პარლამენტი მარტში დაითხოვეს, პარლამენტმა სხდომები შეწყვიტა და დაინიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. უმაღლესი რადის თავმჯდომარემ ოლექსანდრ მოროზმა კი 4 სექტემბერს პარლამენტის სხდომა გახსნა და პრეზიდენტი იუშჩენკო ქვეყნის კონსტიტუციის შერყევაში დაადანაშაულა:

[მოროზი] “სხვადასხვა განმმარტებლებმა, ალბათ, იციან, რომ ისინი ბოროტებას სჩადიან, მაგრამ მაინც მანიაკალურად აგრძელებენ კონსტიტუციისა და კანონების დამახინჯებას, ცდილობენ დაანგრიონ ქვეყნის კონსტიტუციური წყობა, რათა ქვეყანაში ქაოსი გამოიწვიონ. დასანანია, რომ კონსტიტუციასა და პარლამენტზე შეტევას სათავეში უდგას პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო - ადამიანი, რომელსაც, თანამდებობრივად, სხვა პოზიცია უნდა ეკავოს და უნდა იყოს კონსტიტუციისა და მართლწესრიგის გარანტი.”

უკრაინიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, უმაღლესი რადის 259-მა დეპუტატმა, რაც საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია, მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც დეპუტატების ხელშეუხებლობის შეზღუდვებს ითვალისწინებს. დეპუტატებისთვის უფლებამოსილებისა და პრივილეგიების შეზღუდვები უკრაინაში ბევრი პოლიტიკური ძალის საარჩევნო პროგრამის შემადგენელი ნაწილია. თავად არჩევნებს რაც შეეხება, სოციოლოგიური გამოკითხვებით, 30 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ძალთა ბალანსი უკრაინულ პოლიტიკაში დიდად არ შეიცვლება. უმაღლეს რადაში ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებენ ვიქტორ იანუკოვიჩის “რეგიონები”, მეორე და მესამე ადგილზე გავლენ იულია ტიმოშენკოსა და მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერი პოლიტიკური გაერთიანებები. 3 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსებს უკრაინის “კომუნისტური” და “სოციალისტური” პარტიები ინარჩუნებენ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG