Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაარღვია თუ არა საქართველო-რუსეთის საზღვარი რელიგიურ-ექსტრემისტული დაჯგუფების მეთაურმა


5 სექტემბერს ყარაჩაევო-ჩერქეზეთის ფედერალურმა სასაზღვრო ძალებმა სახელმწიფო საზღვრის დარღვევისას ორი ადამიანი მოკლეს.

რუსეთის ხელისუფლების ცნობით, საზღვრის დამრღვევები რუსეთში შეღწევას საქართველოს ტერიტორიიდან ცდილობდნენ და ფედერალურ სასაზღვრო ნაწილებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, ერთ-ერთი მოკლული რელიგიურ-ექსტრემისტული დაჯგუფების მეთაური აბუ ბაქარი აღმოჩნდა. მართლაც საქართველოდან მოხვდა ის რუსეთის ტერიტორიაზე?

რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, რუსტამ იონოვი, ცნობილი როგორც აბუ ბაქარი, ფედერალურმა სასაზღვრო ძალებმა მაშინ მოკლეს, როდესაც ის თანმხლებ პიროვნებასთან ერთად საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდა. მოკლულებს თან აღმოაჩნდათ დიდი რაოდენობის შეიარაღება და ასაფეთქებელი ნივთიერება. საზღვრის დამრღვევები რომ მართლაც საქართველოდან შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, ეს რადიო ”მაიაკს” დაუდასტურა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელმა ალექსანდრ მურაშოვმა:

[ალექსანდრ მურაშოვის ხმა] ”რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ყარაჩაევო-ჩერქეზეთის სასაზღვრო ნაწილის პასუხისმგებლობის ზონაში 5 სექტემბერს შემჩნეული იქნა 2 მოქალაქე, რომლებიც მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიიდან მოძრაობდნენ. დაკავების დროს დამნაშავეებმა გააფთრებული წინააღმდეგობა გასწიეს და განადგურებულ იქნენ. უკვე დადგენილია ერთ-ერთის პიროვნება. ეს არის რუსტამ იონოვი, დაბადებული 1977 წელს, მცხოვრები ყარაჩაევო-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში. მისი მუსულმანური სახელია აბუ ბაქარი. ”

თბილისში გაკვირვებას ვერ ფარავენ აბუ ბაქარის მკვლელობის საქმეში საქართველოს ხსენების გამო. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რაში დასჭირდა მოსკოვს საქართველოზე აქცენტის გაკეთება:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”ვერ გეტყვით. მე ნამდვილად ვიცი, რომ ჩვენი მხრიდან საზღვრები ნორმალურად არის დაცული და რუსეთის მხრიდან არაადამიანურად არის დაცული. თუ თვითონ თავის ტერიტორიაზე ვიღაც მოკლეს, საიდან მოდიოდა, ეგ მაგათი ინსინუაციებია.”(სტილი დაცულია)

საქართველოს ხელისუფლება ასევე კატეგორიულად უარყოფს თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შესაძლებლობას. ამასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელმა ლელა მჭედლიძემ სპეციალური განცხადება გააკეთა:

[ლელა მჭედლიძის ხმა] ”რუსეთ-საქართველოს საზღვრის აღნიშნული პერიმეტრი, სადაც განხორციელდა ეს ოპერაცია, კონტროლდება აფხაზეთის უკანონო ხელისუფლების მიერ. აღნიშნულ შემთხვევაში ეს ფაქტი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ სეპარატისტული რეჟიმი კარგ გარემოს წარმოადგენს უკონტროლო სიტუაციისა და ტერორისტული საქმიანობისათვის.”

რუსეთის ხელისუფლების ცნობით, საქართველო-რუსეთის საზღვართან 5 სექტემბერს მოკლული აბუ ბაქარი ყარაჩაევო-ჩერქეზეთში არსებული რელიგურ-ექსტრემისტული დაჯგუფების მეთაური იყო. იგი ეჭვმიტანილი იყო ამ რესპუბლიკის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტერაქტების მოწყობაში.
XS
SM
MD
LG