Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორჯერ გაზრდილი ქართული სამშვიდობო ბატალიონის “ომი და მშვიდობა” ერაყში


ორჯერ გაზრდილი ქართული სამშვიდობო ქვედანაყოფი ერაყში ახალი მისიით

და დისლოკაციის ახალ ადგილზე, უკვე ორი თვეა, რაც იმყოფება. ვასიტის პროვინციის ქალაქი ალ კუდი ერაყის სამხრეთში, ქალაქ ბასრასთან ახლოს, მდებარეობს და ე.წ. “წითელ ზონას” წარმოადგენს. საქართველოში ახლაც არ წყდება კამათი იმის თაობაზე, თუ რამდენად გამართლებული იყო სამშვიდობო ქვედანაყოფის გაზრდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე “ცხელ წერტილში”, რომელსაც კოალიციის სხვა წევრი სახელმწიფოები მთლიანად ან ნაწილობრივ ტოვებენ. თუმცა ერაყში მყოფი ქართველი სამხედროები აცხადებენ, რომ ისინი იქ მნიშვნელოვან გამოცდილებას იძენენ და როგორც ერაყის, ისე მთელი რეგიონის მშვიდობას იცავენ.

ქართველი მაიორი ზაზა ქვარაია ერაყის ქალაქ ალ კუდში ქართველი მშვიდობისდამცველების პირველ ჯგუფთან ერთად ყველაზე ადრე, ივლისის ბოლოს, ჩავიდა. ახალგაზრდა ოფიცერი, რომელსაც სამშვიდობო გამოცდილება კოსოვოში აქვს მიღებული, კოალიციის სარდლობასთან 2000 კაციანი ქართული ბრიგადის დაბინავების საკითხების კოორდინაციით იყო დაკავებული. რადიო “თავისუფლებასთან” სატელეფონო საუბარში ქართული ქვედანაყოფის შტაბის უფროსმა ზაზა ქვარაიამ ვასიტის პროვინციაში უსაფრთხოების მდგომარეობა დაახასიათა როგორც “მშვიდი”, თუმცა არა ისეთი, “რომ ფეხბურთის თამაში შეიძლებოდეს”:

[ზაზა ქვარაიას ხმა] “რომ გითხრა, რომ ერთმანეთს ფეხბურთს ვეთამაშებით, ეგ ჯერჯერობით არ ხდება. რაც შეეხება ამ პროვინციაში, სადაც ჩვენ ვართ, ნამდვილად სიწყნარე და მშვიდობა იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში. შეიძლება რაღაც შემთხვევით ხდებოდა, მაგრამ ამას აქ გლობალური ხასიათი არასოდეს არ მიუღია. ურთიერთობაც გვაქვს ამ ხალხთან და აღქმული აქვთ ჩვენი ყოფნა, როგორც მშვიდობის დასაცავად მოვედით.” (სტილი დაცულია)

ალ კუდში დისლოცირებული ქართული ბრიგადის ყველა მებრძოლს სამშობლოში გავლილი აქვს ამერიკული “წვრთნისა და აღჭურვის” და “სტაბილურობის შენარჩუნების” სამხედრო პროგრამები. თუმცა, ვიდრე ახალ ადგილას უშუალოდ საბრძოლო დავალების შესრულებას დაიწყებენ, ქართველი სამხედროები აქტიურ მზადებას გადიან ალ კუდის ბაზის ტერიტორიაზე, ამჯერად უკვე კოალიციის სამხედრო ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, - უთხრა რადიო “თავისუფლებას” მაიორმა ზაზა ქვარაიამ.

[ზაზა ქვარაიას ხმა] “ახლა, მაქსიმალურად ამ ხალხს რაც აქვთ გამოცდილება, - ეს ამერიკელები იქნებიან თუ ნებისმიერი სხვა კოალიციური ძალები, - ყველაფერს ჩვენ მაქსიმალურად გადმოგვცემენ. ამას ჩვენი პრაქტიკაც ემატება, რაც ამ ქვეყანაში უკვე შევიძინეთ და, რა თქმა უნდა, მაქსიმალური შედეგით შევეცდებით უკვე, რომ ეს [სამშვიდობო] ამოცანა გაკეთდეს ყველასთვის სასიკეთოდ, ყველა ამ გამოცდილების გაზიარებით.”(სტილი დაცულია)


ვასიტის პროვინცია რიგით მეხუთე ადგილია, სადაც ქართული სამხედრო ქვედანაყოფი სამშვიდობო მისიას ასრულებს. 2003 წლის აგვისტოდან მოყოლებული, ქართველი სამხედროები კოალიციის შემადგენლობაში ბალადში, ფალუჯაში, ბაყუბასა და საკუთრივ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში იმყოფებოდნენ. გეოგრაფიასთან ერთად იცვლებოდა ქართველ მშვიდობისდამცველთა რაოდენობა. თუ ერაყში სამხედრო საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციის დაწყებისთვის ქართული კონტინგენტი 79 კაცს ითვლიდა, 2006 წლისთვის საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში 850 სამხედრო მოსამსახურე ჰყავდა. მიმდინარე წელს კი საქართველოს პროდასავლელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განიზრახა გაეკვირვებინა მსოფლიო და წლის დასაწყისში ერაყში დამატებით 1200 კაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ქართველები არასდროს არსაიდან არ გაიქცევიან. ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნებთ ყოფნას, არამედ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, როცა არის გადამწყვეტი პერიოდი ამ სამხედრო ოპერაციაში, ჩვენ გავზრდით ჩვენს სამხედრო ყოფნას ერაყში.” (სტილი დაცულია)

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას ოპონენტები მრავლად გამოუჩნდნენ საზოგადოებაში, მათ შორის, იმ პოლიტიკოსების სახით, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის პროდასავლურ კურსს. 5 მილიონიანი საქართველოს მხრიდან სამხედრო კონტინგენტის გაორმაგებას იმ ფონზე, როდესაც კოალიციის სხვა ქვეყნები მთლიანად ან ნაწილობრივ ტოვებენ ერაყს, პოლიტიკურ კეკლუცობას უწოდებს საპარლამენტო ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” წევრი მამუკა კაციტაძე:

[მამუკა კაციტაძის ხმა] “უნდა ვიღაცას რაღაცა დაუმტკიცოს, რომ ნახეთ, ჩვენ რა მაგრები ვართ! - მაშინ როცა, არაფრით არ ჩამოგვივარდება, თუ არ გვისწრებს ჩვენ უკრაინა, რომელმაც კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო და მან გაარიდა თავისი კონტინგენტი ამ ზონას, იმდენად, რამდენადაც ჰქონდა საკმაოდ სერიოზული დანაკარგები.”(სტილი დაცულია)

საქართველოს მოსახლეობის შეხედულება კი ერაყში ქართული მისიის გაზრდის აუცილებლობაზე ორად იყოფა, რასაც რადიო “თავისუფლების” მიერ თბილისის ქუჩებში ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.

[გოგონას ხმა] “საშიშია, ძალიან მეშინია. ჩემი ახლობელია წასული[ერაყში] და ძალიან მეშინია.”

[მამაკაცის ხმა] “იქ ნებაყოფლობით მიდიან. კაცმა იცის, რაზე მიდის, ხო ასეა? ალბათ, ქვეყნისთვის ეს კარგია.”

ის, რომ ერაყში სიცოცხლის რისკის საფრთხე მაღალია, ამას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც აღიარებენ, თუმცა იქვე მიუთითებენ ამ ნაბიჯის დადებით მხარეებზე. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ჩვენს რადიოს უთხრა, ერაყში სამშვიდობო ქვედანაყოფის გაორმაგება პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის მთავარი მიზნის მიღწევას – ნატოში გაწევრიანებას:

[დავით კეზერაშვილის ხმა] “თუ ჩვენ სერიოზულად გვინდა გავხდეთ ამ ალიანსის წევრები, ბუნებრივია, ჩვენ, გარკვეულწილად, უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და ვიმუშაოთ ისე, როგორც მუშაობენ ალიანსის წევრი ქვეყნები.”(სტილი დაცულია)

თავად ერაყში მყოფი ქართველი სამხედროები აცხადებენ, რომ ისინი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე “ცხელ წერტილში” დასავლეთის ქვეყნების სამხედრო ძალებთან ოპერატიულ თავსებადობას ეუფლებიან და ღებულობენ გამოცდილებას, რაც მათ სხვა სამშვიდობო ამოცანების შესრულებაში დაეხმარებათ. ერაყში ყოფნით ჩვენ საკუთარი ხალხის მშვიდობასაც ვიცავთო, უთხრა რადიო “თავისუფლებას” ქართული ქვედანაყოფის შტაბის უფროსმა მაიორმა ზაზა ქვარაიამ:

[ზაზა ქვარაიას ხმა] “რა თქმა უნდა, იმას აძლევს საქართველოს, რომ ჩვენ შევძლოთ საბოლოოდ, რომ ეს რეგიონი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი ამ ხალხისთვის, ვინც გაერთიანებული ვართ კოალიციაში, მშვიდობიანი იყოს. რომ შეძლოს ამ[ერაყელმა] ხალხმა ნორმალურ სისტემაში ჩადგომა და ცხოვრების გაგრძელება. ეს პირდაპირ ჩვენზეც მოქმედებს, ეს ამოცანა ჩვენთვის განსაზღვრავს ჩვენს კეთილდღეობას იმავე საქართველოში.”(სტილი დაცულია)


მთელი 4 წლის განმავლობაში, რაც ქართული ქვედანაყოფი სამშვიდობო მისიით ერაყში, კოალიციის რიგებში, იმყოფება, იქ არც ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე არ დაღუპულა. ზოგი ამას ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს მიაწერს, ზოგი შემთხვევითობას, ქართული კონტინგენტის სამხედრო მოძღვარი მამა გაბრიელი კი ამას ღვთის განგებით ხსნის.

[მამა გაბრიელის ხმა] “ მადლია და წყალობა არის! მშვიდობიანად ვართ ჯერჯერობით, ძალიან ისეთი მდგომარეობა არის, რა თქმა უნდა, რადგან ეს ცხელი წერტილი არის, მაგრამ ახლა ჯერჯერობით არაფერი საშიში არ ხდება. ეკლესია გავაკეთეთ აქ ღმერთის წყალობით და აქ ვლოცულობთ, ბაზაზე, და როდესაც გადაადგილება იქნება [ქვედანაყოფის], მეც გადავადგილდები.”(სტილი დაცულია)

მართლმადიდებელი მღვდელთმსახური, რომელიც, ეკლესიის დავალებით, ქართულ ბრიგადას ალ კუდში გაჰყვა, ადგილობრივ მუსულმანებს კეთილგანწყობილ ადამიანებად ახასიათებს:

[მამა გაბრიელის ხმა] “პირიქით, აქ არაბებიც არიან და თბილი ურთიერთობა გვაქვს მათთან, ვინც ბაზაზე არიან. მაგრამ ვაპირებთ აქაურ შეიხებს და ადგილობრივ სასულიერო პირებსაც შევხვდეთ, რომ ავუხსნათ, თუ რისთვის ვართ ჩამოსული ქართველები, რომ ჩვენ არ ვართ დამპყრობლები და რომ მშვიდობიანი მისია გვაკისრია, რომ ჩვენზე ცუდი არ იფიქრონ და თავისი რისხვა არ გამოხატონ.“ (სტილი დაცულია)


2000 კაციანი ქართული ბრიგადა ალ კუდში აქტიური მომზადების ფაზას მალე დაასრულებს, რის შემდეგაც ქვედანაყოფი ბატალიონებად დაიყოფა და მთელი ვასიტის პროვინციის მასშტაბით შეუდგება ახალი მისიის შესრულებას. ეს არის საკონტროლო გამშვები პუნქტების ორგანიზება, ტვირთების შემოწმება, პატრულირება და ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერა. როგორც ბრიგადის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, ქართულ კონტინგენტს დაეკისრება აგრეთვე იარაღისა და საბრძოლო მასალების კონტრაბანდის აღკვეთა ერაყ-ირანის საზღვარზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG