Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


გამოსული ქართული ბეჭდური მედიის ყურადღების ცენტრში კვლავაც რჩება გორში ჩატარებული სპეცოპერაციის

პოლიტიკური შედეგების შეფასება. „კირკიტაძისგუნდელ გუბერნატორს ოქრუაშვილისგუნდელი გამგებელი დაუპირისპირდება“ - პუბლიკაციაში, ძირითადად, შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, მიხეილ ქარელის, სამომავლო გეგმებზეა საუბარი. კერძოდ, ქარელმა გააკეთა განცხადება, რომ იგი გორის რაიონის გამგებლის თანამდებობისთვის იბრძოლებს და ბოლომდე ირაკლი ოქრუაშვილის გვერდით იქნება. როგორც გაზეთი იუწყება, კანონმდებლობით, რაიონის გამგებელს საკრებულო ირჩევს. გორის საკრებულოს უმრავლესობა კი მხარს ექს-გუბერნატორს უჭერს. ასე რომ, ქარელს დიდი შანსი აქვს გახდეს გორის რაიონის გამგებელი. თუმცა როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს „რეზონანსის“ ფურცლებზე, მსგავსი განცხადებით ქარელი ზრდის იმის შანსს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

გაზეთ „ახალი თაობის“ შეფასებით კი, ოქრუაშვილი სააკაშვილის გზით მიდის, ანუ პრეზიდენტი თავისსავე დაგებულ ხაფანგში ებმება: „ როგორც თავის დროზე მან გამოიყენა მასები გაპრეზიდენტებისათვის, ასევე მოიქცევა ოქრუაშვილიც. ის გრძნობს, რომ ხალხში ზიზღი და შურისძიების წყურვილი არ დამცხრალა. ხალხს ხომ პროლეტარობას სააკაშვილი ასწავლიდა. ასე რომ, იყოს სურვილი, სისხლის დაღვრა ძნელი არ იქნება, რაშიც არა სააკაშვილი ან ოქრუაშვილი, არამედ ისევ საზოგადოება - ბოღმით, დაბნეულობითა და იმედგაცრუებით სავსე ხალხი - იქნება დამნაშავე. ერთიც და მეორე პოლიტიკოსიც მათი ნაშობ–აღზევებულია,“ - წაიკითხავთ გაზეთში „ახალი თაობა“.

საკადრო სპეცოპერაცია გორში და მისგან გამომდინარე პროცესები აისახა გაზეთ“ 24 საათშიც“, თუმცა მისი მოწინავე სტატია ქართული გაზისა და ნავთობის ექსპლუატაციის თემას შეეხება. სტატიის თანახმად, წინასწარი შეფასებით, საქართველოშო 100 მილიარდი კუბური მეტრი გაზისა და 600 მილიონი ტონა ნავთობის რესურსი არსებობს. ექსპერტთა თქმით, გაზის ადგილობრივი მარაგი ამჟამად არსებული მოხმარების პირობებში დაახლოებით 50 წლის განმავლობაში გვეყოფა. საკუთარი გაზით კომუნალური მოხმარების დაკმაყოფილების ამბიცია ხელისუფლებას გასულ წელს გაუჩნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს გეგმა დღესაც შორეული პერსპექტივაა, შენიშნავს ”24 საათი”, რომლის პუბლიკაციის მიხედვით, ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანიების მთელი ბიზნესი ის არის, რომ ისინი საკუთარ აქციებს თავიანთთვის ხელსაყრელ დროს მომგებიან ფასში ყიდულობენ და ყიდიან, რაც თამაშის მიღებული და ცნობილი მეთოდია, თუმცა მას ნავთობისა და გაზის მოპოვებასთან საერთო არაფერი აქვს.

„ზამთრისათვის გაზის მიწოდების კვოტები ჯერაც გაურკვეველია, წლეულს შემოდგომაზეც შარშანდელი სცენარი განმეორდება და კვლავ რუსული გაზის იმედად დავრჩებით,“ – იუწყება გაზეთი „რეზონანსი.“ გაზეთის თანახმად, ქვეყანას თურქეთის კვოტიდან დაპირებული 800 მილიონი კუბური მეტრი იაფი გაზი წაადგებოდა, მაგრამ ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმება არ შედგა. სპეციალისტები თურქეთთან მოლაპარაკებების ჩაშლას ქართველი ენერგეტიკოსების არაკომპეტენტურობას მიაწერენ. რაც შეეხება სხვა ალტერნატიულ წყაროებს, „ირანული გაზის შემოტანა პოლიტიკურად გაუმართლებლად განიხილება, ყაზახური გაზი კი კრემლის კლანჭებშია და ამიტომ საქართველოსთვის მიუღწეველია. რაც შეეხება აზერბაიჯანს, კორპორაციაში ამბობენ, რომ ამ ქვეყანასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ჯერჯერობით გარკვეული არაფერია.“ „რეზონანსის“ მიხედვით, აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს ენერგეტიკის ამჟამინდელი მინისტრი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი ალეკო ხეთაგური აწარმოებდა. მისი თანამდებობრივი გადაადგილების შემდეგ ეს პროცესი დროებით შეჩერებულია. ამდენად, ამ ეტაპზე ბუნებრივი აირის ერთადერთ წყაროდ საქართველოსთვის რეალურად მხოლოდ რუსეთი განიხილება.
XS
SM
MD
LG