Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კავკასია - დენთის კასრზე?


გასულ კვირაში საქართველოს

შეიარაღებული ძალების რიცხოვნების 4 ათასი კაცით გაზრდამ ქვეყნის შიგნით დიდი კამათი გამოიწვია. ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლება მილიტარისტულ კურსს ადგას, ხელისუფლება კი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ მხოლოდ ჩამორჩენის აღმოფხვრას ცდილობს და უთითებს სომხეთსა და აზერბაიჯანზე, რომლებიც ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის რაოდენობით ბევრად აჭარბებენ საქართველოს. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ავტორიტეტულმა გამოცემამ “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა” გამოაქვეყნა ანალიტიკური პუბლიკაციები, სადაც სამხრეთ კავკასიაში გამალებულ შეიარაღებაზეა ლაპარაკი. პუბლიკაციების თანახმად, საქართველო საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება.


სამხრეთ კავკასიაში, შეიარაღებისა და არმიის რიცხოვნების მხრივ, აზერბაიჯანი ლიდერობს. ქვეყანა ყველა პარამეტრით ამეტებს კვოტებს, რომელიც დადგენილია ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ადაპტირებული ხელშეკრულებით, - ნათქვამია “ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” პუბლიკაციაში. ანუ აზერბაიჯანს, ჯამში, აქვს 440 საბრძოლო მანქანასა და ტანკზე, 285 საარტილერიო სისტემაზე, 100 საბრძოლო თვითმფრინავსა და 50 შემტევ ვერტმფრენზე მეტი. აზერბაიჯანის წლიური ბიუჯეტიც ყველაზე მაღალია რეგიონში: წელს ქვეყანა შეიარაღებულ ძალებზე 900 მილიონ დოლარზე მეტს დახარჯავს. აზერბაიჯანელი სამხედრო ანალიტიკოსის აზად ისაზადეს თქმით, აზერბაიჯანში არ არსებობს სამოქალაქო კონტროლის ინსტიტუტი, რის გამოც იმალება ბევრი მონაცემი საბრძოლო ტექნიკის შესყიდვების შესახებ. თუმცა აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები საჯარო საუბრებში არ მალავენ, თუ რა იწვევს ქვეყნის გამალებულ შეიარაღებას.

[აზად ისაზადეს ხმა] “აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ, რომელთან შეხების მთელ ხაზზე ჩვენ იძულებულნი ვართ საბრძოლო მზადყოფნაში შევინარჩუნოთ სამხედრო ძალა. შესაბამისად, ნებისმიერი გაზრდა ბიუჯეტისა მიდის მოწინააღმდეგის შეხების ხაზზე მყოფი არმიის გასაძლიერებლად. და არაერთგზის ყველაზე მაღალ დონეზეც თქმულა, რომ თუ მშვიდობიანი გზით არ მოხერხდება მოლაპარაკება, მაშინ აზერბაიჯანი იძულებული იქნება ძალით დაიბრუნოს საკუთარი ტერიტორიები. “

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის მეორე ქვეყანას, სომხეთს, მისი ბიუჯეტი 4-ჯერ ჩამორჩება აზერბაიჯანისას. სომხეთი თავის შეიარაღებულ ძალებზე წელს მხოლოდ 271 მილიონ დოლარს დახარჯავს. მძიმე საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების მხრივაც სომხეთი უფრო მოკრძალებულად გამოიყურება აზერბაიჯანზე. საერთაშორისო დონეზე სომხეთს განცხადებული აქვს 110 ტანკი, 16 სამხედრო თვითმფრინავი, 16 საბრძოლო ვერტმფრენი, 140 ჯავშანმანქანა და 229 საარტილერიო სისტემა, თუმცა, როგორც დამოუკიდებელი სომეხი ანალიტიკოსი დავიდ პეტროსიანი ამბობს, სომხეთის სამხედრო სიძლიერის ამ ციფრების მიხედვით შეფასება არასწორი იქნებოდა:

[დავიდ პეტროსიანის ხმა] “სომხეთი სულ სხვა გზით მიდის და ეს ასე იყო ომის დროსაც. აზერბაიჯანს ჰქონდა უპირატესობა ჰაერში, რადგან სომხეთს მაშინ არ გააჩნდა არავითარი ავიაცია. მაგრამ სომხეთმა შეინარჩუნა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ის სისტემები, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან დარჩა. და ომის დროს ისინი წარმატებით გამოიყენეს. აზერბაიჯანის 20-ზე მეტი სამხედრო თვითმრინავი იქნა ჩამოგდებული. სომხეთს კარგად ესმის, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა ყოველთვის უფრო იაფი ღირს, ვიდრე სამხედრო საჰაერო ძალები. სომხეთის ტერიტორიაზე არის ასევე ულტრათანამედროვე ს-300 ტიპის საჰაერო დაცვის კომპლექსი, მაგრამ ეს უკვე რუსეთის ბაზის კუთვნილებაა. ასე რომ, სომხეთის სისტემები არ არის ახალი, მაგრამ რაკი ისინი საბრძოლო მდგომარეობაში ინახება, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია.”


ავტორიტეტული ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის - “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” - თანახმად, სამხრეთ კავკასიის ყოველ მილიონ მცხოვრებზე 75 ტანკი და 85 საარტილერიო დანადგარი მოდის. ამას ემატება თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ხელთ არსებული შეიარაღება და ტექნიკა, რუსეთის სამხედრო ბაზები, სამშვიდობო ძალების აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, რაც სამხრეთ კავკასიას დენთის კასრად აქცევს. სომეხ სამხედრო ექსპერტ დავიდ პეტროსიანს კი მოჰყავს ასეთი მონაცემი:

[დავიდ პეტროსიანის ხმა] “ მე შემიძლია ვთქვა, რომ მძიმე შეიარაღების რაოდენობა, სამხრეთ კავკასიის რეგიონის ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, გაცილებით მეტია, ვიდრე თურქეთსა და ირანში, ანუ იმ ქვეყნებში, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრებიან სამხრეთ კავკასიას. ანუ ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად მილიტარიზებული რეგიონია მსოფლიოში.”

სომეხი ანალიტიკოსი შიშობს, რომ ეს ტენდენცია, შესაძლოა, კიდევ უფრო გაძლიერდეს მას შემდეგ, რაც რუსეთი ცალმხრივად გამოვიდა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებიდან, რადგან ამ ხელშეკრულებით დადგენილი ნორმების დაცვა, შესაძლოა, სხვა ქვეყნებმაც უგულებელყონ, რომლებიც აქამდეც არ იცავდნენ მის ყველა მოთხოვნას.


[დავიდ პეტროსიანი] “ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმება ადგენს არა მხოლოდ კვოტებს, იგი ასევე ადგენს კონტროლს აქტიურობაზე. ანუ ხელშეკრულებაში მონაწილე ქვეყნებმა წინასწარ უნდა აცნობონ მანევრებისა და სამხედრო სწავლებების ჩატარება, რომლებიც საბრძოლო სროლებით წარმოებს; მსხვილი სამხედრო შენაერთების გადაადგილება და ასე შემდეგ. და ერთ-ერთი პრობლემა ისიცაა, რომ აქ, რეგიონში, არა მხოლოდ იარაღია ბევრი, არამედ აქ ტარდება სხვადასხვა სწავლება, მათ შორის, საბრძოლო სროლებით.”

სხვათა შორის, ევროპული კონვენციით 1990 წელს დადგენილი კვოტების რედაქტირებას ითხოვს აზერბაიჯანი, რომელსაც თითქმის იმდენივე მძიმე საბრძოლო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ყოლის უფლება აქვს, რამდენიც მოსახლეობის რაოდენობით 3-ჯერ ნაკლებ სომხეთს. ამიტომ აზერბაიჯანი რამდენადმე აჭარბებს ევროპულ კვოტებს, რის გამოც ბოლო ხანს არაერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან გაისმა კრიტიკა ბაქოს მისამართით, - ამბობს აზერბაიჯანელი ექსპერტი აზად ისაზადე:


[აზად ისაზადეს ხმა] “მე ვფიქრობ, რომ, დიახ, რა თქმა უნდა, არსებობს რეალური სიმპტომები “გამალებული შეიარაღებისა” სამხრეთ კავკასიაში. ეს უკავშირდება დაუსრულებელ კონფლიქტებს, უკავშირდება საფრთხეს, რაც მომდინარეობს რუსეთიდან, უკავშირდება შესაძლო კონფლიქტს ირანთან და ასე შემდეგ. ანუ გამალებული შეიარაღება გრძელდება სამხრეთ კავკასიის სამივე რესპუბლიკაში და აქ არის საფრთხე, რომ იარაღი, ადრე თუ გვიან, ალაპარაკდება.”

რაც შეეხება საქართველოს, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს უფლება აქვს იყოლიოს იმდენივე მძიმე ტექნიკა, რამდენიც – სომხეთმა და აზერბაიჯანმა. მაგრამ ცოცხალი ძალის მხრივ, რატომღაც საქართველოსთვის დადგინდა 40 ათასი კაცი, სომხეთისთვის კი – 60 ათასი. თანაც, საბაზისო შეთანხმებით განსაზღვრულ არათანაბარ მდგომარეობას ემატება რეალური დისბალანსიც – საქართველო მძიმე შეიარაღების მხრივაც ჩამორჩება სამხრეთ კავკასიის ორ მეზობელს და ჯერჯერობით ვერც პირადი შემადგენლობის კვოტას ავსებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რაოდენობა წლის ბოლოსთვის, დიდი-დიდი, 32 ათასი კაცი იყოს. თუმცა არის ერთი პარამეტრი, რითაც საქართველომ, შესაძლოა, იოლად დაძლიოს ჩამორჩენა – ორჯერ კორექტირებული ბიუჯეტის კანონის შედეგად, საქართველოს თავდაცვის დაფინანსება ორჯერ გაიზარდა და 800 მილიონ დოლარს მიუახლოვდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG