Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაბალის რადიოსალოკაციო სადგურის ერთობლივი გამოყენების პერსპექტივები


ხვალ, 18 სექტემბერს, აზერბაიჯანში მდებარე გაბალის




რადიოსალოკაციო სადგურის პრეზენტაციით დაიწყება საექსპერტო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს იმის დადგენას, თუ რამდენად შეიძლება ობიექტის ერთობლივი ექსპლუატაცია რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. აღნიშნული წინადადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამი თვის წინ მიუნხენის კონფერენციაზე შესთავაზა ამერიკის ხელისუფლებას, რომელიც ახალი ანტისარაკეტო კომპონენტების - მათ შორის, სარადარო სისტემის - ევროპაში განლაგებას ესწრაფვის. საინტერესოა, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს გაბალის რადიოსალოკაციო სადგურის ერთობლივ გამოყენებას.


22 წლის განმავლობაში, რაც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაბალის რადიოსალოკაციო სადგური ფუნქციონირებს, იქ პირველად დადგამენ ფეხს ამერიკელი სამხედრო ექსპერტები და დიპლომატები. 18 სექტემბერს მათ რუს და აზერბაიჯანელ ექსპერტებთან ერთად უნდა შეაფასონ გაბალის რადიოსალოკაციო სადგურის, როგორც ამერიკის ახალი ევროპული სისტემის კომპონენტის, ერთობლივი გამოყენების პერსპექტივა. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა საფარ აბიევმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თბილისში იმყოფება, ისაუბრა იმ დღის წესრიგზე, რითაც გაბალის სამხედრო ობიექტის შესწავლა მოხდება.

[საფარ აბიევის ხმა] “ ერთმანეთს ხვდებიან შეერთებული შტატების, აზერბაიჯანისა და რუსეთის დელეგაციები. რუსეთის მხარე მოახდენს გაბალის რადიოლოკაციური სადგურის პრეზენტაციას, ჩაატარებს ბრიფინგს და ამის შემდეგ დაიწყება პოლიტიკური მოლაპარაკებები.”


გაბალის რადიოსალოკაციო სადგური აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ერთადერთი სამხედრო ობიექტია, რომელსაც რუსეთის ბაზის სტატუსი აქვს. რუსეთის ფედერაცია ობიექტის ექსპლუატაციისათვის, რომელსაც 6000 კილომეტრზე შეუძლია საჰაერო თვალთვალი და აღმოჩენა, წელიწადში 7 მილიონ ლარს იხდის არენდის სახით. გაბალის რადიოსალოკაციო სადგურის ამერიკელებთან ერთობლივი ექსპლუატაციის იდეა რუსეთისგან სამი თვის წინ წამოვიდა. რუსეთმა, რომელიც ეწინააღმდეგება ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის სარადარო კომპონენტის ჩეხეთში განთავსებას, შესთავაზა ვაშინგტონს, გამოიყენოს გაბალის სადგური, რომლის თვალსაწიერში ექცევა როგორც ირანი, ასევე აზიის სხვა ქვეყნები, - განაცხადა რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში აზერბაიჯანელმა სამხედრო ექსპერტმა აზად ისაზადემ.

[აზად ისაზადეს ხმა] “თავის დროზე, როდესაც სადგური შენდებოდა, სავარაუდო მოწინააღმდეგე იყო თურქეთი, როგორც ნატოს ქვეყანა, და ირანი, რომელიც ასევე უშუალოდ ესაზღვრებოდა საბჭოთა კავშირს. სადგური მთლიანად უყურებს ირანს და შეუძლია აღმოაჩინოს ნებისმიერი ობიექტი, რომელსაც შეუძლია აფრენა, იქნება ეს რაკეტა თუ თვითმფრინავი. პლუს ამას, შეუძლია აღმოაჩინოს ნებისმიერი წყალზედა ობიექტები.“

რუსეთი მოწადინებულია, ამერიკის მხარე ერთობლივ ექსპლუატაციაზე დაითანხმოს. საკითხის ამგვარად გადაწყვეტის მომხრეა აზერბაიჯანი, რომელიც მოძველებული გაბალის რეკონსტრუქციისათვის დამატებით თანხებს მიიღებს ბიუჯეტში. სავარაუდოდ, ამერიკელები უფრო მეტად შეეცდებიან დაიცვან გარემო, რომელსაც 22 წლის განმავლობაში დიდი ზიანი მიადგაო, ამბობს აზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტი აზად ისაზადე.

[აზად ისაზადეს ხმა] “ის, გაბალის სადგური, ყოველწლიურად ძველდება, რომ არაფერი ვთქვათ იმ კოლოსალურ ეკოლოგიურ ზარალზე, რაც აზერბაიჯანის მთელ რეგიონებს ადგება.”

რუსეთის მხარე იმედოვნებს, რომ, 18 სექტემბრის სამმხრივი შეხვედრის შედეგად, საკითხი წერტილიდან დაიძვრება. თუმცა რუსი სამხედრო ექსპერტი ალექსანდრ გოლცი სკეპტიკურად არის განწყობილი:

[ალექსანდრ გოლცის ხმა] “არავითარი შედეგი ამ შეხვედრას არ ექნება. ეს არის მხოლოდ ექსპერტების შეხვედრა, რომელიც რაიმე დოკუმენტის მიღებას არ ითვალისწინებს.”

გაბალის რადიოსალოკაციო სადგურს სამხედრო თვალსაზრისით არაპერსპექტიულს უწოდებს აზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტი აზად ისაზადე:

[აზად ისაზადეს ხმა] “ იმ ტერიტორიას, რომელსაც გაბალის რადიოსალოკაციო სადგური ფარავს, - ფაქტობრივად, ამავე ტერიტორიას, - კოსმოსიდან ამერიკული თანამგზავრებიც ფარავენ, რის გამოც იგი დიდ ფასეულობას ასევე არ წარმოადგენს. “

შეერთებული შტატები ჯერჯერობით თავს იკავებს ნაადრევი დასკვნებისაგან. თუმცა ცოტა ხნის წინ ამერიკის სარაკეტო ძალების სარდალმა ჰენრი ობერინგმა განაცხადა, რომ გაბალის რადიოსალოკაციო სადგურის ერთობლივი ექსპლუატაციის საკითხი დღის წესრიგიდან არ ხსნის ევროპაში ახალი ამერიკული ანტისარაკეტო ფარის მშენებლობის იდეას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG