Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აპირებს თუ არა ხელისუფლება არაგვის გაყიდვას


საქართველოს ლეიობორისტული პარტიის მტკიცებით, ხელისუფლება მდინარე არაგვის უცხოელი

ინვესტორისათვის მიყიდვას აპირებს. შალვა ნათელაშვილი ამტკიცებს, რომ მდინარესთან ერთად იყიდება ჟინვალის წყალსაცავი და თბილისის წყალმომარაგების სისტემა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ირკვევა, რომ მდინარის ან მდინარის აუზის გასაყიდად არ არსებობს საკნონმდებლო ბაზა.


რეფორმების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ჯერ კიდევ შარშან მოამზადა კონცეფცია “წყლის რესურსების მართვის შესახებ”, რომელიც მდინარეების აუზებისა და ტბების 49-წლიანი იჯარით გაცემას გულისხმობს. კონცეფციის ბაზაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი “წყლის რესურსების მართვის შესახებ”. კანონპროექტზე მუშაობისას პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ედუარდ სურმანიძემ გამოთქვა იმედი, რომ, მდინარეთა აუზების გრძელვადიანი იჯარით გაცემის შედეგად, მოიჯარესთან ერთად საქართველოს თითოეული მოქალაქეც იხეირებს:

[ედვარდ სურმანიძის ხმა] „უნდა გავზარდოთ ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული სარგებლობა და, ამავე დროს, გავუჩინოთ ბუნებას პატრონი, რათა მოუაროს და დაიცვას ტბები და მდინარეები დაბინძურებისგან, ტყეები გაჩეხისგან. საჭიროა დამატებითი ინვესტიციები ამ სფეროში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს პროექტი.“

თუმცა იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა გაურკვეველი ვადით გადადო, მდინარეების აუზების გაყიდვასა და გრძელვადიანი იჯარით გაცემაზე ლაპარაკიც შეწყდა. დუმილი სულ ახლახან ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა დაარღვია:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] „ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს გაყიდოს „დედა მდინარე“, „დედა არაგვი“ - მყინვარწვერიდან დაწყებული, ონკანებამდე; შემოიყვანოს უცხოელი ინვესტორი და ყოველთვიურად გაზარდოს იმ წყლის გადასახადი, რომელსაც ღმერთი დღემდე უფასოდ აძლევდა ქართველ ხალხს. ჩვენ, აი, ამ წმინდა ადგილიდან ვუცხადებთ სამარცხვინო პრეზიდენტს, რომ თუ გაყიდა არაგვი, მიიღებს არაგვულ რევოლუციას.“

საპარლამენტო უმრავლესობაში კი დარწმუნებულები არიან, რომ საქმე რევოლუციამდე არ მივა. დეპუტატი შოთა გვენეტაძე ამბობს, რომ მდინარის გაყიდვა პრინციპულადაა შეუძლებელი:

[შოთა გვენეტაძის ხმა] „მსგავსი არანაირი საკანონმდებლო ბაზა არ არის, რომ მდინარე გაიყიდოს. ეს არ არის კერძო საკუთრების ობიექტი - როგორც მდინარე, ასევე მდინარისპირა ტერიტორიები.“

არაგვის გაყიდვის შესაძლებლობას გამორიცხავს მთავრობის საპარლამენტო მდივანიც. მეტიც, გია ხუროშვილი ამბობს, რომ, მდინარის მსგავსად, არ გაიყიდება ჟინვალის წყალსაცავიც, საიდანაც თბილისი სასმელი წყლით მარაგდება.

[გია ხუროშვილის ხმა] „ჟინვალის წყალსაცავი თუკი ექცევა სანიტარულ ზოლში და ის ექცევა, მისი პრივატიზება არ მოხდება. მე ვფიქრობ, რომ ცოტა გადაჭარბებულია მოჭარბებულ ემოციურ ფონზე გაკეთებული ეს განცხადებები და მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ხელისუფლება იღებს, არის კარგად გააზრებული.“ (სტილი დაცულია)

გია ხუროშვილისაგან განსხვავებით, ლეიბორისტული პარტიის ლიდერებს არ სჯერათ, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილების მიღებისას კანონითა და რიგითი თბილისელების ინტერესებით იხელმძღვანელებს. იოსებ შატბერაშვილი, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი, ამბობს, რომ ჟინვალის წყალსაცავისა და მუნიციპალური საწარმოს, „თბილისის წყლის“ ,
გაყიდვის შემდეგ, თბილისელებს ათ ლარამდე გაძვირებული წყალიც კი სანატრელი ექნებათ:

[იოსებ შატბერაშვილის ხმა] „ჩვენთვის ცნობილი გახდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ არაბები შესყიდვის შემდეგ აპირებენ პირდაპირი მილის გაყვანას ჟინვალიდან კუვეიტამდე და არაბული ქვეყნების მტკნარი წყლით მომარაგებას.“

თუმცა ლეიბორისტების მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია დღის განმავლობაში უკომენტაროდ დატოვა თბილისის მერიამ, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება მუნიციპალური საწარმო „თბილისი წყალი“.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG