Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რის გამო დაიჭირეს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული მიხეილ ქარელი


გუშინ, 23 სექტემბერს, გამთენიისას დაკავებულ პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს შიდა ქართლის

რეგიონში, მიხეილ ქარელს, სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალი ედება სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო ჩარევასა და ქრთამის აღებაში. მმართველი პოლიტიკური ძალა ამას კორუფციასთან ბრძოლას უწოდებს, მაშინ როდესაც ოპოზიციის ერთი ნაწილი პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობს,მეორე ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ მიხეილ ქარელი შიდაკლანურ ბრძოლას შეეწირა. რის გამო დაიჭირეს, სინამდვილეში, პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული?

საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული შიდა ქართლის რეგიონში, ხოლო ამჟამად ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ქარელი კვირას, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. იგი სტამბულში გაფრენას აპირებდა. კვირასვე საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ ის მიზეზები ჩამოთვალა, რის გამოც დააკავეს მიხეილ ქარელი:

[ნიკა გვარამიას ხმა] ”საზღვრის გადაკვეთისას, ქვეყნის დატოვებისა და მიმალვის მცდელობის დროს, დაკავებული იქნა შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ ქარელი. მას ბრალი წაეყენა სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე და 338-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.”

თბილისის საქალაქო სასამართლომ კვირასვე მიხეილ ქარელს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა იმ მოტივით, რომ, გირაოთი ქარელის გათავისუფლების შემთხვევეაში, ის ზეგავლენას მოახდენდა მოწმეებზე. ყოფილი გუბერნატორის ადვოკატის ტარიელ ჩოჩიშვილის განცხადებით, ქარელი უმიზეზოდ დააპატიმრეს:

[ტარიელ ჩოჩიშვილის ხმა] ”არასწორი ფორმულირება პროცესუალური დოკუმენტაციისა პრაქტიკაში იშვიათად შეგხვდებათ ხოლმე. არ არსებობდა ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის საფუძველი.”(სტილი დაცულია)

პროკურატურამ მიხეილ ქარელის მიერ ჩადენილი დანაშაულის საილუსტრაციოდ მოწმეთა ჩვენებები გამოაქვეყნა. თავდაპირველად, ფრაგმენტი ხილის გადამამუშავებელი საწარმოს, ”გორკონის”, ყოფილი დირექტორის, ივანე გოგლიძის, ჩვენებიდან:

[ივანე გოგლიძის ხმა] ”მიხეილ ქარელი და პაპუნაშვილი ერთად ამოვიდნენ ქარხანაში... შევედით იქვე, ცეხში, მივეცი ეს 10 ათასი, ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ.”

ივანე გოგლიძემ გორის ყოფილი გამგებელი ნუგზარ პაპუნაშვილი ახსენა. გასულ კვირას ისიც გოგლიძესთან ერთად დააკავეს.

[ნუგზარ პაპუნაშვილის ხმა] ”ეს თანხა მე მთლიანად გადავეცი მიშა ქარელს და ერთად ვიყავით წასული ჩინეთში და გაიხარჯა ამ მივლინებაში.”(სტილი დაცულია)

ეს არის ერთი ფაქტი გამოძიების მიერ მოძიებული მასალებიდან, რომლებიც მიხეილ ქარელის დაპატიმრების საფუძველი გახდა.

მიხეილ ქარელის პოლიტიკურ თანამოაზრეებს ირაკლი ოქრუაშვილის ჯერჯერობით უსახელო პარტიიდან მიაჩნიათ, რომ მათი თანაგუნდელი პოლიტიკური შეხედულებების გამო დააკავეს, თუმცა კი თავს იკავებენ ოფიციალური განცხადებების გაკეთებისგან. საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილის - მათ შორის, ”ახალი მემარჯვენეების” - აზრით, მიხეილ ქარელის დაკავება შიდაკლანური ბრძოლის შედეგია და მას საერთო არაფერი აქვს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან. ”ახალი მამარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის, კომენტარი:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ”პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ თურმე დღენიადაგ იბრძოდა და აფრთხილებდა გუბერნატორ ქარელს. ეს არის, რა თქმა უნდა, თითიდან გამოწოვილი და მოგონილი იმ დროისთვის, როცა მათ დასჭირდათ შიდაკლანურ დაპირისპირებაში ამ ადამიანებთან დაპირისპირება და ბრძოლა.”(სტილი დაცულია)

ფიქრია ჩიხრაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც შიდა ქართლში ირაკლი ოქრუაშვილის კლანის უკანონო საქმიანობაზე ალაპარაკდა. ეს იყო 2 წლის წინ. მაგრამ მაშინ მმართველი პოლიტიკური ძალა ირაკლი ოქრუაშვილს, მიხეილ ქარელსა და შიდა ქართლის ადმინისტრაციას სამაგალითოებს უწოდებდა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას, განცხადებით, ნებისმიერი პირი პასუხისგებაში უნდა მიეცეს მაშინ, როდესაც მტკიცებულებები არსებობს:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”ამ რეგიონში პრობლემები რომ იყო, ეს არ არის სიახლე, სამწუხაროდ. ორი წლის წინ განხორციელდა პირველი საკმაოდ მასშტაბური ოპერაცია, ანტიკორუფციული. სამწუხაროდ, ამ ოპერაციიდან თანამდებობის ზოგიერთმა პირმა დასკვნები არ გამოიტანა. და, უფრო მეტიც, როგორც ჩანს, პოლიტიკური გაუცხოების მიზეზი გახდა ეს ოპერაცია.”(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG