Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად სახეშეცვლილია რუსეთის ახალი მთავრობა


რუსეთის ძველსა და ახალ მთავრობებს მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი განასხვავებს. როგორც ჩანს, რუსეთის მთავრობის ახალი შემადგენლობის შერჩევისას

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უპირატესობა სტაბილურობას მისცა და რადიკალურ ცვლილებებს მოერიდა.

პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა ორშაბათ ღამით დაასახელა და ამით დაასრულა ექსპერტების მსჯელობისა და ვარაუდების საკმაოდ ხანგრძლივი ეტაპი. უკვე დაკომპლექტდა მთავრობა, რომელმაც რუსეთი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა მიიყვანოს.

სამთავრობო ცვლილებები, რომლებიც კოსმეტიკურ სახეს უფრო ატარებს, 12 დღის შემდეგ მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის მოულოდნელ გადაწყვეტილებას. მართლაც, ბევრისთვის სიურპრიზი იყო ის, რომ პრეზიდენტმა 12 სექტემბერს პრემიერ-მინისტრის პოსტზე არა თავდაცვის ყოფილი მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის სერგეი ივანოვის, არამედ საფინანსო მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ ზუბკოვის კანდიდატურა დაასახელა. იმავე დღეს, ოდნავ უფრო ადრე, ვლადიმირ პუტინმა დააკმაყოფილა მიხაილ ფრადკოვის განცხადება გადადგომის შესახებ და, შესაბამისად, დაითხოვა მთელი მისი მთავრობა. ორშაბათ ღამით კი პრეზიდენტმა ქვეყნის მოქალაქეებს მინისტრთა ახალი კაბინეტი ტელევიზიით გააცნო:

(პუტინის ხმა) "დიდი იმედი მაქვს, რომ მთავრობის ახალი თავმჯდომარის ვიქტორ ზუბკოვის ხელმძღვანელობით, რუსეთის ფედერაციის მთავრობის შემადგენლობა ძალიან შეუპოვრად შეეცდება შეასრულოს ამოცანები, რომლებიც ჩვენ პარლამენტის დეპუტატებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ როგორც ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ამოცანები."

პოსტები შეინარჩუნეს სერგეი ივანოვმა და დმიტრი მედვედევმა – პრემიერ-მინისტრის ორმა პირველმა მოადგილემ. მათ ექსპერტები პრეზიდენტ პუტინის რეალურ მემკვიდრეებად აღიქვამენ.

თავის ძველ ადგილას დარჩა ფინანსთა მინისტრიც – ალექსეი კურდინი, თუმცა ის ამიერიდან პრემიერ-მინისტრის მოადგილის ფუნქციასაც შეითავსებს. ცვლილებები არ შეხებია მთავრობის თავმჯდომარის სხვა ორ მოადგილეს - სერგეი ნარიშკინსა და ალექსანდრ ჟუკოვს. თავდაცვის მინისტრის პოსტზე დარჩა ანატოლი სერდიუკოვი, მიუხედავად სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტისა. საქმე ისაა, რომ პრემიერ-მინისტრი ზუბკოვი მისი სიმამრია.

მარტივი არითმეტიკით თუ ვიმსჯელებთ, სამთავრობო ცვლილებები მინისტრთა კაბინეტის მხოლოდ 3 წევრს შეეხო: გერმან გრეფს – ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრს, მიხაილ ზურაბოვს – ჯანდაცვის მინისტრსა და ვლადიმირ იაკოვლევს – რეგიონალური განვითარების მინისტრს.

პოლიტიკური ანალიტიკოსი სტანისლავ ბელკოვსკი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი პუტინი, მინისტრების ძირითადი შემადგენლობის დატოვებით, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მომლოდინე რუსეთში სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობს. თუმცა აქვე ჩნდება შეკითხვა - რატომ გადატყდა ჯოხი მხოლოდ სამ მინისტრზე? მოსკოველ ექსპერტს, პოლიტიკურ ანალიტიკოს დმიტრი ორეშკინს, ასეთი პასუხი აქვს:

(ორეშკინის ხმა) "ისინი პასუხისმგებლები იყვნენ სფეროებზე, რომლებიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ამომრჩეველთა ინტერესებთან. ესენია: საბინაო-კომუნალური მეურნეობა, ჯანმრთელობის დაცვა, მედიკამენტებით მომარაგება და ეკონომიკა. ძნელია ამ ცვლილებას დაარქვა სხვა სახელი, თუ არა – წინასაარჩევნო მსხვერპლი."

გამოცვლილი სამი მინისტრით მართლაც უკმაყოფილოა როგორც ხალხი, ასევე მემარცხენე პოლიტიკოსები. გერმან გრეფი ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის პოსტზე მისმა ყოფილმა მოადგილემ ელვირა ნაბიულინამ შეცვალა. ასევე ქალია ჯანდაცვის ახალი მინისტრი - ტატიანა გოლიკოვა მანამდე ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო და მისი წინ წამოწევით კაბინეტში მხარი გაუმაგრეს ფინანსთა მინისტრს. ამასთან, გოლიკოვა ინდუსტრიისა და ენერგეტიკის მინისტრის ვიქტორ ხრისტენკოს მეუღლეა. რაც შეეხება რეგიონალური განვითარების ახალ მინისტრს, ის დმიტრი კოზაკია - ქვეყნის სამხრეთ რეგიონში პრეზიდენტის ყოფილი წარმომადგენელი, რომელიც ასევე გავლენიანი ფიგურა იყო ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG