Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზადდებოდა თუ არა სამხრეთ ოსეთის სამხედრო გზით დაბრუნება ოქრუაშვილის მინისტრობისას


25 სექტემბერს თავის სენსაციურ ტელეაღიარებაში ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა, რომ სააკაშვილის უკანონობებზე ის თვალს ხუჭავდა ერთადერთი მიზეზით:

სწამდა, რომ შეძლებდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას, რაც მან პრეზიდენტის გაუბედაობის გამო ვერ განახორციელა. თუმცა სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ, საქართველოს პრეზიდენტის გარდა, სამხედრო გზით ერთ-ერთი გაყინული კონფლიქტის მოგვარების გეგმას საშიშ ავანტიურად თვლიდნენ მაღალი რანგის სამხედრო პირები, რომლებიც თავის დროზე ირაკლი ოქრუაშვილმა სამხედრო უწყებას სწორედ ასეთი მოხსენებების გამო ჩამოაშორა.


გადამდგარი მაიორი ზვიად ჩხაიძე, სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2005 წლის გაზაფხულზე დაითხოვეს. მალე მისი ბედი გაიზიარა დაზვერვის ყველა მაღალჩინოსანმა, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ წარმოედგინათ სპეციალური ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შექმნილი ოპერატიული მდგომარეობის, იქ განლაგებული ძალებისა და საშუალებების შესახებ. ზვიად ჩხაიძე ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ძალიან გაანაწყენა მზვერავების მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ, რომელიც მოწმობდა, რომ სამხრეთ ოსეთში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის სამხედრო გეგმა მეტად საშიში ავანტიურა იყო.

[ზვიად ჩხაიძის ხმა]

ირაკლი ოქრუაშვილმა დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელობა თანამდებობიდან დაითხოვა. პოსტები სულ მალე დაატოვებინეს შეიარაღებული ძალების მთელ ხელმძღვანელობას, გარდა გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის პოლკოვნიკ ლევან ნიკოლეიშვილისა, რომელიც ახლაც ირაკლი ოქრუაშვილის გვერდითაა. ლევან ნიკოლეიშვილთან ჩვენ ვცადეთ ახალი პარტიის ოფისში დაკავშირება, რათა გვეკითხა, არსებობდა თუ არა ცხინვალის დაბრუნების სამხედრო გეგმა და რა მიზეზებით ითქვა მასზე უარი – პოლიტიკური მიზანშეწონილობის თუ არარეალისტურობის გამო. ლევან ნიკოლეიშვილმა ამ შეკითხვაზე პასუხისთვის დრო ითხოვა და შემდეგ მობილური გამორთო. თუმცა ასეთი გეგმა რომ არსებობდა, ამას რამდენიმე ფაქტი მეტყველებს. 2 წლის წინ, ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანებით, საბრძოლო ტექნიკითა და შეიარაღებით გაძლიერდა გორში დისლოცირებული სატანკო ბრიგადა. გორშივე იქნა გადატანილი 2006 წელს ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალი, რომელსაც, გეგმის თანახმად, ბრძოლის ველზე დაჭრილები უნდა მიეღო, როდესაც სამხედრო მოქმედება დაიწყებოდა. ამაზე თავის დროზე, სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით, ბევრს წერდა “კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი. ჟურნალისტი დღესაც მიიჩნევს, რომ რაოდენ კეთილშობილურიც უნდა ყოფილიყო ოქრუაშვილის სურვილი, ცხინვალის აღება საქართველოს ახალ საშიშ სამხედრო ავანტიურაში ჩაითრევდა.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა]

ჟურნალისტ ირაკლი ალადაშვილის ვარაუდით, ალტერნატიული გზებით მიღებული ინფორმაციების შედეგად, რაც ასეთი სამხედრო გეგმის უპერსპექტივობაზე მიუთითებდა, საქართველოს პრეზიდენტმა უარი თქვა სამხედრო ოპერაციაზე ცხინვალის მიმართულებით. ამ ვარაუდს იზიარებს სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი უფროსი მაიორი ზვიად ჩხაიძე.

[ზვიად ჩხაიძის ხმა]


მაგრამ იყო თუ არა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის ყოფილ თავდაცვის მინისტრს შორის ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი ცხინვალის დაბრუნების გეგმაზე უარის თქმა, ეს მხოლოდ ამ ორმა პოლიტიკოსმა იცის. თუმცა ფაქტია ის, რომ თავის დროზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იძულებული იყო ანგარიში გაეწია გავლენიანი თავდაცვის მინისტრის ყველა გადაწყვეტილებისათვის, მინისტრისა, რომელიც თავადვე აღჭურვა განსაკუთრებული უფლებამოსილებებით. მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც სასოწარკვეთილი იყო 2004 წლის ცხინვალის ჰუმანიტარული შტურმის წარუმატებლობით, ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრად სწორედ იმის გამო დანიშნა, რომ სურდა ერთგვარი რევანშის აღება. ყველას ახსოვს საქართველოს პრეზიდენტის ნათქვამი ერთი ფრაზა, “ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდეო,” რაც ირაკლი ოქრუაშვილმა თავისი მოღვაწეობის მთავარ ბრძანებად აღიქვა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG