Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რის თქმას აპირებს საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან


25 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 62-ე სესიაზე,

გენერალური მდივნის ბან კი მუნის მიმართვით გაიხსნა საერთო-პოლიტიკური დისკუსია, რომელშიც 80-მდე სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს. გენერალური ასამბლეის ტრიბუნაზე უკვე გამოვიდნენ ბრაზილიის, ამერიკის, განის, ყაზახეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები. 26 სექტემბერს, გვიან ღამით, გენერალური ასამბლეის დელეგატების წინაშე საქართველოს პრეზიდენტიც წარდგება. გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი, ძირითადად, კონფლიქტების მოგვარებისა და დევნილთა დაბრუნების გზების შესახებ აპირებს ლაპარაკს, თუმცა არაა გამორიცხული პრეზიდენტმა გაეროს მესვეურებს უმოქმედობის გამოც უსაყვედუროს.


ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე ორი კვირით ადრე საქართველოს პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა გაერო და მისი გენერალური მდივანი. მიხეილ სააკაშვილმა არ მიიღო ბან კი მუნის შენიშვნა, რომელიც პატრიოტთა ბანაკის განმუხურში - ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში - გახსნის მიზანშეწონილობას შეეხებოდა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ჩვენ უბადრუკი და ამორალური რჩევები კი არ გვჭირდება... თურმე ბანაკი უნდა გავწიოთ აფხაზეთის საზღვრებს იქით... ჩვენ ვითხოვთ ხმის ამაღლებას იმაზე, თუ რა გააკეთა გაერომ და სხვა ორგანიზაციებმა იმისათვის, რომ აღმოფხვრილიყო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულის შედეგები. და რა გაკეთდა იმისათვის, რომ ყველა რეზოლუცია, რომელიც შეეხება დევნილთა დაბრუნებას არა მარტო გალში, არამედ სოხუმში, ოჩამჩირეში, გაგრასა და ა.შ. ...ჩვენ უნდა დავბრუნდეთ მთელ აფხაზეთში.“ (სტილი დაცულია)


მიხეილ სააკაშვილი დევნილთა დაბრუნების თემას გვერდს არც გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას აუვლის. ყოველ შემთხვევაში, ირაკლი ალასანია, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ასეთ პროგნოზს აკეთებს:

[ირაკლი ალასანიას ხმა] „დევნილების თემა - ეს არის ჩვენი პოლიტიკის ქვაკუთხედი და ამ თემაზე იქნება, ალბათ, პრეზიდენტის კრიტიკული შენიშვნები და თავისთავად გამოსავლის მინიშნებებიც, თუ რა გზებით უნდა ვეძიოთ გამოსავალი და როგორ გადავწყვიტოთ დევნილების დაბრუნების საკითხი.“(სტილი დაცულია)

პრეზიდენტის გეგმების შესახებ ცნობილია საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერისთვისაც. მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი აუცილებლად ილაპარაკებს კონფლიქტის მოგვარების პროცესში რუსეთის ნეგატიურ როლზე:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] „ამაზე ისაუბრებს პრეზიდენტი სააკაშვილი, ისევე როგორც ისაუბრა შარშან ამ თემაზე, და მოუწოდებს გაეროს უფრო აქტიური ქმედებისკენ, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში სულ სხვა ტიპის პრობლემებს ვიღებთ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს პრობლემა არის გადაწყვეტილი, იმიტომ რომ იქ არაფერი არ ხდება, ძალიან ცდება. ეს არის ძალიან დიდი მუხტის დაგროვება რეგიონში. ყოველივე ამან კი სავალალო გამოძახილი, შესაძლოა, რეგიონს გარეთაც პოვოს. ჩვენ ამის ძალიან გვეშინია.“(სტილი დაცულია)

თბილისის მსგავსად, გაეროს გენერალური ასამბლეის 62-ე სესიის მსვლელობას ყურადღებით აკვირდებიან სოხუმში. არაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ამბობს, რომ, სააკაშვილის მოთხოვნის მიუხედავად, აფხაზეთში დევნილთა დაბრუნებას გაერო მხარს არ დაუჭერს:

[სერგეი შამბას ხმა] „ადამიანებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ დაბრუნება, თუკი არ მოხდება კონფლიქტი. დაბრუნება უსაფრთხოების პირობებში უნდა მოხდეს, მაგრამ ჩვენ შორის არსებული ურთიერთობის ფონზე ამგვარი გარანტიის მოცემა არავის შეუძლია. ცხადია, ასეთ ვითარებაში ადამიანების დაბრუნება მიგვიყვანს ახალ შიდაომთან, სისხლისღვრასთან და, შედეგად, ომთან საქართველოსა და აფხაზეთს შორის. ეს ყველასათვის ცხადია და ამით არავინაა დაინტერესებული.“

რადიკალურ ცვლილებებს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიისგან არც საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები ელიან. „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე, ამბობს, რომ გაერო არ არის ის ორგანიზაცია, რომლისგანაც დროულ და ადეკვატურ რეაგირებას უნდა ველოდეთ:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] „ვისაც ახსოვს ერაყში წინასაომარი კამპანია, როცა გაეროს რეზოლუცია იყო საჭირო და ამას მოითხოვდნენ მსოფლიო პოლიტიკის გრანდები, მათაც კი ვერანაირი ძვრა ვერ უყვეს გაეროს პოზიციას. ძალიან ნაკლები იმედი მაქვს იმისა, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტების გამო გაერო რაიმე გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამს და ამის მოლოდინი უნდა გვქონდეს.“ (სტილი დაცულია)

დაბოლოს, საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 62-ე სესიაზე სიტყვით, თბილისის დროით, შუაღამის შემდეგ გამოვა. გაეროს გენერალური ასამბლეის 62-ე სესია კი სამ ოქტომბრამდე გასტანს.




  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG