Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოითხოვენ პარლამენტის წინ შეკრებილი მიტინგის მონაწილეები?


როგორც მოსალოდნელი იყო, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებას ოპოზიციურმა პარტიებმა მასშტაბური საპროტესტო აქციით უპასუხეს.

28 სექტემბერს ორი საათისათვის დანიშნულ მიტინგზე მისულმა ხალხმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შეავსო და რამდენიმე საათით რუსთაველის გამზირი გადაკეტა. საპროტესტო აქციის მსვლელობისას წაიკითხეს ირაკლი ოქრუაშვილის მიმართვა, რომელიც მან საპატიმროდან გამოგზავნა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქართველოს მოსახლეობას გაერთიანებისა და ხელისუფლების კანონიერი გზით შეცვლისკენ მოუწოდებს. ოპოზიციის ლიდერებმა, გაერთიანების მიზნით, ახალი ლოზუნგი წამოაყენეს: „საქართველო პრეზიდენტის გარეშე!“

პარლამენტის წინ ხალხი დათქმულ დროზე ადრე შეიკრიბა. ორი საათისათვის დანიშნულ მიტინგში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეები გარეუბნებიდან და რაიონებიდანაც ჩამოვიდნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე შეკრებილები მოსახლეობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებდნენ.

[მამაკაცის ხმა] „ხალხი უნდა იყოს ძალიან ბევრი - მიშას დროს რომ იყო, იმაზე ხუთჯერ მეტი. აი, მაშინ ნახავს, რომ გადაიკეტება გზა და ხალხით რომ გაივსება რუსთაველის გამზირი, მაშინ ნახავთ, როგორ იცეკვებს ხელისუფლება ჩიჩოტკას.“

მთავრობის ცეკვამდე საქმე არ მისულა, თუმცა რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ადამიანებმა მთლიანად შეავსეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია და, მათ შორის, გზის სავალი ნაწილიც.

[მიტინგის მონაწილის ხმა] „რისთვის ვარ და იმისთვის, რომ ვენახი არ აჭრას და ეკლესია არ დაანგრიოს ამ ხელისუფლებამ. მე სულ არ ვარ მომხრე ან მოწინააღმდეგე ოქრუაშვილის...“

[მიტინგის მონაწილის ხმა] „ეს არის ვანდალიზმი, ამას სახელი არ ჰქვია. კაცმა სახალხოდ აღიარა დანაშაული და მოიხადა ბოდიში. იმის ნაცვლად, რომ სიმართლე დაედგინათ, კაცი დაიჭირეს. რას გეტყვით, იცი?. სიმართლე თავის გზას მაინც იპოვის.“

სწორედ იმისათვის, რომ სიმართლემ დროულად იპოვოს გზა, ოპოზიციური პარტიები მოსახლეობას გაერთიანებისკენ მოუწოდებენ. კოკა გუნცაძემ მიტინგზე შეკრებილებს ირაკლი ოქრუაშვილის ციხიდან გამოგზავნილი მცირე მიმართვა გააცნო:

[კოკა გუნცაძის ხმა] „საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, თუ რა საფრთხის წინაშე დგას ამ უსუსური ხელისუფლების ხელში. გთხოვთ ერთ რამეს: გაერთიანდით! გაერთიანდით და იბრძოლეთ თქვენი უფლებების დასაცავად. იბრძოლეთ ამ ტირანის თავიდან მოსაცილებლად ყველა სამართლებრივი საშუალებით!“

ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებას თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია გამოეხმაურა. მათ შორის იყო ხალხის პარტია და მისი ლიდერი კობა დავითაშვილიც.

[კობა დავითაშვილის ხმა] „კმარა! ჩვენ აღარ მოვითმენთ ისეთ ხელისუფლებას, რომელშიც მკვლელი არის პრეზიდენტი. პრეზიდენტი არის დამნაშავე და პრეზიდენტის სავარძელში კი არა, ის უნდა იჯდეს ციხეში.“

ოპოზიციური პარტიების გარდა, მიტინგზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც აქტიურობდნენ. გოგა ხაინდრავამ, თანასწორობის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ხელისუფლებას ხალხის ღალატში დასდო ბრალი:

[გოგა ხაინდრავას ხმა] „მე მინდა ჩემი შვილიშვილის სიცოცხლე დავიფიცო: ან ისინი, ან ჩვენ! ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით. ეს ადამიანები აქ ვერ დარჩებიან. ამ პირობას ვიძლევი და ამის საწინდარი თქვენა ხართ.“

მიტინგის მონაწილეთა შორის იყო მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, რომელიც, მისივე თქმით, პარლამენტის წინ სიმართლის დასაცავად მივიდა:

[ნინელი ჭანკვეტაძის ხმა] „მე ვთვლი, რომ ყველა ქართველის, ამ ქვეყნის შვილების ვალია აქ იყოს და დაიცვას სიმართლე და შეებრძოლოს უსამართლობას. მე მრცხვენია იმის, რომ ჩვენს პრეზიდენტს საშინელი ბრალდება აქვს წაყენებული და იმის ნაცვლად, რომ ქართველ ხალხს ელაპარაკოს, რაღაც პასუხი მაინც მივიღოთ, ამის ნაცვლად, ქვეყანაში არ ჩამოდის.“(სტილი დაცულია)

ნინელი ჭანკვეტაძის მსგავსად, ხელისუფლებისა და ხალხის ურთიერთგაუცხოებაზე ლაპარაკობს კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილიც. მისი თქმით, ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა და, ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებების გაბათილების ნაცვლად, კონფრონტაციის გზა აირჩია:

[გოგი ხუციშვილის ხმა] „არ შეიძლება ხალხის ასეთ მდგომარეობამდე მიყვანა. ბრალდებაა პრეზიდენტის მიმართ? პრეზიდენტმა უნდა უპასუხოს ამ ბრალდებას! ყველაფერი უნდა ხდებოდეს სხვანაირად - ისე, როგორც შეეფერება ცივილიზებულ ქვეყანას და ვინაიდან ვხედავთ, რომ ყველაფერი სხვანაირად მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში... თუ ამ მიმართულებით გაგრძელდება, აუცილებლად იქნება კონფრონტაცია.“ (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG