Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარი კასპაროვი ''სხვა რუსეთის'' საპრეზიდენტო კანდიდატად აირჩიეს


ჭადრაკში ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი, რომელიც ბოლო წლებში პოლიტიკურ ასპარეზზე გააქტიურდა,

არჩეულ იქნა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების კანდიდატად მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. კასპაროვი ფიქრობს, რომ არჩევნებზე მისი შანსები ძალზე მცირეა. მაგრამ, როგორც მოძრაობა "სხვა რუსეთის" მონაწილეებს უთხრა ამ კვირის ბოლოს გამართულ ყრილობაზე, მას სურს, აჩვენოს რუსებს, რომ ქვეყანაში არსებობს სიცოცხლისუნარიანი ოპოზიცია.

პრეზიდენტობის კანდიდატად გარი კასპაროვის დასახელებით დასრულდა მრავალთვიანი სპეკულაცია იმაზე, თუ ვინ წარმოადგენდა ოპოზიციური პარტიების ჯგუფს, "სხვა რუსეთს", მომავალი წლის არჩევნებზე.

ეს დაურეგისტრირებული კოალიცია აერთიანებს ლიბერალებს, მემარცხენე და ნაციონალისტურ დაჯგუფებებს, მათ შორის ედუარდ ლიმონოვის პროვოკაციულ ნაციონალ-ბოლშევიკურ პარტიას. ამ პარტიებს ცოტა რამა აქვს საერთო გარდა იმისა, რომ ყველანი იმედგაცრუებულნი არიან რუსეთის პოლიტიკური ცხოვრებით.

"სხვა რუსეთის" ყრილობის 494 დელეგატიდან 379-მა მისცა ხმა კასპაროვის კანდიდატურას. კენჭისყრის შემდეგ კასპაროვმა დამსწრეთ მიმართა, რომ იგი გამარჯვებისთვის იბრძოლებს და არ გადაუხვევს გზიდან.

პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის დირექტორის, ალექსეი მუხინის თქმით, არ არის ნათელი, რამდენად შეძლებს "სხვა რუსეთი" ამომრჩეველთა წართმევას ტრადიციული ოპოზიციური დაჯგუფებების, კომუნისტური პარტიის, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიისა და მემარჯვენე ძალების ფრონტისთვის.

[მუხინის ხმა] "მე ვფიქრობ, კასპაროვს სურს აჩვენოს, რომ არსებობს ალტერნატიული ოპოზიცია. მაგრამ გაურკვეველია, რამდენად ეფექტიანია მისი ზემოქმედება ქვეყნის ხელმძღვანელობასა და ოპოზიციურ ფრთაზე. ვინაიდან თავად კასპაროვი გონიერი ადამიანია და მას ესმის, რომ ოპოზიცია რუსეთში უბრალოდ არამოდური რამაა."

საყოველთაოდ გავრცელებული ვარაუდით, 2008 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატებას მოიპოვებს კრემლის კანდიდატი. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელსაც არ შეუძლია ზედიზედ მესამე ვადით პრეზიდენტობა, მოსახლეობის უზარმაზარი მხარდაჭერით სარგებლობს. არჩევნებში გამარჯვება იოლად უნდა შეძლოს ნებისმიერმა კანდიდატმა, რომელსაც ის წამოაყენებს.

კასპაროვის მცირე შანსებს კიდევ უფრო ამცირებს "სხვა რუსეთის" შიგნით მიმდინარე დაუსრულებელი დაპირისპირებები. რამდენიმე თვის წინ კანდიდატის თემასთან დაკავშირებით წაიჩხუბნენ გარი კასპაროვი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიხაილ კასიანოვი. კასიანოვმა დატოვა კოალიცია და ის ცალკე იყრის კენჭს.

შიდა დაპირისპირება, ცხადია, კრემლს კიდევ უფრო უადვილებს საქმეს.

მაგრამ ვაშინგტონის ჰერიტიჯის ფონდის მოსკოვის ფილიალის დირექტორის, ევგენი ვოლკის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე საუბარი მაინც ნაადრევია.

[ვოლკის ხმა] "არსებობს კიდევ ეგრეთწოდებული სისტემური ოპოზიცია - კომუნისტური პარტია, რომელიც აუცილებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. გარკვეულწილად თავად ოპოზიციის შიგნითაც იქნება ოპოზიცია. მაგრამ, ჩემის აზრით, მთავარი ისაა, რომ არჩენებამდე 5 თვე რჩება. რუსეთში ამ ხნის მანძილზე ძალზე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს."

"სხვა რუსეთის" ყრილობის წევრებმა გარდა საპრეზიდენტო კანდიდატისა, აირჩიეს 2 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების დელეგატებიც. მათ შორის არიან კასპაროვი, ლიმონოვი და ცენტრალური ბანკის ყოფილი თავმჯდომარე ვიქტორ გერაშჩენკო.
XS
SM
MD
LG