Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება და ოპოზიცია დიალოგის დაწყებას


ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა

აჩვენა, რომ ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან ურთიერთობისთვის, ძირთადად, ხმის გამაძლიერებლებსა და სხვადასხვა სახის საინფორმაციო საშუალებებს იყენებენ. დიალოგი არც პარლამენტში წარმოდგენილ პარტიებს შორის წარმოებს. კომუნიკაციის მოშლის შედეგი იყო ბოიკოტი, რომელსაც ოპოზიციურმა ფრაქციებმა დაახლოებით ერთი წლის წინ მიმართეს, თუმცა ურთიერთობის პრობლემამ ყველაზე მწვავედ თავი უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში იჩინა, როცა ოპოზიციაში გადასული თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავებას ოპოზიციამ ქუჩის აქციებით უპასუხა. რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება და ოპოზიცია დიალოგის დაწყებას?

ქართველი პოლიტიკოსები ინფორმაციის გასაცვლელად სულ უფრო იშვიათად იყენებენ საერთო სივრცეს. ხელისუფლება ოპოზიციას, ძირითადად, ტელეეთერით მიმართავს:

[გიგა ბოკერიას ხმა] „ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს და რამე ტიპის ძალადობისკენ არ წაუცდეს ხელი საკუთარი უგუნურობით, თორემ სახელმწიფოს პასუხი, როგორც ეს უნდა იყოს სამართლებლივ სახელმწიფოში, იქნება უმკაცრესი.“

ხელისუფლების ასეთ მიმართვებს ოპოზიცია, როგორც წესი, მიტინგებიდან ეხმიანება:

[გოგა ხაინდრავას ხმა] „ის ხალხები, ვინც საქართველოში ცხოვრობენ, არ დაუშვებენ, რომ ჩვენი ქვეყნის სათავეში იდგეს კრიმინალური დაჯგუფება. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს სათავეში დგას კრიმინალური დაჯგუფება, ტერორისტ სააკაშვილის მეთაურობით.“

ოპოზიციისა და ხელისუფლების, ხელისუფლებისა და საზოგადოების გაუცხოებას მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევს კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი, რომლის თქმითაც, კომუნიკაციის მოშლით კრიზისი სულ უფრო მეტად გაღრმავდება:

[გოგი ხუციშვილის ხმა] „... და აუცილებლად დამთავრდება ძალიან ცუდად, თუ ვერ ვისწავლეთ ცივილიზებული ურთიერთობის ნორმები. არ შეიძლება ხალხის ასეთ მდგომარეობამდე მიყვანა. ყველაფერი უნდა ხდებოდეს სხვანაირად - ისე, როგორც შეესაბამება ცივილიზებულ სახელმწიფოს. ჩვენს ქვეყანაში პროცესები სხვანაირად მიმდინარეობს და თუ არაფერი შეიცვალა, აუცილებლად იქნება კონფრონტაცია.“(სტილი დაცულია)

სწორედ იმისათვის, რომ საქმე კონფრონტაციამდე არ მივიდეს, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას დიალოგის დაწყების წინადადებით მიმართა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ოპოზიცია ამ შეთავაზებას აღფრთოვანებით არ შეხვედრია. მეტიც, ოპოზიციამ შეთავაზების გულწრფელობაში შეიტანა ეჭვი, რაზეც თავად ნინო ბურჯანაძემ განაცხადა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] „უკაცრავად, გუშინ ოპოზიციამ პირველად გაიგონა ჩემგან მოწოდება დიალოგის დაწყების შესახებ? სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვარ. დავიწყოთ იმით, რომ მე ოპოზიციასთან დიალოგი არ შემიწყვეტია და, ალბათ, დამეთანხმებიან ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შეწყდა საპარლამენტო ბოიკოტი, ჩვენ მათთან მუდმივი დიალოგი გვაქვს.“

ნინო ბურჯანაძის პასუხად, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ზვიად ძიძიგური, ამბობს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგს აზრი არა აქვს. ზვიად ძიძიგური ამ განცხადებას საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით აკეთებს:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] „ასეთი დიალოგის სურვილი ვერბალურად ხშირად გამოუთქვამს ხელისუფლებას, მაგრამ არავითარი შედეგი სურვილის დაფიქსირებას არ მოჰყოლია. რეალურად არც ერთ საკითხზე, არც ერთი ასეთი შემოთავაზების დროს კონსენსუსის სურვილს არ ამჟღავნებენ. ამიტომ ჩვენ არ გვინდა კიდევ ერთხელ აღმოვჩნდეთ ამ ხელისუფლების მხრიდან მოტყუებული, ისე როგორც სამი წელია ეს ხელისუფლება ატყუებს ხალხს, პოლიტიკურ სპექტრსაც და ყველას. ვფიქრობ, რომ ეს ტყუილების დრო უნდა დამთავრდეს.“

ოპოზიციას არა აქვს იმედი, რომ ხელისუფლება შეიცვლება და მასთან დაწყებული დიალოგი შედეგს გამოიღებს. პოლიტოლოგი დავით დარჩიაშვილი კი ამბობს, რომ საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციაში მყოფი საერთო ღირებებულებების მქონე პოლიტიკური ძალებიც კი ვერ ახერხებენ ცივილიზებულ თანამშრომლობას. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

[დავით დარჩიაშვილის ხმა] „ჩემის აზრით, აქ არის ორი მომენტი: ერთი, პიროვნული დაპირისპირებანი ადამიანებს შორის - პიროვნულად ვერ თავსდებიან ერთმანეთთან - და, მეორე, ეს არის ზოგადად პოლიტიკური კულტურის სპეციფიკური ხასიათი, რაც საქართველოში შეინიშნება, როდესაც ეგრეთ წოდებული ნულოვან-ჯამური თამაში არის გაბატონებული და არა მოგება-მოგებაზე ან კომპრომისზე ორიენტირებული ურთიერთობები.“(სტილი დაცულია)

ცხადია, ამგვარ კომპრომისზე ორიენტირებული ურთიერთობების ჩამოყალიბებამდე ხელისუფლება და ოპოზიცია დამოუკიდებლად ცდილობენ დასახული მიზნების განხორციელებას, თუმცა ხშირად ისე ხდება, რომ რადიკალურ, უკომპრომისო დაპირისპირებას ეწირება ყველაზე მნიშვნელოვანი - ქვეყნის ეროვნული ინტერესები.


  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG