Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგი გურჯაანში


თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაპატიმრების შემდეგ გააქტიურებული და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები

ამჯერად კახეთში, გურჯაანის ცენტრში, შეიკრიბნენ და, ლოზუნგით „საქართველო პრეზიდენტის გარეშე“, საპროტესტო მიტინგი გამართეს. სხვადასხვა ცნობით, ოპოზიციის მხარდასაჭერად გურჯაანის რაიონის გამგეობის წინ ორიდან ხუთი ადასამდე ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ სიმბოლური თეთრი ლენტები და ტრანსპარანტები, წარწერით „არ გვეშინია“. მინდა მოგაწოდოთ ცნობა იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართა გაერთიანებული ოპოზიციის პირველი გასვლითი მიტინგი რეგიონებში და რას ფიქრობენ კახელები ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ.

თბილისიდან გურჯაანში ჩასული ოპოზიციური პარტიების ლიდერები რაიონის გამგეობის შენობამდე, სადაც აქცია გაიმართა, ფეხით მივიდნენ, ხოლო მიტინგი, რომელსაც პარლამენტის დეპუტატი გია თორთლაძე უძღვებოდა, დათქმულ დროს, პირველ საათზე, დაიწყო. გურჯაანელებს ერთ-ერთმა პირველმა „ხალხის პარტიის“ ლიდერმა და თბილისის საკრებულოს წევრმა კობა დავითაშვილმა მიმართა:

[კობა დავითაშვილის ხმა] „თუ ამოწყდა გლეხკაცი, საქართველო გადაშენდება. მოდით, ამ ჩვენს გაერთიანებას, ჩვენს ერთობას, ჩვენს სახალხო მოძრაობას გაუმარჯოს! გაუმარ-ჯოს! გაუმარ-ჯოს! გაუმარ-ჯოს! გაგიმარჯოთ, ქართველებო!”

კობა დავითაშვილის ამ სიტყვებს სხვებთან ერთად ისმენდა გურჯაანის მკვიდრი ასმათ კოკოლიშვილი, რომელიც, მისივე თქმით, ოპოზიციის მიტინგზე უკეთესი მომავლის იმედით მივიდა:

[ასმათ კოკოლიშვილის ხმა] „დღეს კახეთს შავი ღრუბელი ადგას! გლეხი, რომელმაც მოსავალი მოიყვანა და შეჰყურებს მთელი წლის საზრდოს, რომლითაც უნდა ირჩინოს თავი და გადაარჩინოს ოჯახი, იღუპება! იღუპება მოსავალი. მიწასთან არის გასწორებული მისი შრომა. აი, ამან გადამაწყვეტინა, აი, ამან გამოიყვანა თითოეული გურჯაანელი, თითოეული გლეხი, რომ თავისი სიტყვიერი ძალით მაინც დაანგრიოს ეს ხელისუფლება.“

ქალბატონ ასმათის თქმით, რომ არა გურჯაანის რაიონის გამგეობის ძალისხმევა, ოპოზიციის მიტინგზე გაცილებით მეტი ადამიანი მივიდოდა. ამ აზრს მთლიანად იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კოორდინატორი კახეთში გელა მთივლიშვილი, რომლის თქმითაც, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კახელები მიტინგზე არ მისულიყვნენ:

[გელა მთივლიშვილის ხმა] „საგანგებოდ ითათბირეს ამ აქციასთან დაკავშირებით და რაიონების გამგებლებს დაევალათ მოახდინონ ავტობუსების მობილიზება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეს არის შეზღუდული, მგზავრები ვერ მოძრაობენ სოფლებიდან რაიონული ცენტრისკენ. ასევე აქცენტი კეთდება იმაზე, რომ სხვა რაიონებიდან ვერ შემოვიდეს ხალხი გურჯაანში. ასევე თათბირები ჩატარდა რაიონულ გამგეობებში, სადაც საბიუჯეტო სამსახურების ხელმძღვანელებმა თანამშრომლები გააფრთხილეს იმის თაობაზე, რომ აქციაში მონაწილეობა არ მიიღონ და ოპოზიციას არ შეხვდნენ.“

გელა მთივლიშვილის ამ სიტყვებს არ ადასტურებს გურჯაანის რაიონის გამგებელი რამაზ ქერაჭაშვილი:

[რამაზ ქერაჭაშვილის ხმა] „აბსურდია, მინდა გითხრათ! სხვა რა გზა აქვთ, რა უნდა თქვან, როცა მიტინგზე არ მივიდა ადგილობრივი მოსახლეობა. მიტინგზე მხოლოდ თბილისიდან ჩამოსული ადამიანები იმყოფებიან. არც ტრანსპორტით შეგვიზღუდავს ვინმე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. უბრალოდ, თავს იმართლებენ. ხალხი არ მივიდა. სულ 300-350 კაცი იქნება მიტინგზე და ისიც თბილისიდან მიკროავტობუსებით ჩამოიყვანეს.“

გურჯაანის გამგებლის ნათქვამის საწინააღმდეგოდ, ოპოზიციის ლიდერები პირველი გასვლითი მიტინგის მსვლელობით კმაყოფილები არიან. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა განმარტავს:

[გოგა ხაინდრავას ხმა] „მიზანი ჩვენი მიღწეულია, იმიტომ რომ ყველა ეზოში, ყველა ქუჩაში, ყველა სახლთან გვხვდებოდა ხალხი და სიხარულით გვეგებებოდა. შემოვიარეთ სოფლები. ვიყავით ველისციხეში, ველაპარაკეთ ხალხს. ყველგან განწყობა ერთი და იგივეა. ბუნებრივია, რომ აქ ძალიან სერიოზული მცდელობაა ხელის შეშლის. ორი კვირის განმავლობაში სპეცნაზი ჰყავთ ჩამოყვანილი. იცით, ველისციხეში ხალხს სცემეს, რატომ გროვდებითო. ყველანაირი ზომები მიიღეს იმისათვის, რომ ხმა ჩაეკმინდათ ხალხისთვის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეუძლებელია. საქართველომ გაიღვიძა და ამის ნათელი მაგალითია დღეს გურჯაანი.“

მიტინგის დასრულების შემდეგ გოგა ხაინდრავამ გურჯაანელები და გურჯაანში სხვადასხვა სოფლებიდან ჩასული ადამიანები თბილისში ორი ნოემბრისათვის დანიშნულ მიტინგზე დაპატიჟა. საინტერესოა, აპირებს თუ არა ამ მიპატიჟების მიღებას გურჯაანში მცხოვრები ასმათ კოკოლიშვილი, რომელსაც მე ტელეფონით დავუკავშირდი.

[ასმათ კოკოლიშვილის ხმა] „აუცილებლად, ფეხით ჩამოვალთ! ყველანაირი ტრანსპორტიდან რომ ჩამოგვყარონ, კახურად გეტყვით, ფეხით წამოვალთ და შევუერთდებით იმ ძალას, რასაც საქართველოს და ქართველი ერის გადარჩენა ჰქვია!“

თუმცა ორ ნოემბრამდე გაერთიანებული ოპოზიცია საქართველოს სხვა რაიონების მოვლას და ამ რაიონებში მცხოვრები ადამიანების მიმხრობასაც აპირებს. წინასწარი ინფორმაციით, ოპოზიცია უახლოეს გასვლით მიტინგს ასევე კახეთში, მხარის ადმინისტრაციულ ცენტრში, თელავში, გამართავს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG