Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირაში მოხდა ის


გასულ კვირაში მოხდა ის,

რაც აქამდე ძნელად განსახორციელებელ იდეად აღიქმებოდა. ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლამ პოლიტიკური ოპოზიციის გაერთიანების გარკვეული კონტურები გამოკვეთა. საქართველო პრეზიდენტის გარეშე და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება ამ გაერთიანების მთავარი ლოზუნგია. პატიმრობაში მყოფი ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გარდა, გასული კვირა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი ესტუმრა, ხოლო კვირის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტზე იმყოფებოდა.

გასული კვირა ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობისა და მისი მოკავშირეების აქტიურობით დაიწყო. ისინი ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბნენ და ამით ხელისუფლებას ერთიანობა დაუმტკიცეს.

[ოპოზიციონერთა ხმა] ”ახლა თუ უნდათ პრორუსული გვიძახოს და თუ უნდა პროჩინრი გვიძახოს.”(სტილი დაცულია)

განაცხადეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში ხელიხელგადახვეულმა ოპოზიციონერებმა. მანამდე მათ მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, პრორუსული ძალებისგან გამიჯვნა ურჩია:

[გიგა ბოკერიას ხმა] „ვისაც აქვს პრეტენზია, რომ სურს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, რუსეთის აგრესიის შეჩერება, უნდა მკაფიოდ გაემიჯნოს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ყველამ ვიცით, რომ ასეთები არ არიან. ვგულისხმობ შალვა ნათელაშვილსა და ეგრეთ წოდებულ ეროვნულ ფორუმს.“

ირაკლი ოქრუაშვილის გარშემო გაერთიანებულმა ძალებმა კარი მხოლოდ იგორ გიორგაძისა და ირინა სარიშვილის პარტიისთვის ჩაკეტეს. ახალი მემარჯვენეები და მრეწველები თავად გაემიჯნენ ახალ პოლიტიკურ მოძრაობას.

დანარჩენი ოპოზიციური ძალებისთვის კი მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დემონტაჟის მიზანმა უკანა პლანზე გადასწია სხვადასხვა პრინციპულ საკითხში პოზიციათა შორის განსხვავება. ძალები, რომლებიც საქართველოს მომავალს ევროატლანტიკურ სივრცეში ხედავენ და ძალები, რომლებიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდიან, საერთო მოთხოვნებს აყალიბებენ. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, კოკა გუნცაძის, განცხადებით, მთავარი მოთხოვნაა ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება გირაოს წესით, როცა ის დადებს ჩვენებას ყველაზე მაღალი რანგის ჩინოსნის მიმართ:

[კოკა გუნცაძის ხმა] ”ვერთიანდებით და ვიწყებთ საერთო სახალხო მოძრაობას ’საქართველო პრეზიდენტის გარეშე’.”

მოთხოვნების რეალიზებისთვის ირაკლი ოქრუაშვილის მომხრეებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს და ჯერ დედაენის ძეგლთან გამართეს მიტინგი, შემდეგ ინტელიგენციას შეხვდნენ ჭადრაკის სასახლეში და კვირის ბოლოს ვაკის პარკში ზურაბ ჟვანიას დაღუპვის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის საჯარო ჩვენება მოაწყვეს.

ჭადრაკის სასახლეში ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც ახალგაერთიანებულ ოპოზიციას სურდა. თავყრილობაში დისონანსი ”წინ საქართველოს” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა შეიტანა:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] „არა! მე მგონი, სხვამ უნდა დაიწყოს! არ შეიძლება, რომ ყოველთვის, მუდამ, ყველა რეჟიმის დროს ერთი და იგივე ხალხი გამოდიოდეს.”

სალომე ზურაბიშვილმა მარიკა ლორთქიფანიძის ტრიბუნასთან მიწვევა გააპროტესტა, თუმცა ეს ფაქტი განხეთქილების ან დაპირისპირების მიზეზად არ ქცეულა.

ირაკლი ოქრუაშვილის გარშემო დარაზმული ოპოზიციის აქტიურობას რუსეთის დუმა გამოეხმაურა და საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება მიიღო. იგი დუმის დეპუტატმა ანდრეი კოკოშინმა მოამზადა:

[ანდრეი კოკოშინის ხმა] ”ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის სიტუაცია, რომელიც საქართველოში ყალიბდება და განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ფაქტობრივად, თვალდახუჭული უჭერს მხარს ყველაფერ იმას, რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება - მაშინაც კი, როდესაც აქვს ადგილი ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული ნორმების დარღვევას ამ ქვეყანაში.”

რუსეთის დუმის განცხადებას გამოეხმაურა როგორც მმართველი უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია. ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაძის, კომენტარი:

[მამუკა კაციტაძის ხმა] ”არ არის რუსეთი ის სახელმწიფო, რომელსაც აქვს მორალური უფლება საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი საკითხები განიხილოს.”

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა კი თქვა:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ”ცინიზმია, როდესაც დემოკრატიაზე საუბრობს ის სახელმწიფო ორგანო, რომელსაც დემოკრატია ფეხქვეშ აქვს გათელილი.”

რუსეთმა საქართველოს საკითხის დაყენება და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება ევროსაბჭოშიც მოითხოვა. თუმცა ევროსაბჭოს წევრთა უმრავლესობამ რუსეთის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.

გასული კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის იაპ დე ჰოოპ სხეფერის ვიზიტი იყო. ის თბილისში 3 ოქტომბერს ჩამოვიდა, ხოლო ოფიციალური შეხვედრები 4 ოქტომბერს გამართა.

მანამდე ნატოს წევრი ქვეყნის, საფრანგეთის, თავდაცვის მინისტრმა ერვე მორენმა სააგენტო ”რეიტერს ” განუცხადა, რომ საფრანგეთი არ დაუჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, თუკი ამას რუსეთი მუქარად აღიქვამს, თუკი ასეთ შემთხვევაში რუსეთი თავს ალყაში მომწყვდეულად იგრძნობს. ერვე მორენის მიერ გამოთქმულ აზრს ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი სიღნაღში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა:

[იაპ დე ჰოოპ სხეფერის ხმა] ”ნატოს კარი ყოველთვის იყო და არის ღია. ნატოსკენ მიმავალი გზა ნებისმიერი ქვეყნისთვის დამოკიდებულია მის მიღწევებზე, განურჩევლად იმისა, იქნება ეს დიდი თუ პატარა სახელმწიფო, არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია დაბლოკოს ის გზა, რომელიც საქართველომ აირჩია ნატოსთან ერთად. 26 მოკავშირიდან არც ერთ ქვეყანას არა აქვს უფლება შეაჩეროს ეს პროცესი. აქ იმისთვის ვარ, რომ პირადად გავეცნო და შევაფასო სიტუაცია. საქართველომ, რეფორმების თვალსაზრისით, ძალიან ბევრს მიაღწია და ამ რეფორმების პრაქტიკულ მაგალითს ჩვენ დღეს აქ ვხედავთ. მინდა შევადარო და გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც აქ ვიყავი, ანუ 2004 წლის შემდეგ დღემდე, ძალიან დიდი ცვლილებებია მომხდარი. არის წინსვლა, შემოსულია საქართველოში ინვესტიციები. მე ვხედავ ეკონომიკურ აყვავებას. საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილი დამოკიდებულია ქვეყნის მიღწევებზე.”

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი ნატოსთან სიახლოვის თვალსაჩინოებისთვის განაცხადა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”დღეს დილას რომ გამოვდიოდი, ეს ჰალსტუხი გავიკეთე და ნამდვილად არ მოველოდი, რომ ერთნაირი ჰალსტუხი გვეკეთებოდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეუთანხმებლად მაინც ვმოქმედებთ აბსოლუტურად სინქრონულად.”

საქართველოს პრეზიდენტმა ნატოში საქართველოს გაწევრიანების სხვა მიზეზებზეც ილაპარაკა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მქონდა არაფორმალური, მაგრამ ძალიან თბილი შეხვედრა პრეზიდენტ სარკოზისთან მარსელში და მინდა დავადასტურო და, ალბათ, ამას პრეზიდენტი სარკოზი თავადაც დაადასტურებს, რომ საფრანგეთის პოზიცია ყველა საკითხში საქართველოს მიმართ არის უკიდურესად მხარდაჭერითი.”

ნატოს გენერალური მდივნის გამგზავრებისთანავე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სხდომა მოიწვია და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო მინისტრები გააკრიტიკა. პრეზიდენტი უკმაყოფილო იყო იმის გამო, რომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის უფროსი იასონ ჩიხლაძე გამოძიებას რუსეთში ემალება. სააკაშვილმა ამის გამო შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს უსაყვედურა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ეს ჩიხლაძე, ეგრეთ წოდებული ”ვოლკი”, რანაირად გაგიძვრათ ხელიდან და რანაირად აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციაში დღეს...”

მთავრობის ამავე სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა ახალი ინიციატივის შესახებ გამოაცხადა. ლაპარაკია ანტიკორუფციულ საბჭოზე, რომელიც მხოლოდ პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს დაემორჩილება:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”არ გეწყინოთ, მაგრამ მისი ფუნქცია იქნება თითოეული თქვენგანის შემოწმება და კონტროლი და, მათ შორის, ახლობლების ოჯახების და ასე შემდეგ.”


საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, კორუფცია არის საჯარო ხელისუფლების ბოროტად გამოყენება პირადი ან ჯგუფური გამორჩენის მიზნით. მისი ტიპიური გამოვლინებებია: მექრთამეობა, საჯარო საკუთრების არადანიშნულებისამებრ გამოყენება, ინტერესთა კონფლიქტი და ა. შ. როგორც წესი, კორუფციულ ურთიერთობაზე საუბრობენ იქ, სადაც ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე მაინც სახელმწიფოს წარმომადგენელია. საინტერესოა, რას ფიქრობენ პრეზიდენტის ინიციატივაზე თავად სახელმწიფოს წარმომადგენლები. საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის კომენტარი:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] „ჩვენი პრეზიდენტი არ წყვეტს ურთიერთობას საკუთარ ხალხთან და, მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი არხი, რომლითაც სამოქალაქო საზოგადოებას შეეძლება სახელმწიფოს მეთაურთან საუბარი.“

გელა ბეჟუაშვილის მსგავსად, ანტიკორუფციული საბჭოს შექმნის წინააღმდეგი არაა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თინათინ ხიდაშელიც, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომელთა გათვალისწინების გარეშე საბჭო ქმედობაუუნარობისთვის იქნება განწირული:

[თინათინ ხიდაშელის ხმა] „კორუფციაში ვედავებით ჩვენ არა ვინმე აბსტრაქტულ ადამიანებს, არამედ თავად პრეზიდენტსა და მის ოჯახს. ამიტომ, თუ ეს საბჭო პრეზიდენტს დაექვემდებარება და მისი ინსტრუქციების შემსრულებელი იქნება, ძნელი წარმოსადგენია, რომ მიზანს მიაღწიოს. და მეორე: მე მინდა შევახსენო პრეზიდენტს, რომ ედუარდ შევარდნაძემაც კი გაბედა და ამ საბჭოში თავის დროზე შეიყვანა მასთან ღიად დაპირისპირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამიტომ მე დაველოდები, რა ტიპის შემადგენლობას შემოგვთავაზებს. მე მაქვს ეჭვი, რა ხალხი იქნება ამ საბჭოში. ალბათ, ძირითადად, კონფორმისტი არასამთავრობო ორგანიზაციები.“

ამ ორი ფაქტორის გამო, თინათინ ხიდაშელს არა აქვს იმედი, რომ საბჭო ქვეყანაში შექმნილი ვითარების შეცვლას შეძლებს.

სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი ანტიკორუფციული საბჭოს შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ და კორუფციის დასაძლევად სასამართლო სისტემის გაძლიერებას მოითხოვენ. თუმცა, ოპონენტებისაგან განსხვავებით, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ვითარების შესაცვლელად რადიკალური ცვლილებები საჭირო არაა. პრეზიდენტი კორუფციის დამარცხებას მარტივად, ანტიკორუფციული საბჭოს შექმნით აპირებს.
XS
SM
MD
LG