Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეკითხვებს სვამს რუსეთის მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და როგორ უპასუხებს ამ შეკითხვებს საქართველოს ხელისუფლება?


10 ოქტომბერს თბილისში, ”რია ნოვოსტის” საერთაშორისო პრესცენტრში, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ

მოსკოვიდან რუსი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ტელეხიდი თბილისი-მოსკოვი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე საუბარს დაეთმო. მინდა გიამბოთ, რა შეკითხვები აქვთ რუს ჟურმალისტებს საქართველოში ოქრუაშვილის დაპატიმრებასა, შემდეგ კი გირაოს წესით მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და რა პასუხები აქვს ამ შეკითხვებზე ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს.

შეკითხვები ბევრი იყო: სკანდალური ჩვენების მიცემისას ირაკლი ოქრუაშვილი იმყოფებოდა თუ არა ფსიქოტროპული ნივთიერების გავლენის ქვეშ? რა ელის საქართველოში ირაკლი ოქრუაშვილს ან ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს? რას ნიშნავს პატარკაციშვილის შეთქმულებაში დადანაშაულება? საქართველოს ოპოზიციის ქმედებაში რუსეთის ხელია? არის თუ არა ღია საქართველო რუსი ბიზნესმენებისთვის? სასარგებლოა საქართველოსთვის სკანდალები თუ პირიქით? ბოლო სკანდალმა რამდენად მოახდინა ზეგავლენა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტზე და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები საქართველოში? მოსკოვიდან დასმულ ამ შეკითხვებზე გიგა ბოკერიას მიერ გაცემულ პასუხებში ერთი ასეთი იყო:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”საქართველო არ არის ელცინის რუსეთი, სადაც ოლიგარქები მართავდნენ კულისებიდან და იდგნენ კანონზე მაღლა, მაგრამ საქართველო არც პუტინის რუსეთია, სადაც ხურავენ ტელევიზიებს და აპატიმრებენ ადამიანებს პოლიტიკური შეხედულებებისთვის, რა მიუღებელიც უნდა იყოს ეს შეხედულებები საზოგადოების დიდი ნაწილისა და ხელისუფლებისათვის. ჩვენ ვაშენებთ ნორმალურ, ევროპულ, თავისუფალ საზოგადოებას და ამ საზოგადოებაში შეიძლება იყოს მკვეთრად ურთიერთგანსხვავებული მოსაზრებები, აგრესიული თავდასხმებიც პრეზიდენტსა თუ მმართველ პარტიაზე... ვინც თვალყურს ადევნებს საქართველოს ტელევიზიებს, ხედავს, რომ მიდის ძალიან, ძალიან ცხარე პოლიტიკური დებატები..”

მსგავსი ცხარე პოლიტიკური დებატები რუსეთის ტელევიზიებში არ იმართება, თუმცა რუსეთის მედია მეზობელ საქართველოში დემოკრატიის სტანდარტის კვლევით ინტერესდება.. გაზეთი ”იზვესტია” აქვეყნებს ინტერნეტგამოკითხვის შედეგებს იმასთან დაკავშირებით, თუ რაზე მეტყველებს საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენები. ამ თემაზე რუსეთში გამოკითხულთა 46 პროცენტი დაასკვნის, რომ საქართველოში დამყარდა დიქტატორული რეჟიმი, 11 პროცენტი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი კარგავს უკანასკნელ მომხრეებს, 8 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკურ ძალებს მიეცათ გაერთიანების შანსი, 35 პროცენტი კი კითხულობს, დადგა თუ არა დრო ამერიკის შეერთებული შტატები დაფიქრდეს ”ვარდების რევოლუცია - 2”-ზე. რუსეთის მედია აქტიურად არის დაინტერესებული საქართველოში განვითარებული მოვლენებით და საქართველოში პოლიტიკური პროცესების განვითარების პერსპექტივით... იმით, თუ რა იქნება აქ... რა ბედი ელის პატიმრობიდან გირაოს წესით გათავისუფლებულ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, საქართველოს ხელისუფლება განახორციელებს თუ არა ბადრი პატარკაციშვილის დევნას მას შემდეგ, რაც ის ოქრუაშვილთან ალიანსსა და შეთქმულებაში იქნა მხილებული... თბილისში, ”რია ნოვოსტის” საერთაშორისო პრესცენტრში, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები საქართველოში, ასეთი იყო:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”რა მიმართულებით? თუ გულისხმობთ ბატონ ოქრუაშვილს, ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესი განვითარდება - გაგრძელდება გამოძიება, იქნება სასამართლო, რომელიც შეიძლება საპროცესო შეთანხმებით დამთავრდეს. ეს ჩემი კომპეტენცია არაა. რაც შეეხება პოლიტიკურ კონკურენციას, ჩვენ გველის არჩევნები მომავალ წელს.. გველის, პოლიტიკური თვალსაზრისით, ცხელი და დემოკრატიული პერიოდი და თუ ბატონი პატარკაციშვილი გადაწყვეტს კულისებიდან გამოსვლას და პოლიტიკაში ჩართვას, ეს ნორმალური იქნება. ყველაფერს არჩევნები გადაწყვეტს, დემოკრატიული არჩევნები.”

გიგა ბოკერიამ რუს ჟურნალისტებს განუმარტა ისიც, რომ ვერ დაადანაშაულებს გაერთიანებულ ოპოზიციას რუსეთთან ალიანსში. აღნიშნა, რომ ოპოზიციაში არიან ძალები, რომლებიც ახდენენ თვითლუსტრაციას ამ მხრივ, მაგრამ ეს არ ეხება ყველას. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ოპოზიციის დიდი ნაწილი - ის ნაწილი, რომელიც ყველაზე კრიტიკულია პრეზიდენტ სააკაშვილისადმი - არ არის რუსეთის პოლიტიკის გამტარებელი და ზოგიერთ საკითხში არის კიდევ უფრო რადიკალური რუსეთის პოლიტიკის მიმართ.
XS
SM
MD
LG