Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი ხელმძღვანელი ლევან თარხნიშვილი გახდა


12 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დაამტკიცა ლევან თარხნიშვილის კანდიდატურა.

კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა არ მიუღია საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც, გაერთიანებული ოპოზიციის ფარგლებში, საქართველოს რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ცნობილია, რომ ამ ნაწილისთვის, ისევე როგორც ახალი მემარჯვენეებისთვის, რომლებიც განზე არიან გაერთიანებული ოპოზიციისგან, ლევან თარხნიშვილი მიუღებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე. თარხნიშვილი არ არის რომელიმე პარტიის წევრი, მაგრამ ოპოზიცია მას მაინც მმართველი პარტიის ინტერესების გამომხატველად მიიჩნევს.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ, თითქოსდა, პროფესიული ნიშნის ცენტრალური საარჩევნო კომისია რეალურად პარტიული ნიშნით, ანუ მმართველი ძალის ინტერესების გამომხატველი პირებით, არის დაკომპლექტებული.

ლევან თარხნიშვილი, რომელიც პარასკევს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დაამტკიცა, აქამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დამტკიცებამდე მას მოუწია ტესტირების გავლა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ასაღებად. ამის შემდეგ მონაწილეობა მიიღო კონკურსში, მისი კანდიდატურა შერჩეულ იქნა საკონკურსო კომისიის მიერ, რის შემდეგაც კანდიდატურა კომისიამ წარუდგინა პრეზიდენტს, პრეზიდენტმა კი - პარლამენტს:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ”ვულოცავ ბატონ ლევანს, ვუსურვებ პროდუქტიულ მუშაობას. დარწმუნებული ვარ, ლევანი გააგრძელებს იმ საქმეს, რაც დაწყებულია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, და უმაღლეს დონეზე ჩაატარებს ყველა არჩევნებს: საპრეზიდენტო არჩევნებს, საპარლამენტო არჩევნებს.”

მომავალი არჩევნების უმაღლეს დონეზე ჩატარება ლევან თარხნიშვილს ვიცე- სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა კენჭისყრის პროცედურის შემდეგ უსურვა. თუმცა ოპოზიციას ეეჭვება მომავალი არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩატარდეს. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ვერ მიიჩნევენ პარტიულად მიუკერძოებელ ადამიანად.

აღვნიშნავ იმასაც, რომ, როგორც თავად აცხადებს, ლევან თარხნიშვილი არც არის და არც ყოფილა რომელიმე პარტიის წევრი. ამას გარდა, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ვინც უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თუ არ შეიცვლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და საარჩევნო კანონმდებლობა, საქართველოში ნორმალური არჩევნები ვერ ჩატარდება:

[მანანა ნაჭყებიას ხმა] ”თვითონ კანონმდებლობა და რეგლამენტი მორგებულია იმაზე, რომ ამ ხელისუფლებამ ცენტრალური საარჩევნო კომისია აირჩიოს პარტიული ნიშნით და მისი თავმჯდომარეც აირჩიოს პარტიული ნიშნით. ”

აცხადებს ”ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია. უმრავლესობის წევრს გიგი წერეთელს კი ასეთ პრეტენზიასთან დაკავშირებით შემდეგი მოსაზრება აქვს:

[გიგი წერეთლის ხმა] ”რობინზონ კრუზოს ვერ ჩამოვიყვანთ, ვისაც არავინ იცნობს და ვინც არავის იცნობს. არსებობს კანონმდებლობა, ცესკოს საქმიანობა არის გამჭვირვალე. ამიტომ ვინ ვის იცნობს, ეს არ უნდა წარმოადგენდეს ბარიერს ვინმეს სადმე დასანიშნად.”

ვინ ვის იცნობს და შეიძლება თუ არა ნაცნობობის ფაქტორი გახდეს ბარიერი ვინმეს სადმე დასანიშნად, - ეს გიგი წერეთელმა, როგორც ჩანს, იმ მოსაზრების საწინააღმდეგოდ თქვა, რომლის თანახმადაც თარხნიშვილის კანდიდატურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტისთვის მეგობრობის ნიშნითაც შეირჩა.

ოპოზიცია მომხრეა ცენტრალური საარჩევნო კომისიის არა მხოლოდ პროფესიული, პარტიულ-პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების, ასევე - საარჩევნო კომისიაში არსებითი ცვლილებებისა. ცვლილებებს კი საარჩევნო კოდექსში უმრავლესობა ამუშავებს. რა მიმართულებით უნდა გატარდეს ცვლილებები, ამაზე ჯერ არ საუბრობენ.

ლევან თარხნიშვილი კი აპირებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მუშაობისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამომრჩეველთა სიების დახვეწასა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას.
XS
SM
MD
LG