Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის მიმოხილვა


გასულ სამუშაო კვირას მთავარი

პოლიტიკური მოვლენები საქართველოში, ძირითადად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის აღიარებითი ჩვენების ფონზე განვითარდა, თუმცა არა ყველა მიმართულებით: მოვლენათა ეპიცენტრში ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი აღმოჩნდა. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი ოქრუაშვილის აღიარებითი ჩვენებიდან ხელისუფლების მიერ საზოგადოების მისამართით გასაგზავნ მთავარ მესიჯად სწორედ ის მონაკვეთი იქცა, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბადრი პატარკაციშვილთან კოორდინაციასა და მისი პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების საჭიროებაზე საუბრობდა. ამ საკითხზე მოგვიანებითაც შევჩერდებით, მანამდე კი გასული სამუშაო კვირის პოლიტიკურ მოვლენათა ქრონოლოგიაში პირველ ადგილზეა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ეგრეთ წოდებული აღიარებითი ჩვენება, რომელმაც, ზოგიერთი შეფასებით, ქვეყანაში ახალ რეალობასაც კი დაუდო საფუძველი. 8 ოქტომბერს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერი ყველა სატელევიზიო არხით გადაიცა. ირაკლი ოქრუაშვილმა საკუთარ ჩვენებაში ხელისუფლების მიმართ საჯაროდ გამოთქმული ყველა ბრალდება უარყო და გამომძიებელს შეკითხვაზე, რა ამოძრავებდა მაშინ, როცა სკანდალური ბრალდებებით გამოდიოდა, უპასუხა, პოლიტიკური დივიდენდებიო. თქვა ისიც, რომ პოლიტიკური დივიდენდებისათვის ბრძოლაში მარტო არ ყოფილა:

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა]“ მქონდა შეხვედრები - როგორც თბილისში, ასევე საზღვარგარეთ - ბადრი პატარკაციშვილთან და მის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც განპირობებული იყო იმ მოტივით, რომ მასაც მიეღო პოლიტიკური დივიდენდები.“

აღიარებითი ჩვენების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა და იგი გირაოს, 10 მილიონი ლარის, გადახდის შემდეგ პატიმრობიდან თავდებით გაათავისუფლეს. მოგვიანებით მისი დაცვის მხარემ თანხის დაფარვის საკითხიც ეჭვქვეშ დააყენა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თანამოაზრეების შეფასებით, პროკურატურამ ირაკლი ორუაშვილისაგან აღიარებითი ჩვენება ზეწოლის საფუძველზე მიიღო; ხელისუფლების წარმომადგენლები კი დაბეჯითებით აცხადებენ, რომ გამოძიების მიერ წაყენებული ბრალდებები მტკიცე იყო და თავდაცვის ყოფილი მინისტრიც გამოძიებასთან თანამშრომლობაზე წავიდა. წავიდა პოლიტიკიდანაც.

[გია ცაგარეიშვილის ხმა]“ იყო უმძიმეს მდგომარეობაში, არის მორალურად განადგურებული და ფიზიკურად განადგურებული. ეს არის მანიშნებელი იმისა, რომ ამ ადამიანზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა. იგი იღებს ტაიმ–აუტს და მერე თვითონ გადაწყვეტს, რა ქნას.“

დეპუტატ გია ცაგარეიშვილს, მისი რამდენიმე თანაპარტიელისგან განსხვავებით, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი არ უნახავს. იგი მათ რიგებშია, ვისაც სწამს, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად, ოპოზიციის გაერთიანებას უდიდესი მუხტი მისცა. ოპოზიცია კი, თავის მხრივ, ამ კვირაშიც განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა. პარლამენტის შენობის წინ გამართული რამდენიმე საპროტესტო მიტინგის შემდეგ მათ გასვლითი აქციები მოაწყვეს რეგიონებშიც – კერძოდ, მცხეთაში, გორში, ხაშურში, ბორჯომში, ახალციხეში.

[ზვიად ძიძიგურის ხმა]“ ახალციხეში მერაბიშვილის მაფიაა გამეფებული. დათრგუნულია მოსახლეობა, შიშის დრო ახლა არ არის. ჯობია ადამიანები გაცილებით მხნედ და ადეკვატურად უყურებდნენ სიტუაციას, ვიდრე დღეს ეს არის. ჩვენ გავალთ კიდევ სხვა რეგიონებშიც და არც ერთ კუთხეს არ დავტოვებთ, სადაც არ მივალთ.“

განაცხადა კონსერვატორთა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა. მისი თქმით, ამ მოძრაობის კულმინაცია იქნება 2 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილი მიტინგი, რომელზეც ოპოზიცია ათასობით მხარდამჭერს ელის და რომელზეც კიდევ ერთხელ დადგება ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა: საქართველო პრეზიდენტის გარეშე და საპარლამენტო არჩევნების მომავალი წლის გაზაფხულზე გამართვა. მმართველი პარტია 2 ნოემბრისთვის დაგეგმილ აქციას ამ ეტაპზე ერთ არგუმენტს უპირისპირებს:

[ნინო კალანდაძის ხმა]“ ნატოს საკითხებთან დაკავშირებული ფართომასშტაბიანი კონფერენციაა დაგეგმილი. გამორიცხულია, რომ ამათ შორის კავშირი არ არსებობდეს, რომ 2 ნოემბერი სწორედ ამიტომ არ იყოს შერჩეული. ლოგიკურია, ამის შესახებ მითითება მოსკოვიდანაც ჰქონდეთ.“

ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო კალანდაძე. მოსკოვი, რუსეთი და, ბოლოს, შეთქმულებაც კი ოპოზიციის მისამართით ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე კვირაში არაერთხელ ახსენეს. ეგრეთ წოდებულ შეთქმულთა შორის ოქრუაშვილის გარშემო გაერთიანებულ ძალებთან ერთად ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილიც დასახელდა. ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულების შესახებ ლაპარაკი ღიად ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებისთანავე, 9 ოქტომბერს, დაიწყო. ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს საქართველოს ოლომპიური კომიტეტის აღმასკომმა კომიტეტის ხელმძღვანელის უფლებამოსილება შეუჩერა. მანამდე კი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ ოლიმპიური კომიტეტი არ უნდა იყოს შეთქმულთა თავშესაფარი:

[გიორგი გაბაშვილის ხმა]“ ქართული სპორტის სათავეში არ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც არის დაკავებული საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ხელისუფლებისა და საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაციით.“

ოლიმპიური კომიტეტის განდგომის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილმა ბიზნესმენთა ფედერაციიდან წასვლა უკვე საკუთარი ნებით გადაწყვიტა. „ნუ ჩააყენებენ ამჯერად ბიზნესფედერაციის წევრებს ოლიმპიური კომიტეტის მსგავს უღირს მდგომარეობაში და ნუ ჩაატარებენ მორიგ სამარცხვინო ექსპერიმენტს ადამიანებზე“, - ასე ახსნა თავისი გადაწყვეტილება ბადრი პატარკაციშვილმა, რომელმაც 11 სექტემბერს ღამით საქართველო დატოვა და ლონდონში გაემგზავრა. მანამდე კი ტელეკომპანია „იმედის“ ღია ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ იძულებულია პოლიტიკაში გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე იფიქროს. მისი განცხადება საზოგადოებამ ბიზნესმენის პოლიტიკური კულისებიდან გამოსვლად აღიქვა. კულისების დატოვებისა და ღია თამაშზე გადასვლისაკენ მას ამ კვირაში დაჟინებით მოუწოდებდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები. როგორც ჩანს, გამოწვევა მიღებულია. ბადრი პატარკაციშვილი პირველ პოლიტიკურ განცხადებებს სიტყვის თავისუფლების დასაცავად აკეთებს:

[ბადრი პატარკაციშვილის ხმა]“ გაანებონ ტელევიზიას თავი, გაანებონ თავი ჩემი ღირსების შელახვას. მინდა კონსტრუქციულად შევხედო ყველაფერს. ნუ წამართმევენ ღირსებას და ნუ შეეცდებიან „იმედს“ ზიანი მიაყენონ, სიტყვის თავისუფლებას ზიანი მიაყენონ. ამას ნამდვილად ვერ შევეგუები. და მერე ... ცხვარი ცხვარიაო...“

გაცხარებული ცხვრის შეჩერების სახელისუფლებო მეთოდები კი პოლიტოლოგ გია ნოდიას შეფასებით შემდეგია:

[გია ნოდიას ხმა]“ ხელისუფლება დაიწყებს საუბარს პატარკაციშვილის მორალურ და კრიმინალურ წარსულზე და გააძლიერებს საუბარს ოპოზიციის მორალურ სახეზე, ოპორტუნიზმზე და არაღირებულებითობაზე - საუბარს იმაზე, როგორი ადამიანის გარშემო ერთიანდებით.“ (სტილი დაცულია)

გასულ სამუშაო კვირაში ეს პროცესიც დაიწყო:

[გიგა ბოკერიას ხმა]“ ვინ გვიკითხავს მორალს სიტყვის თავისუფლებაზე, ბადრი პატარკაციშვილი? თავი რომ დავანებოთ ლისტიევის და ხლებნიკოვის გაუხსნელ მკვლელობებს, რაზეც არ ვფლობთ ინფორმაციას, რომ ბრალი დავდოთ...ამ წარსულს თავი რომ დავანებოთ...“

სხვათა შორის, მოსკოვის ბასმანის სასამართლომ მიმდინარე კვირაში ბადრი პატარკაციშვილის დაკავებაზე კიდევ ერთი სანქცია გასცა. საქართველოს ხელისუფლება ბიზნესმენის რუსეთში ექსტრადაციას არ აპირებს. ამის შესახებ განცხადებები მიმდინარე კვირაში მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა გააკეთეს. რაც შეეხება ქვეყნის პრეზიდენტს, ამ დღეებში განვითარებულმა შიდაპოლიტიკურმა მოვლენებმა საქართველოში პრაქტიკულად მის გარეშე ჩაიარა. საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალური ვიზიტები გამართა დანიის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში, ვილნიუსში კი შეხვდა სუამის წევრი ქვეყნების პრეზიდენტებს და ენერგეტიკული უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებს. კონფერენციაზე აზერბაიჯანის, საქართველოს, ლიტვის, პოლონეთისა და უკრაინის ენერგეტიკის მინისტრებმა გააფორმეს უწყებათშორისი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომელიც ენერგეტიკული კორიდორის, ოდესა–ბროდი–პლოცკი–გდანსკის ნავთობსადენის, შექმნას ითვალისწინებს. ნავთობსადენმა კასპიის საბადოებიდან - აზერბაიჯანის, საქართველოს, უკრაინისა და პოლონეთის გავლით - ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე გატანა უნდა უზრუნველყოს.

საქართველოს საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე კვირაში კონსულტაციები გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოში. საქართველოში გაეროს მისიის მანდატის გაგრძელების შესახებ რეზოლუცია უშიშროების საბჭოში მომავალ კვირაში განიხილება. მიმდინარე კვირაში კი, 20 სექტემბერს, ზემო აფხაზეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ შუალედური ანგარიში გამოქვეყნდა. „ამ დროისათვის არ შეგვიძლია ქართული მხარის ვერსია დავადასტუროთ ან უარვყოთ“, - ნათქვამია ანგარიშში.
პოლიტიკური ემოციებით გადატვირთული გასული სამუშაო კვირის მთავარ მოვლენებს შორის აღმოჩნდა ასევე დისკუსიები საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრების შესახებ. დებატები ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტში 25 ოქტომბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG