Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


ეკა ბესელია, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატიდა და წევრი მოძრაობისა ”ერთიანი საქართველოსთვის”, ”რეზონანსთან”

ინტერვიუში ამბობს, რომ საზოგადოება სულ მალე გაიგებს, რა სახის ზეწოლა განხორციელდა ირაკლი ოქრუაშვილზე მისგან აღიარებითი ჩვენების მისაღებად. ბესელია არაფერს აკონკრეტებს და მიაჩნია, რომ ზეწოლის დეტალებზე თავად ოქრუაშვილმა უნდა ისაუბროს: ”მგონი, იმის მტკიცება საჭირო არ არის, რომ ის საკუთარი სურვილით აბსურდულ განმარტებებს არ გაიმეორებდა. მეშვიდე საპყრობილე ცნობილია არამარტო მკაცრი რეჟიმის საპყრობილის სახელით. ასევე ცნობილია, რომ ამ საპყრობილეში განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობიან პატიმრებს”, - ამბობს ბესელია.

”რეზონანსშივე” ქვეყნდება ვრცელი ინტერვიუ ირაკლი ბათიაშვილთან. მეორე ინტერვიუს პატიმართან აქვეყნებს ”ახალი თაობაც”. მასში ბათიაშვილიც გამოთქვამს ვარაუდს, რომ ოქრუაშვილის ”საქმის ვითარების მთელი ჭეშმარიტება” ახლო მომავალში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. ”რეზონანსს” კი ბათიაშვილი ოქრუაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით უპასუხებს, რომ სწორედ ოქრუაშვილის ხელისუფლების მამხილებელი განცხადების შემდეგ ”დაიძრა ყინული” ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც სტაგნაციაში იმყოფებოდა. თუმცა, მეორე მხრივ, შოკის მომგვრელი და საზარლად მტკივნეული იყო მისი ე.წ. აღიარებითი ჩვენება, მაგრამ, ვგონებ, ყველასთვის ცხადი შეიქნა ის ვითარება, რომ იგი დიდი ზემოქმედების შედეგად იქნა მოპოვებული. სხვათა შორის, ასე ფიქრობს პატიმართა უმრავლესობაც აქ, სადაც მე ვიმყოფები”, - ამბობს ბათიაშვილი ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”ალია” კი წერს, რომ ”შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის რამდენიმეკაციანი ჯგუფი სამი დღეა უკვე უკრაინაშია” და დეპუტატ გივი თარგამაძის ”ბიზნესინტერესებს სწავლობს”. გაზეთი წერს: ”სააკაშვილი ”ვოლკებს” და ”ტურებს” რომ დასდევს, გივიას ”ტრიცატიპრაცენტნის” რომ ეძახიან, ვითომ არ იცის?! ან ვიდრე ირაკლი არ უგანებდა, მანამ რატომ არავინ დაინტერესდა გივიას ”საქმიანობით”, ბოლოს და ბოლოს, მისი მეტსახელიც ხომ ბიზნესს უკავშირდება. ანუ გივის, თურმე, თითქმის ყველა სამშენებლო ბიზნესში 30%-იანი წილი აქვს. როგორც ამბობენ, გივი ”კრიშავდა” ტერმინალებს, საბაჟოებს და, თუ ეს სააკაშვილმა არ იცოდა, კაკალაშვილის ლექსების კითხვას არ სჯობდა ”ალია” წაეკითხა, სადაც დეტალურად ვწერდით გივის ”ბიზნესნიჭზე?” - წერს ”ალია” და პრესასთან დაკავშირებით პრეზიდენტს უკვე ცალკე პუბლიკაციით ეხმიანება და მას მადლობას უხდის ”ფასდაუდებელი რეკლამისთვის”.

”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს საზოგადოება ”ქართული აკადემიის” ღია წერილს შეერთებული შტატების კონგრესის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში შეერთებული შტატების ელჩისადმი. ”დღევანდელ საქართველოში მიმდინარე პროცესები მსგავსია ლათინურ ამერიკაში მიმდინარე პროცესებისა, სადაც ასევე შემცირდა საშუალო კლასი და, სამაგიეროდ, გაჩნდა ანტიამერიკანიზმი და ლტოლვა სოციალისტური რევოლუციებისაკენ. მოვლენათა განვითარება მიუთითებს ამგვარი ტენდენციების გაძლიერებაზე საქართველოში. საქართველოში დღითი დღე იზრდება კონფრონტაცია ხელისუფლებასა და ხალხს შორის. რეალურია საფრთხე, რომ ქვეყანაში გამეფებული სოციალური დაძაბულობა, ხალხის მასობრივი გაღატაკება, დემოკრატიული ღირებულებების დისკრედიტაცია და პროფანაცია, სამართლებრივი ნიჰილიზმი, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა განუწყვეტელი ზრდა, საყოველთაო გაუცხოებისა და დაუცველობის განცდა გადაიზარდოს პოლიტიკურ დესტაბილიზაციაში, აქედან გამომდინარე სავალალო შედეგებით”, - აცხადებენ ”ქართული აკადემიის” წევრები და მიმართავენ შეერთებული შტატების მთავრობას, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, ობიექტურად შეაფასოს საქართველოში მიმდინარე ”ანტიჰუმანური და ანტიდემოკრატიული პროცესები”. ”ქართული აკადემიის” ღია წერილს ”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG