Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვა


გასულ კვირაში კვლავ აქტუალური იყო საპრეზიდენტო სუბსიდიის - ერთჯერადი სოციალური დახმარების - თემა,

რომელმაც დღის წესრიგში სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდის საკითხი დააყენა. ბიუჯეტის მატებამ კი ინფლაციის გაღრმავების საშიშროება წარმოქმნა. მისი შემცირება ექსპორტის ზრდას შეუძლია, მაგრამ ქართული პროდუქცის მთავარი ბაზარი, რუსეთი, ჩაკეტილია. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ბაზრის გახსნა შეიძლება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისთვის საქართველოს მხარდაჭერას მოეტანა. მინდა ამ და სხვა ეკონომიკური მოვლენების შესახებ გესაუბროთ.

გასულ კვირაში საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ იმ ვაუჩერების გაცემა დაიწყო, რომლის მეშვეობითაც დედაქალაქის სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ელექტროენერგიისა და გაზის საფასურს დაფარავს, საერთო ჯამში, 100 ლარის ოდენობით. მინისტრ დავით ტყეშელაშვილის განცხადებით, სუბსიდიით გამოყოფილი თანხის შესაბამის ვაუჩერს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შინ მიუტანენ:

[დავით ტყეშელაშვილის ხმა] ”ყველა პენსიონერი და ყველა შეჭირვებული ადამიანი და საჯარო სკოლის პედაგოგი მიიღებს 100 ლარიან საპრეზიდენტო სუბსიდიას.”

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებმაც ბოლო დროს მძლავრი საპროტესტო მოძრაობა წამოიწყეს და 2 ნოემბრისთვის მიტინგი დანიშნეს, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ხალხის მოსყიდვას და საპროტესტო განწყობილების შეჩერებას ცდილობს.

ასე არ ფიქრობენ ეკონომიკის ექსპერტები, თუმცა კი უარყოფითად აფასებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ექსპერტის, დავით ნარმანიას, კომენტარი:

[დავით ნარმანიას ხმა] ”ასეთი დახმარებების წინააღმდეგი ვარ, როგორც წესი, იმიტომ რომ ეს არის ერთჯერადი და გრძელვადიანი გაუმჯობესება არ მოჰყვება.”

პრეზიდენტის სოციალურ პროგრამაზე დიდი წარმოდგენა არც თავად დახმარების ადრესატებს აქვთ. მე პენსიონრებს და მასწავლებლებს თბილისის ქუჩებში გავესაუბრე.
მათი განცხადებით, ერთჯერადი დახმარება ორი თვის ხარჯებს თუ დაფარავს.

[მოქალაქეთა ხმა] ”ყოველთვე რომ მქონდეს, კიდევ ჰო, და... კი მაგრამ, 10 ლარიც რომ მომცენ, იმასაც რაღაცაში გამოვიყენებ.”

”ყვავს რომ კაკალი გააგდებინო, ისიც კარგია.”

სულ ქვეყნის ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის 100 მილიონი ლარი დაიხარჯება.

შესაბამისი ცვლილება 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 6 ნოემბრამდე შევა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს 18 ოქტომბერს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე.

მიმდინარე წლის ბიუჯეტი უკვე მესამედ - ამჯერად 350 მილიონი ლარით -იზრდება. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის კომენტარი:

[გია ხუროშვილის ხმა] ”ის მოითხოვს ძალიან ოპერატიულ გადაწყვეტას, იგივე ვაუჩერები, იგივე ფქვილის საკითხი. და, აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა რიგგარეშე სხდომის მოწვევა. და, სავარაუდოდ, 6 ნოემბერს ბიუჯეტი უნდა იქნას კენჭნაყარი.”(სტილი დაცულია)

ხუროშვილმა პრეზიდენტის სუბსიდირების პროგრამა მოიმიზეზა, თუმცა 350 მილიონიდან სოციალურად დაუცველი ფენების დასახმარებლად მხოლოდ 100 მილიონია განკუთვნილი: 79 მილიონი - დენის და გაზის ვაუჩერებისთვის, 26 მილიონი კი - ფქვილისთვის. დანარჩენი თანხის უდიდესი ნაწილი, 220 მილიონი, თავდაცვის სამინისტროზე მოდის. ოპოზიცია კრიტიკულადაა განწყობილი ამგვარი ცვლილების მიმართ. მრეწველთა ფრაქციის ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ახალი საბიუჯეტო ხარჯები ინფლაციას გამოიწვევს:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ”ახლა კიდევ 350 მილიონის დამატება ხარჯვით ნაწილში რას გამოიწვევს, არ არის გაანალიზებული. გამოიწვევს თუ არა ეს ინფლაციას? რა თქმა უნდა, გამოიწვევს.”

მთავრობა ინფლაციის შესაძლებლობაზე არ საუბრობს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, ინფლაცია მხოლოდ 9 პროცენტია და ფასებმა მხოლოდ იმ პროდუქციაზე მოიმატა, რომელიც სამომხმარებლო კალათის ძირითად ნაწილს არ შეადგენს. ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერის, მანანა ნაჭყებიას, მტკიცებით კი, ინფლაცია 20 პროცენტს აღწევს.

ინფლაცია რომ დასაშვებზე მაღალია, ამას სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძეც აღიარებს:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ინფლაციის მაჩვენებელი წინა თვეს იყო 1,2 პროცენტი, რომელიც ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ მაღალია საკმაოდ. ამიტომ ეროვნული ბანკი მიიღებს სათანადო ზომებს, რომ ეს ჩადგეს კალაპოტში.”

არადა, გასულ კვირაში სხვადასხვა პოლიტიკოსები მთავრობის მიერ ეროვნული ბანკის გაუქმების შესახებ ალაპარაკდნენ. "სოლიდარობის ცენტრის" დირექტორის კახა კოხრეიძის განცხადებით, კახა ბენდუქიძის ინიციატივის მიხედვით, ეროვნული ბანკი გაუქმდება და მის ადგილს საბჭო დაიკავებს. მთავრობას ამის შესახებ არაფერი განუცხადებია, ის სწორედ ეროვნულ ბანკს განიხილავს ინფლაციის შემაკავებელ ერთ-ერთ მექანიზმად.

ეროვნული ბანკის გარდა, ინფლაციის ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი ექსპორტის ზრდაა. თუმცა საქართველოში შექმნილი საექსპორტო პროდუქციის გასაღების მთავარი ბაზარი, რუსეთი, ჩაკეტილია. ქართული ღვინის, მინერალური წყლის, ხილ-ბოსტნეულის თითქმის 70 პროცენტი ბაზრის გარეშეა დარჩენილი. ეკონომიკის ექსპერტები გამოსავალს მხოლოდ რუსეთის ბაზრის დაბრუნებაში ხედავენ. ექსპერტ ნიკო ორველაშვილის აზრით, ეს პრობლემა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიღების მხარდაჭერით შეიძლება გადაწყდეს:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”საქართველოს ხელისუფლება თუ კვალიფიციურად და კორექტულად დააყენებს იმ პრეტენზიებს, რომლებიც საქართველოს აქვს - და აქვს მრავლად - რუსეთთან მიმართებაში, სრულიად რეალურია იმის შანსი, რომ საქართველო ძალიან ბევრს მოიგებს. პირველ რიგში, იგივე ქართული ღვინოებისთვის რუსეთის ბაზარი ხელახლა გავაღოთ. იგივე შეეხება ხილს, იგივე შეეხება ციტრუსებს და ასე შემდეგ.“(სტილი დაცულია)

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ ქართულ-რუსული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჟენევაში 19 ოქტომბერს დაიწყო.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ კოვზირიძის განცხადებით, საქართველო როკისა და ფსოუს საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზებას მოითხოვს.
თამარ კოვზირიძე საქართველოს დელეგაციას წარმოადგენს ჟენევის მოლაპარაკებებზე.

[თამარ კოვზირიძის ხმა] ”ამ შემთხვევაში ჩვენ კონკრეტულად ვგულისხმობთ საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივად გაკონტროლებას, როდესაც ლაპარაკია ლეგალიზაციაზე.”(სტილი დაცულია)

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკებების დეპარტამენტის დირექტორის მაქსიმ მედვედკოვის თქმით, ქართული მხარე მოსკოვისგან კვლავ მოითხოვს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების ლეგალიზებას. "გვსურს გავიგოთ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რომელი ნორმები გვაკისრებს ამ ვალდებულებას", - აღნიშნა მედვედკოვმა. რუსეთის წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები რთული არ იქნება და რუსეთი ორგანიზაციის წევრი ახლო მომავალში გახდება.

გასულ კვირაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა მოხდა: პარლამენტში 2008 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. მისი პრიორიტეტები კვლავ უცვლელია. წინა წლებისგან მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ 2008 წლის ბიუჯეტი 4 მილიარდ 931 ლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG