Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვა


პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ფასების ზრდა და მასზე მთავრობის რეაქცია;

პრეზიდენტის სუბსიდირების პროგრამა და ინფლაცია; მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებების დამტკიცება და საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილება შეწყვიტოს საქართველოს დახმარების პროგრამა - გასულ კვირაში საქართველოს ეკონომიკის ძირითადი თემები იყო. ამ და სხვა ეკონომიკური მოვლენების შესახებ მინდა დღეს გესაუბროთ.

გასულ კვირაში საქართველოს მთავრობა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2007 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე შეთანხმდნენ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 350 მილიონი ლარით გაიზრდება. ფინანსთა მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, ამ ცვლილების შემდეგ 2007 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ხუთ-ნახევარი მილიარდი ლარი გახდება. მინისტრის თქმით, ნამატ თანხას შემდეგი სამინისტროები გაინაწილებენ:

[ნიკა გილაურის ხმა] ”ეს არის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - 6 ათასი ლარი, რომელიც მოხმარდება ციხეების მშენებლობასა და რემონტს; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - 224 მლნ ლარი; საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნება იზრდება 28 მილიონი ლარით და ეს არის სწორედ ის ფქვილის დარიგების პროგრამა, რომელიც სოციალური პაკეტის ნაწილს წარმოადგენს; ხოლო შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნება იზრდება 92 მილიონი ლარით, საიდანაც 72 მილიონი ლარი არის ასევე სოციალური პაკეტის, ელექტროენერგიისა და გაზის ვაუჩერების ნაწილი, ხოლო 20 მილიონი არის სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება.“

ნიკა გილაურის მიერ წარმოდგენილი ეს პრიორიტეტები ოპოზიციამ დაიწუნა.

მემარჯვენე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ დავით საგანელიძის, კომენტარი:

[დავით საგანელიძის ხმა] „ზოგადად, პრიორიტეტი არ ჩანს! ამ შემთხვევაში ის ერთჯერადი დახმარებები, რისთვისაც გამოყოფილია ეს თანხა, ცხადია, კარგია და საჭიროა, მაგრამ იმდენად ალოგიკურია და იმდენად პარტიულ პროპაგანდას უფრო ჰგავს ბიუჯეტის ხარჯვა, ვიდრე იმ კონცეფციას, რასაც რეალურად ბიუჯეტი და ხარჯვის სწორი მენეჯმენტი ჰქვია, რომ ძნელია ასეთ ცვლილებას მხარი დაუჭირო.“ (სტილი დაცულია)

მემარჯვენეების მსგავსად, მთავრობის ინიციატივას არც არასაპარლამენტო ოპოზიცია იწონებს.

„ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ვაუჩერების დარიგება საპროტესტო გამოსვლების შემდეგ გადაწყვიტა:

[კობა დავითაშვილის ხმა] „ხელისუფლებას მხოლოდ მაშინ ახსენდება, ხალხს რომ დენისა და პურის ფული არ აქვს, როცა 20 ათასი კაცი გამოდის ქუჩაში. მანამდე არ ახსოვს. ახლა ცდილობს 50 ლარით, სამშობლოს გაყიდვიდან წილში ჩასმით მოისყიდოს ხალხი.“ (სტილი დაცულია)

მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგების გარდა, ბიუჯეტის ზრდას ეკონომიკური ეფექტიც აქვს. სწორედ ეს აშფოთებთ ეკონომიკით დაინტერესებულ პოლიტიკოსებს. მათ შორისაა მრეწველთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] „რა თქმა უნდა, გამოიწვევს ინფლაციას, მით უმეტეს, როცა ლომის წილი მიდის თავდაცვის სამინისტროში და არ ვიცით ადგილზე უნდა დაიხარჯოს თუ იმპორტზე.“ (სტილი დაცულია)

ინფლაცია რომ დასაშვებზე მაღალია, ეს ორიოდე კვირის წინ სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ გამოაცხადა, თუმცა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი სხვა აზრისაა. დეპარტამენტის თავმჯდომარის გრიგოლ ფანცულაიას განცხადებით, ინფლაციის მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი არ არის:

[გრიგოლ ფანცულაიას ხმა] „ინფლაციის მაჩვენებელმა, წლის დასაწყისიდან სექტემბრის ჩათვლით, შეადგინა 6,2 პროცენტი, რაც ნორმალური მაჩვენებელია და ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებულად დიდია - რეალურად ასახავს არსებულ მდგომარეობას.“ (სტილი დაცულია)

სტატისტიკის დეპარტამენტის ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდით ქვეყნის ეკონომიკას საფრთხე არ ემუქრება.

უკვე კვირის ბოლოს ბიუჯეტის ცვლილებები პარლამენტის სესიაზე კენჭისყრაზე გავიდა. არც ამ განხილვას ჩაუვლია კამათისა და წინააღმდეგობების გარეშე. ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერის მამუკა კაციტაძისთვის გაუგებარი აღმოჩნდა, რა მიზნებს ემსახურება საბიუჯეტო წლის ამოწურვამდე ორი თვით ადრე სხვადასხვა უწყებებისთვის 16 მილიონი ლარის დამატება:

[მამუკა კაციტაძის ხმა] ”რა არ დაგეგმა საქართველოს მთავრობამ, რაშიც ახლა ითხოვს 16 მილიონ ლარს?”(სტილი დაცულია)

მამუკა კაციტაძეს ფინანსთა მინისტრ ნიკა გილაურისგან ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი არ მიუღია:

[ნიკა გილაურის ხმა] ”ხალხნო, მართლა იყო პერიოდი, როდესაც ამ დროს მცირდებოდა ბიუჯეტი და დააახლოებით 350 მილიონი ხდებოდა ბიუჯეტი. ახლა ჩვენ შემოვდივართ 350 მილიონ ლარიანი ზრდით. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი.”(სტილი დაცულია)

ბიუჯეტის ცვლილებები დაამტკიცეს. საქართველოს ეკონომიკის სწრაფმა ზრდამ საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტისკენ უბიძგა. ფონდის მისია საქართველოს მომავალ კვირას ესტუმრება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ სიღარიბის დაძლევის პროგრამის ფარგლებში გამოიყო ბოლო ტრანში, 21 მილიონი დოლარის ოდენობით. ეს პროგრამა 30 სექტემბერს დასრულდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობის აზრით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახალი პროგრამა საქართველოში არ განხორციელდება, მაგრამ საქართველოში მოღვაწეობას საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ შეწყვეტს.

საქართველოს ეკონომიკის ასეთი გაძლიერება და ქვეყნის ბიუჯეტის რეკორდული მაჩვენებლები ჯერჯერობით რიგით მოსახლეობაზე თითქმის არ აისახება. მოსახლეობაზე ყველაზე მეტ გავლენას ფასების ზრდა ახდენს. როგორც ცნობილია, ბოლო თვეების მანძილზე საგრძნობლად გაიზარდა პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციის - შაქრის, ზეთის, რძის ნაწარმის, მარილის და სხვა პროდუქციის - ღირებულება. მარილის თემა გასულ კვირაში საქართველოს მთავრობის სხდომის ძირითად თემადაც კი იქცა. სხდომას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უძღვებოდა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მარილზე როგორც კი მოვშალეთ მონოპოლია, წინა კვირიდან ფასებმა დაიწყო კლება. ასევე უნდა ვიმუშაოთ შაქრის მიმართულებით, ზუსტად ასე უნდა ვიმუშაოთ...”

შაქრის ფასების შემცირება ეკონომიკაში შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის ჩარევის შედეგად მოხერხდა.

[ვანო მერაბიშვილის ხმა] ”ჩვენს სამინისტროში არსებული მატერიალური რესურსებიდან გამოვყავით 800 ტონა მარილი. ის იყიდება და ფასები განახევრდა. ფასების ზრდა გამოწვეული იყო იმით, რომ არის მონოპოლისტი იმპორტიორი.”

ამ გამოცდილების მქონე შინაგან საქმეთა მინისტრს პრეზიდენტმა სააკაშვილმა არაბუნებრივ მონოპოლიებთან ბრძოლა დაავალა. მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა აღიარა, რომ, ქვეყანაში გატარებული ლიბერალური რეფორმებისა და ანტიკორუფციული ღონისძიებების მიუხედავად, მაინც ყალიბდებიან მონოპოლიები.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”კონკურენციის სააგენტოს არსებობის ამ ქვეყანას არაფერი ეტყობა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დრომდე პრეზიდენტი ასრულებს კონკურენციის სააგენტოს საქმეს. ამიტომ კარგია, რომ გავიგე, არსებობს. აწი აღარ იარსებებს.”(სტილი დაცულია)

პრეზიდენტმა ანტიმონოპოლიური საქმიანობა, შინაგან საქმეთა მინისტრის გარდა, მთავრობის სხვა წევრებსაც დაავალა. ეკონომიკის ექსპერტები - მათ შორისაა ნიკო ორველაშვილიც - ფიქრობენ, რომ ეკონომიკაში მთავრობის ჩარევა უკუშედეგებს გამოიწვევს:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”ვთხოვ კარგად გაიხსენოს, ვინ დაშალა ანტიმონოპოლიური სამსახური...”

ნიკო ორველაშვილის აზრით, იმისათვის, რომ მონოპოლიური გარემო არ ჩამოყალიბდეს, ქვეყანაში უნდა არსებობდეს მთავრობისგან დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური კომისია, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ პარლამენტის წინაშე. შეგახსენებთ: ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირების მიზნით, საქართველოში ფუნქციონირებს ენერგეტიკისა და კომუნიკაციების დამოუკიდებელი კომისიები.
XS
SM
MD
LG