Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა როლს ასრულებს ახალგაზრდული მოძრაობა საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებში


საპროტესტო აქციები ნაციონალური მოძრაობის ოფისის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ”სირცხვილის ხის” დადგმა, აქციები ”არ მეშინია” და სხვ.

ერთიანი ახალგაზრდული მოძრაობის ორგანიზებულია. 30 ოქტომბერს ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტებმა კიდევ ერთი აქცია მოაწყვეს, ამჯერად - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ. ახალგაზრდები ძალადობის წინააღმდეგ პროტესტს სტუდენტებისთვის თეთრი ლენტის მაჯაზე გაკეთებით გამოსატავდნენ.

ერთიანი ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტები ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ, შემდეგ კი ეზოს გარეთ გავიდნენ და, ტელეკამერების დასანახად, ეზოში საგანგებოდ ერთად შემოვიდნენ თეთრი ლენტებითა და ხმის გამაძლიერებლით.

[აქციის ხმა] ”ვისაც დღეს მიგაჩნიათ, რომ დღეს საქართველოში ირღვევა ადამიანის უფლებები, შეიბით ეს ლენტი, რათა მთავრობას დავანახვოთ, რომ დღეს ახალგაზრდობას არ ეშინია....”

ამ მოწოდებებთან ერთად აქციის ორგანიზატორები სტუდენტებს მაჯაზე თეთრ ლენტებს უკეთებდნენ. თეთრი ლენტის გაკეთების არცთუ ბევრი მსურველი გამოჩნდა. უნივერსიტეტის სტუდენტთა ერთი ნაწილის აზრით, ლენტის გაკეთება სულაც არაა საჭირო იმისთვის, რომ უშიშარი იყო. ერთ-ერთმა სტუდენტმა, აკაკი ლემონჯავამ, თეთრი ლენტი აქციის ორგანიზატორების თვალწინ მოისროლა.

[კამათი, აკაკი ლემონჯავას ხმა] ”...მოიშორე... გეშინია? არა, არ მეშინია, მე არ გავიკეთებ...”

ისინი კი, ვინც თეთრი ლენტის მაჯაზე გაკეთებით შიშის დაძლევის დემონსტრირება მოახდინა, შემდეგნაირად განმარტავდნენ თავიანთ საქციელს:

[სტუდენტების ხმა] ”ვერაფერს ვერ გეტყვით.. ძალადობის წინააღმდეგ არის და იმიტომ გავიკეთე თეთრი ლენტი...”

” ... ვერ გეტყვით, არა, არ მინდა... მინდა დავანახვოთ ხელისუფლებას, რომ არ გვეშინია, ისე არ ჩანს...”

სტუდენტების გააქტიურება საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავების შემდეგ დაიწყო. ერთიანი ახალგაზრდული მოძრაობის წამყვანი ბირთვი კი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების ლიდერები არიან. ყველაზე მეტად პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფლებისა” და რესპუბლიკელების ახალგაზრდული ფრთა აქტიურობს.

მიუხედავად ამისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილი სტუდენტები უარყოფდნენ ახალგაზრდულ მოძრაობაზე რომელიმე პოლიტიკური პარტიის გავლენას. თანასწორობის ინსტიტუტის წევრის ვლადიმერ სადღობელაშვილის კომენტარი:

[ვლადიმერ სადღობელაშვილის ხმა] ”ეს ხდება ყველაფერი ჩვენი ინიციატივით და აქ არავითარი დაკვეთები არ არის. ჩვენ ვართ ხალხის სიყვარულით ავსებული ადამიანები, რომლებსაც გვინდა თანასწორობა მთელს ქვეყანაში.”

სადღობელაშვილის ოპონენტი, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი მეგრელიშვილი კი ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიების მანიპულირებისგან სტუდენტებს პოლიტიკური მოძრაობებისგან განსხვავებული ინტერესები იცავს:

[ირაკლი მეგრელიშვილის ხმა] ”არ არიან დაინტერესებულნი აქტიურად იყვნენ ჩართული პოლიტიკაში, თუ ამის აუცილებლობა არ დადგება. ასეთი აუცილებლობა იყო, როდესაც სტუდენტებმა ენა დაიცვეს, იყო ასევე ეროვნული მოძრაობის დროს, როგორც იყო რევოლუციის დროს. ახლა იმაზე მეტი აუცილებლობა არ არის, ვიდრე ვისწავლოთ და ვაკეთოთ ჩვენი საქმე.”(სტილი დაცულია)

დღის მეორე ნახევარში კი უნივერსიტეტის წინ მოწყობილი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სასტვენებით სტვენითა და შეძახილებით საქართველოს პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და კვლავ ძალადობის შეწყვეტა მოითხოვეს.
XS
SM
MD
LG