Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად ადეკვატურად რეაგირებს ქართული მართლმსაჯულება ოპოზიციის ლიდერთა დარბევაზე


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული და გასამართლებულია ზუგდიდში ოპოზიციის ლიდერთა დარბევაში მონაწილე რამდენიმე პირი.

ორ მათგანს - ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს - ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის სახით შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 20 დღის ვადით და ჯარიმა, 400 ლარის ოდენობით. სასამართლომ ასევე 400-400 ლარით დააჯარიმა 28 ოქტომბრის ძალადობაში მონაწილე კიდევ ხუთი ახალგაზრდა. რამდენად ადეკვატურად რეაგირებს ქართული მართლმსაჯულება ოპოზიციის ლიდერთა დარბევაზე და რას ფიქრობს იურისტთა ერთი ნაწილი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ?

28 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში ოპოზიციის ლიდერთა დარბევას რამდენიმე ათეული ადამიანი შეესწრო. დეპუტატების ბეჟან გუნავასა და ბიძინა გუჯაბიძის ცემის ამსახველი კადრები ტელევიზიითაც არაერთხელ გადაიცა.

[ისმის ყვირილი]

ძალადობის ამსახველი კადრები ასევე ტელევიზიით იხილა ნაცემი დეპუტატების კოლეგამ და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] „ყველა ის ადამიანი, ვინც გადაამეტა უფლებამოსილებას და დაარღვია კანონი, იქნება ეს ოპოზიციის თუ ხელისუფლების მხარდამჭერი, მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები. მათი ვინაობა დადგენილია და მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები.“(სტილი დაცულია)

ადეკვატური ზომები, რომლის შესახებაც ლევან ბეჟაშვილი ლაპარაკობდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლაც გაატარა. საქმე ისაა, რომ პოლიციელებმა დააკავეს ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის შვიდი მონაწილე, თუმცა რაიონული სასამართლო მხოლოდ ადმინისტრაციულ სასჯელს დასჯერდა: გოგა ღურწკაიასა და გიორგი სამუშიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ოცდღიანი პატიმრობა და 400 ლარის ჯარიმა აკმარა. ასევე 400-400 ლარით დაჯარიმდა კიდევ ხუთი ახალგაზრდა. ზუგდიდის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომლის თქმითაც, განსასჯელებისათვის მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელის დაკისრება ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელია. სახალხო დამცველი მოითხოვს იმ პოლიციელების დასჯასაც, რომელთა ნაწილი მონაწილეობდა დარბევაში, ნაწილი კი არაფერს აკეთებდა ძალადობის აღსაკვეთად. და კიდევ:

[სოზარ სუბარის ხმა] „ზუგდიდში განხორციელებული დარბევები, დანაშაულის სხვა ნიშნებთან ერთად, როგორიცაა ხულიგნობა, სამსახურებრივი გულგრილობა და უფლებამოსილების გადამეტება, შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლით და 156-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ეს არის ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა და ეს არის დევნა პოლიტიკურ ნიადაგზე.“

სოზარ სუბარის შეფასებას არ იზიარებს „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომომადგენელი იურისტი თეა თუთბერიძე, რომლის თქმითაც, ზუგდიდის ინციდენტს ადგილი ჰქონდა მიტინგის დასრულების შემდეგ, რასაც, მისივე თქმით, არსებითი მნიშვნელობა აქვს:

[თეა თუთბერიძის ხმა] „ცემა ეს არის კერძო ბრალდება. როდესაც მე მარბევენ აქციაზე, ეს სხვაა, მაგრამ როცა მე მივდივარ ქუჩაში და ამ დროს ვიღაცა თავს მესხმის და მცემს, ეს არის კერძო ბრალდების საქმე, უნდა მივმართო,რომ დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კუთხით ამ პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით.“(სტილი დაცულია)

თეა თუთბერიძე ურჩევს ბიძინა გუჯაბიძესა და ბეჟან გუნავას, მიმართონ პროკურატურას და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვონ, თუმცა ოპოზიციის რიგებში გადასული ადვოკატი ეკა ბესელია ამბობს, რომ ის, რაც ზუგდიდში მოხდა, ვერ ჩაითვლება კერძო ბრალდების საქმედ. ადვოკატის თქმით, მნიშვნელოვანია დანაშაულის მოტივი:

[ეკა ბესელიას ხმა] „მოტივი იყო ოპონენტის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა. თუ ვინმე იტყვის, რომ პირადი წყენა ან პირადი მიზეზი ჰქონდა ვინმეს ბეჟან გუნავასი ან ბიძინა გუჯაბიძის და ლაშა ჩხარტიშვილის მიმართ, მაშინ თქვან. რა, გამოიძია ვინმემ? საქართველოს კანონმდებლობა ამბობს, რომ როგორც კი დანაშაულებრივი ფაქტი მოხდება, მაშინვე იწყება გამოძიება ყოველგვარი შეტყობინებისა და საჩივრის გარეშე. ეს არის დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნა.”

თუმცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნის გარდა, ასევე მნიშვნელოვანია დანაშაულის პრევენცია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ბესიკ ბოხაშვილი ამბობს, რომ ზუგდიდის ინციდენტის მონაწილეები და ორგანიზატორები კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ:

[ბესიკ ბოხაშვილის ხმა] „თუ არ იქნება ხელისუფლების მხრიდან იმის პოლიტიკური ნება, რომ მოძალადეები ერთხელ და სამუდამოდ კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ, აღიკვეთოს დემონსტრაციების და მანიფესტაციების დარბევა, პარლამენტარებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ამან გარკვეულ პირებს შეიძლება მართლაც გაუღვივოს დაუსჯელობის შეგრძნება და ვიღაც პირს აღეძრას სურვილი, რომ ასეთი მცირე სასჯელის სანაცვლოდ გაუსწორდეს ოპონენტს.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG