Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვა


გასული კვირა პოლიტიკური მოვლენების სიუხვის გამო ეკონომიკური მოვლენებით ნაკლებად დატვირთული

აღმოჩნდა. კვირის მანძილზე გაიხსნა ახალი საწარმო, სარკინიგზო სადგური და ცნობილი გახდა, რომ საქართველო ჯერჯერობით საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ ფინანსურ დახმარებას არ მიიღებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის, "სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის”, 3-წლიანი პროგრამა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდა. რატომ აღარ გაგრძელდა ფინანსური დახმარების პროგრამა? - ამ და გასული კვირის სხვა ეკონომიკური თემების შესახებ მინდა გესაუბროთ.

გასული კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ საქართველოს რკინიგზა აუქციონზე ხელახლა გაიტანა. საქართველოს რკინიგზით დაინტერესების შესახებ განაცხადების მიღება ინტერნეტით, "ფაინეშელ თაიმსსა" და "ეკონომიქსში" გამოქვეყნდა.

საქართველოს რკინიგზის მართვის უფლებით 89 წლით გადაცემის პირველი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა, რადგან კომპანია "ფარქფილდ ინვესთმენტმა" უარი განაცხადა ადრე მიღწეულ შეთანხმებაზე. მას 1 მილიარდი დოლარი უნდა დაებანდებინა საქართველოს რკინიგზის განვითარებაში. ეკონომიკური განვითარების მინისტრის გიორგი არველაძის კომენტარი:

[გიორგი არველაძის ხმა] ”ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის საუკეთესო განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღებთ ყველა გადაწყვეტილებას. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი არის რკინიგზა იყოს ქვეყნის ხერხემალი.”(სტილი დაცულია)

"ფარქფილდ ინვესთმენტმა" საქართველოს რკინიგზაზე უარი მართვის ხელშეკრულების იმ პირობის გამო თქვა, რომლის მიხედვითაც, რკინიგზა თბილისის გარეთ უნდა გადაეტანათ.

საქართველოს რკინიგზის მართვის უფლებით მოპოვებაზე განაცხადების მიღება 2008 წლის იანვრის ბოლოს დაიწყება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა საქართველოს რკინიგზის საინვესტიციო პოტენციალი გასულ კვირაში უცხოელ ბიზნესმენებს ავსტრიაში გამართულ ბიზნესფორუმზე გააცნო.


გასულ კვირაში ასევე ცნობილი გახდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ განახორციელოს საქართველოში ახალი პროგრამა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოღვაწეობა საქართველოში დასრულდა. ფონდის გადაწყვეტილების კომენტირება ვთხოვე პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს ”ახალი მემარჯვენეებიდან” ირაკლი იაშვილს.

[ირაკლი იაშვილის ხმა] ”მიაჩნიათ, რომ ქვეყანა თვითონ აბალანსებს თავის შემოსავლებს და ხარჯებს. მე ვფიქრობ, რომ ერთი ვადა კიდევ უნდა გაეგრძელებინა, იმიტომ რომ სახელმწიფო ჯერჯერობით არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ ეს ინექციები არ სჭირდებოდეს.”

საერთაშორისო სავალუტო ფონდის, "სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის”, 3 წლიანი პროგრამა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდა. ამ პროგრამის ფარგლებში საქართველომ დაახლოებით 145 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. ამ თანხამ ეროვნული ბანკის რეზერვებში მოიყარა თავი და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას მოხმარდა. ამჟამად ეროვნული ბანკის რეზერვებმა 1 მილიარდ დოლარს მიაღწია. შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტრანშები ზღვაში წვეთს დაემსგავსა. უკანასკნელი ტრანში 21 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

ეკონომიკის ექსპერტის ნიკო მჭედლიშვილის კომენტარი:

[ნიკო მჭედლიშვილის ხმა] ”ახლა ეს თანხები, რომელსაც ჩვენ სავალუტო ფონდი გვაძლევს, უმნიშვნელო თანხებია, რადგან ჩვენ დიდი რეზერვები გვაქვს.”

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების შეწყვეტა სულაც არ ნიშნავს, რომ ფონდის მისია საქართველოში საქმიანობას წყვეტს. ფონდის მისია თბილისს 6 ნოემბერს ესტუმრება და ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილ ვითარებას კიდევ ერთხელ შეისწავლის. საკითხავია, შეძლებს თუ არა საქართველო, სავალუტო ფონდის ინექციების გარეშე, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას. ეკონომიკის ექსპერტის ნიკო მჭედლიშვილის აზრით, ეს სავსებით შესაძლებელია:

[ნიკო მჭედლიშვილის ხმა] ”თავის დროზე ის იყო სტაბილურობის ერთადერთი გარანტი. ახლა იმდენად დიდი განსხვავებაა მაშინდელ საქართველოსა და ახლანდელ საქართველოს შორის, რომ... ახლა საქართველოს აქვს რეიტინგი, რომელსაც უყურებს ინვესტორი... სტაბილურობის გარანტიას ახლა ქმნის თავად სახელმწიფო.”

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებათა შეწყვეტა საქართველოს მთავრობისთვის მოულოდნელი არ აღმოჩნდა. სახელმწიფო მინისტრ კახა ბენდუქიძეს, დღიდან მისი მთავრობის წევრობისა, მიაჩნდა, რომ სავალუტო ფონდი არაფერშია საჭირო. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი დავით ამაღლობელი საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ფინანსური დახმარების შეწყვეტას გასულ წელს მოელოდა. მისივე განცხადებით, სავალუტო ფონდი საქართველოს სხვა სახის დახმარებას გაუწევს:

[დავით ამაღლობელის ხმა] ”სავალუტო ფონდი არის დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაცია, სადაც უზარმაზარი კვლევითი და ანალიტიკური სამუშაო ტარდება. ჩვენ საშუალება გვაქვს ეს გამოცდილება მივიღოთ და ამის საფუძველზე შევიმუშაოთ ჩვენი მაკროეკონომიკური პოლიტიკა.”

ცნობისთვის: ბოლო წლების მანძილზე საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას ურჩევს შეამციროს საბიუჯეტო ხარჯები, რაც ინფლაციის შემცირების ერთ-ერთი პირობაა. ჯერჯერობით კი საქართველოს საბიუჯეტო ხარჯები სულ უფრო მეტად იზრდება, შესაბამისად იზრდება ინფლაციაც.

დაბოლოს, გასული კვირის მეორე ნახევარში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ახალი სარკინიგზო სადგური ”აეროპორტი” გახსნა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ეს არის ნამდვილი სენსაცია. ეს არ არის სადგური მხოლოდ. ეს არის მთელი რკინიგზის ხაზი.”

აეროპორტიდან მგზავრები თბილისის ცენტრში მოხვედრას გაცილებით სწრაფად შეძლებენ, ვიდრე ტაქსით; მგზავრობის ღირებულება კი, ტაქსის საფასურისგან განსხვავებით, ძალიან იაფი იქნება - მხოლოდ 2 ლარი. მიხეილ სააკაშვილის თქმით, აღმშენებლობითი პროცესი, ეკონომიკური ბლოკადისა თუ პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, მაინც გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG