Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


”ის, რაც ზნეობრივად მცდარია, ვერასდროს იქნება პოლიტიკურად მართებული”,

- ამ სათაურით გაზეთი ”მთელი კვირა” დეპუტატ გუგული მაღრაძის წერილს აქვეყნებს. ”პარლამენტის როლი ძალიან დაკნინებულია დღევანდელ საქართველოში, რასაც ჩვენივე ხელით მივეცით ხმა, და პარლამენტის ასეთ დაკნინებულ მდგომარეობას კარგად ვგრძნობთ ჩვეულებრივი რიგითი პარლამენტარები (და არა ლიდერები), და ამ ვითარებას ყველა უცხოელი პოლიტიკოსი თუ პოლიტოლოგი თვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბარიერად ჩვენი ინტეგრაციისთვის დასავლურ სტრუქტურებში”, - წერს დეპუტატი და ამავე წერილში დასძენს: ”ნუ დავტოვებთ პრეზიდენტს იმ ადამიანთა გარემოცვაში, რომლებიც უბიძგებენ მას კონფრონტაციისკენ თავისი თავების გადასარჩენად. ნუ შევუქმნით საფრთხეს ქვეყანას, ნუ ჩავაყენებთ ჩიხში პრეზიდენტს, მხარი დავუჭიროთ იდეას, რომ აღვადგინოთ არჩევნების კონსტიტუციური ვადები”, - დეპუტატ გუგული მაღრაძის წერილს ”მთელი კვირა” აქვეყნებს. გაზეთის ამავე ნომერში კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი წერს: ”ოპოზიციას, რამდენიც უნდა ეცადოს, რევოლუციის გამოწვევა არ შეუძლია. რევოლუციამდე ქვეყნის მიყვანა შეუძლია ხელისუფლებას” და დღეს თუ რევოლუციური სიტუაცია შეიქმნა, ”ესეც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე უბადრუკი რეაგირების სავალალო შედეგი იქნება”. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით კი, ”საუკეთესო გამოსავალი არის ის, რომ პრეზიდენტი დაუბრუნდეს თავის ჩვეულ ამპლუას, ანუ ოპოზიციონერის ამპლუას, და გაატაროს ოპოზიციის მიერ წამოყენებული მოთხოვნები საკუთარი ხელით.”

”1. არჩევნები აპრილში იქნება თუ ოქტომბერში, ეს მეორადია. როგორი იქნება საარჩევნო ადმინისტრაცია და არჩევნების წესი - პირველადი. მოლაპარაკება ამაზე უნდა გაიმართოს იმ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ვისაც შეუძლია არ იყოს მხოლოდ რუსი ბიზნესმენის დაკრულზე მოცეკვავე”, - ასე იწყებს პოლიტოლოგი დავით დარჩიაშვილი შექმნილ ვითარებაში გასაკეთებელ საქმეთა ჩამონათვალს და განაგრძობს: ”2.ღირსების აღსადგენად (და არა ზუსტად იმ სამსახურებრივ-კლანური პოზიციების დასაბრუნებლად, რომელიც 2003 წლის რევოლუციამ მოსპო) სასწრაფოდაა შესაქმნელი დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც განსჯის, თუ ვინაა უსამართლოდ დაჭერილი, ვისი საკუთრებაა უსამართლოდ შებღალული, ვინაა სამსახურიდან უსამართლოდ გაძევებული და ვის წაერთვა უსამართლოდ შემოსავლის ერთადერთი მოკრძალებული წყარო. 3. ამ კომისიამ უნდა უმოკლეს ვადებში მოახერხოს ადამიანთა ღირსების დაბრუნებისაკენ მიმართული სარეკომენდაციო პაკეტის დადება, რომელსაც განიხილავს პარლამენტი და დაამტკიცებს როგორც საგანგებო კანონს”, - წერს დავით დარჩიაშვილი ”24 საათში”.

”კვირის პალიტრა” საქართველოს პარლამენტის სპიკერ ნინო ბურჯანაძეს ესაუბრა. ”ალბათ, ყველაზე სწორი ის იქნება, რომ მიტინგი დასრულდეს და განსახილველ საკითხებზე მუშაობა პოლიტიკური დიალოგის რეჟიმში გაგრძელდეს. თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს დიალოგი მართლაც სურთ, ის შედგება. არ მინდა მოვლენები სხვაგვარად განვითარდეს. არ არსებობს უშეცდომო ადამიანი, არ არსებობს ხელისუფლება, ვისაც შეცდომა არ დაუშვია”, - ამბობს ნინო ბურჯანაძე ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

გაზეთი ბეჭდავს აგრეთვე ინტერვიუს პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან, რომელიც ამბობს: ”დღეს ჩვენს ქვეყანაში კლასიკური პოლიტიკური კრიზისია. ასეთ სიტუაციაში ასიდან ასივე შემთხვევაში (კლასიკური დემოკრატიისა და ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყნებშიც) ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ინიშნება”, - ამბობს სოსო ცინცაძე, რომლის აზრითაც, პრეზიდენტის ავტორიტეტს ყველაზე დიდი ზიანი მისმა უახლოესმა გარემოცვამ მოუტანა.”მხოლოდ პრეზიდენტზე რომ იყოს დამოკიდებული, მას უკან დასახევი გზა აქვს. სააკაშვილს კიდევ აქვს რესურსი, პოპულარობის რეიტინგი, მაგრამ უკან დახევა მისი პოლიტიკურად გაკოტრებული გარემოცვისთვის აბსოლუტურად დამღუპველია. პრეზიდენტი რომ პოსტზე დარჩეს, უსათუოდ მოუწევთ წასვლა უმრავლესობის ლიდერებს”, - ასე ფიქრობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელთა ინტერვიუც ”კვირის პალიტრაში” ქვეყნდება.

”კვირის ქრონიკა” აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან, რომელიც ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მიტინგის პირველსავე დღეს უნდა მისულიყო ხალხთან და რომ ”ახლა უკვე გვიანია”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG