Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა აზრს გამოთქვამენ ქართულენოვანი ინტერნეტფორუმების მონაწილენი


საგანგებო მდგომარეობის წესების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს დროებით აეკრძალათ შეკრება და მიტინგებზე საკუთარი აზრის გამოხატვა,

თუმცა საგანგებო მდგომარეობის დეკრეტი არ ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის ვირტუალური შეკრების აკრძალვას. კომპიუტერისა და ინტერნეტის მქონე მოქალაქეები, სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტში სადისკუსიო ფორუმებზე იკრიბებიან და თავიანთ განსხვავებულ აზრს გამოთქვამენ. გთავაზობთ ინტერნეტფორუმების მიმოხილვას.

ქართულენოვან ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ ფორუმზე, რომლის სახელწოდებაცაა ”თბილისის ფორუმი - forum.ge” უამრავი თემა 7 ნოემბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა. აი, ზოგიერთი თემის სათაური: ”გამოსავალი რა არის?”, ”ხვალ სამებასთან!”, ”სპეცნაზელი”, დარბევის ამსახველი კადრები და სხვ.

ამ უკანასკნელ თემაში პირველ წერილად გამოქვეყნებულია მომიტინგეთა დაშლის ამსახველი ვიდეომასალა, სათაურებით: ”სისხლისმსმელები”, ”ნუ გახდები მონა”, ”გამწარებული ხალხი”, ” ’იმედის’ დარბევა” და სხვ. იქვე გამოქვეყნებულია ფორუმის მონაწილეთა კომენტარებიც. ფორუმის წევრი, მეტსახელად ”მიხა” წერს:

”ხალხო, ეგ ყველაფერი დიდი სიბინძურეა და სრულ სიმართლეს ვერ გავიგებთ ვერასდროს. დიდი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ მხოლოდ არჩევნებით უნდა მოხდეს მაგათი წასვლა.”

მას ეპასუხება ფორუმის სხვა მონაწილე, მეტსახელად ”1 ბუა”:

”არავის შეცდომა არ დაუშვია. იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ანუ ამ ამბების ბოროტი ძალების მიერ გამოყენება. მისი ასე დატოვება არ იქნებოდა, რადგანაც პროვოკაციის დიდი რისკი არსებობდა.”

ასე გრძელდება კამათი და ამ მასალის მომზადებისას, დარბევის ამსახველი კადრების თემაში, ინტერნეტფორუმის 8 გვერდი გაივსო და დაახლოებით 120 კომენტარი დაიწერა.

ხოლო თემაში ”ხვალ სამებასთან” ლაპარაკია საგანგებო მდგომარეობის დღეებში ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების სამების საკათედრო ტაძართან შეკრების შესახებ, მაგრამ იქვე გამოითქმის განსხვავებული აზრიც. ფორუმის წევრი, მეტსახელად ”ნი” წერს:

”მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობა. ხვალ სამებასთან მისვლა მშვიდობას ნამდვილად არ მოგვიტანს. დამშვიდდეს ყველა, ასე ჯობია.”

მის აზრს იზიარებს ფორუმის სხვა მონაწილეც. იგი წერს, რომ ჯობია ყველამ თავისი საქმე აკეთოს და პოლიტიკას ნაკლები დრო დაუთმოს. კიდევ ერთი ფორუმელის აზრი:

”დიქტატის მომხრე ვარ 5 წლით მინიმუმ.”

ასეთ მოწოდებებს ეხმაურებიან ფორუმის სხვა წევრებიც რომლებიც წერენ, რომ სამების ტაძარში მიდიან და ამისთვის ხელისუფლებას ნებართვას არ სთხოვენ. არის მწვავე შეფასებებიც და უწმაწური სიტყვებიც.

კიდევ ერთი თემა ეძღვნება ”ხელისუფლების მომხრეების შეხვედრას კალათბურთის სასახლეში”.

”ათეულობით ყვითელი ავტობუსით ჩამოიყვანეს ხალხი სხვადასხვა რეგიონიდან - ეს ყვითელი ავტობუსები კოსტავაზე დგას”. თუ საგანგებო მდგომარეობაა, სად ჩამოჰყავთ ეს ხალხი?

კითხულობს ფორუმის წევრი, მეტსახელად ”შარკი”. ”ეგენი ყველა უნდა დახოცო, ვინც თავისი კაცობა ფულზე გაყიდა.” წერს ფორუმელი ”ჯაფარა”. ”მიჩინიო” ამ წერილს ეხმაურება და ამბობს:

”ეგ შეიძლება!!! ეგენი ხომ სახელმწიფო გადატრიალებას არ აწყობენ. საგანგებო მდგომარეობა კი იმისთვისაა, რო რუსეთმა არ შეუტიოს საქართველოს, ოპოზიციური პროვოკაციები არ მოეწყოს და უცხოპლანეტელებმა არ გადმოსხან დესანტი გლდანში.”

ხოლო ”კოპულა” წერს, რომ ბოღმა ახრჩობს, ისიც არ იცის რა ქნას და რომ ცხოვრებაში ასე დამცირებულად და შეურაცხყოფილად თავი არასდროს უგრძვნია.

დაახლოებით მსგავსი შინაარსის შეფასებები გამოითქმის გაცილებით ნაკლებად ცნობილ ქართულ ინტერნეტფორუმებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებელთა სიმრავლის გამო ზოგიერთი ფორუმის ვებსაიტი დატვირთვას ვერ უძლებს და შეფერხებით მუშაობს.
XS
SM
MD
LG