Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიალოგის რესურსი და პირველი შეხვედრები პატრიარქთან, როგორც მედიატორთან


საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოსა და ზოგიერთი სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან

კონსულტაციების დაწყების დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია. არ ვრცელდება დეტალური ინფორმაცია არც საკონსულტაციო საკითხების შესახებ. თუმცა, ვიდრე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიხსნება და მხარეები საარჩევნო კანონმდებლობის შესწორებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ იმსჯელებენ, ოპოზიციის ერთი ნაწილი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას ითხოვს.

ერთი მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობას, მეორე მხრივ კი, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის დიალოგის დაწყება ერთ მთავარ მიზანს – ქვეყნის ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმში გადაყვანას - ემსახურება.საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების 2008 წლის 5 იანვარს ჩატარებისა და საპარლამენტო არჩევნების თარიღის პლებისციტის გზით გადაწყვეტის შესახებ ოპოზიციამ ხელისუფლების კომპრომისად აღიქვა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური რეალობა საგრძნობლად განმუხტულია: სადავო საკითხებზე სრულ კონსენსუსს არავინ ელის, მაგრამ კრიზისის დაძლევის ერთ–ერთი მთავარი რესურსი, დიალოგი, დღის წესრიგში რჩება. დაპირისპირებული მხარეები თანაბრად აღიარებენ, რომ მათთვის სახელმძღვანელოა მოწოდება, რომელიც საქართველოს კათალიკოს–პატრიარქს ეკუთვნის.

[უწმინდესისა და უნეტარესის ხმა]“ მე ვფიქრობ, რომ არის ერთადერთი გზა. ეს არის დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და, თუ იქნება ორივე მხარეს სურვილი, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა ამ დიალოგში.“

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის
ილია მეორის მოწოდების პასუხად, 9 ნოემბერს ჯერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეწვია საპატრიარქოს, შემდეგ კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

[სალომე ზურაბიშვილის ხმა]“ ჩვენ მივიღეთ ლოცვა–კურთხევა პატრიარქის, მზადა ვართ დიალოგისთვის. პატრიარქმა თქვა, რომ დაგირეკავთო შემდეგო. ნებისმიერ დროს ვართ მზად, რომ შევხვდეთ პატრიარქთან. პატრიარქი გვეტყვის, როგორ გავაკეთოთ, რა გავაკეთოთ. ჩვენი მზადყოფნა არის ურყევი, ჩვენ გვინდა დიალოგის გზით გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან.“(სტილი დაცულია)

განაცხადა „საქართველოს გზის“ ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ. მაგრამ, დიალოგისათვის მზადყოფნის მიუხედავად, ოპოზიცია კონსულტაციების დაწყების ერთ–ერთ პირობად დიალოგისათვის შესაფერისი ადგილის გონივრულად შერჩევას აყენებს. ისინი პარლამენტში მისვლას არ აპირებენ და ამისთვის საუკეთესო ადგილად საპატრიარქოს მიიჩნევენ, თუმცა არც სხვა ნეიტრალური ტერიტორიის წინააღმდეგნი არიან. თავისი მოსაზრება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობასაც:

[მაია ნადირაძის ხმა]“ არა მგონია, საპატრიარქო ის ადგილია, სადაც უნდა შედგეს ეს მოლაპარაკებები. და იქ საპატრიარქო ან პატრიარქი უნდა იყვნენ მოლაპარაკე, ან მომლაპარაკებლები, ან რაღაც მედიატორის როლში, არაპოლიტიკური და არასერიოზულია.” (სტილი დაცულია)

ამბობს მაია ნადირაძე. უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ დიალოგში ჩართვის მოსურნე პოლიტიკურ ლიდერებს შეხვედრის ადგილისა და დროის შესახებ შეუძლიათ სპეციალური განაცხადი გააკეთონ პარლამენტის თავმჯდომარის ან მისი აპარატის სახელზე. ოპოზიცია, რომელიც, თავის მხრივ, ინიციატივას პარლამენტიდან ელის, არც იმის შესაძლებლობას გამორიცხავდა, რომ ნინო ბურჯანაძე დღესვე, საპატრიარქოშივე, ისურვებდა მათთან საუბარს.

[ნინო ბურჯანაძის ხმა]“ მე იმედი მაქვს, რომ გარკვეულწილად კონსენსუსი მოძებნილი იქნება და ჩვენ შევძლებთ, რომ ქვეყანა ნორმალურ, პოლიტიკური ციებ–ცხელების და მხოლოდ პოლიტიკური ციებ–ცხელების რეჟიმში გადმოვიყვანოთ, როგორც ეს ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაშია.“

შენიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. იგი აზუსტებს, რომ არ აპირებს საუბარს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ ადამიანებთან. საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს წევრთა ერთი ნაწილი კი საპარლამენტო უმრავლესობასთან დიალოგის დაწყებას მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ მიიჩნევს მიზანშეწონილად.

XS
SM
MD
LG