Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შანსები აქვს ოპოზიციას პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებში


5 იანვრის ვადამდელი არჩევნებისათვის პრეზიდენტობის კანდიდატებმა

სააგიტაციო კამპანია ისე დაიწყეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას არ დალოდებიან. არაოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლაში, მიხეილ სააკაშვილის გარდა, ერთმანეთს დავით გამყრელიძე, ლევან გაჩეჩილაძე, შალვა ნათელაშვილი, ბადრი პატარკაციშვილი და გია მაისაშვილი შეეცილებიან. გამარჯვების რა შანსები აქვთ მოქმედი პრეზიდენტის ოპონენტებს?

ოფიციალურად საარჩევნო კამპანია მას შემდეგ გამოცხადდება, რაც პრეზიდენტი დანიშნავს არჩევნებს, მოიხსნის უფლებამოსილებას და პარლამენტი სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებს. იმისათვის, რომ კანონი არ დაირღვეს, მიხეილ სააკაშვილი არჩევნებამდე, სულ ცოტა, 45 დღით ადრე, ანუ 21 ნოემბრამდე, უნდა გადადგეს, თუმცა, ამ გარემოების მიუხედავად, არც პრეზიდენტი და არც მისი ოპონენტები დროს ფუჭად არ კარგავენ და ამომრჩევლებთან ურთიერთობისთვის ყველა შესაძლებლობას იყენებენ.

[შალვა ნათელაშვილის ხმა] „ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენი სამშობლო დაუბრუნდეს თავის ისტორიულ ფესვებს, აღიდგინოს მისთვის ჩვეული ბრწყინვალება, იმისათვის, რომ აღორძინდეს ჩვენი მეცნიერება, განათლება, კულტურა, იმისათვის, რომ გადავეფაროთ დედაეკლესიას.“

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის, მსგავსად, საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო გაერთიანებული ოპოზიციის რჩეულმა ლევან გაჩეჩილაძემ, რომელმაც ამომრჩევლებთან პირველი შეხვედრა ლილოსა და ვაგზლის ბაზრობებზე გამართა:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] „საქართველო გადავა ახალ კონსტიტუციურ მოდელზე, რასაც საპარლამენტო რესპუბლიკა ჰქვია. მეორე მთავარი პრიორიტეტი იქნება თავისუფალი სასამართლოს შექმნა, რომ არ იყოს დამოკიდებული ცალკეულ ადამიანებზე.“

მიხეილ სააკაშვილის ამ და სხვა ოპონენტებს იმედი აქვთ, რომ 5 იანვარს საარჩევნო უბნებში მისული მოქალაქეები ხმას სწორედ მათ მისცემენ. ამომრჩევლების განწყობა კი, როგორც რადიო ”თავისუფლების“ გამოკითხვამ აჩვენა, არაერთგვაროვანია:

[ქალბატონის ხმა] „ძალიან დიდი შანსები აქვს ოპოზიციას. ყველაფერი უნდა შეცვალოს, რაც ხალხის ნების საწინააღმდეგოდაა შექმნილი.“

[მამაკაცის ხმა] „არც ოპოზიციის მჯერა დიდად. მოვლენ ხელისუფლებაში და იგივეს გააკეთებენ.“

[ქალბატონის ხმა] „ოპოზიციაში არიან ისეთი ლიდერები, რომლებსაც ქვეყნისთვის სიკეთე უნდათ. არიან პატრიოტები. აი, თუნდაც გაჩეჩილაძე. მე მწამს მისი.“

[ქალბატონის ხმა] „საერთოდ, მგონია, რომ უნდა მოვიდეს მესამე ძალა. უნდა შეიცვალოს სისტემა და არა სახელი და გვარი.“

იმის განსაზღვრა, თუ ვის დაუჭერს მხარს ამომრჩეველი, უჭირთ პოლიტიკის ექსპერტებსაც. რამაზ საყვარელიძის თქმით, მოახლოებულ არჩევნებში გამარჯვების შანსი პრეზიდენტობის მეტად პროგნოზირებად კანდიდატებს ექნებათ. და კიდევ:

[რამაზ საყვარელიძის ხმა] „ყურადღებას მივაქცევდი იმას, რომ, ადრინდელთან შედარებით, უფრო წინა პლანზე წამოვიდნენ მემარჯვენე ორიენტაციის პატარკაციშვილი და გამყრელიძე. დღეს მოსახლეობა ბიზნესმენის მოსვლას ხელისუფლებაში ლოიალურად რომ უყურებს, უდავოდ აღნიშვნის ღირსია. ლევან გაჩეჩილაძის მაღალი რეიტინგიც ამას ადასტურებს. მასაც ხომ საზოგადოება როგორც ბიზნესმენს, ისე უფრო იცნობს.“

რამაზ საყვარელიძის მსგავსად, მიხეილ სააკაშვილის მთავარ ოპონენტებად პოლიტოლოგი დავით დარჩიაშვილიც ლევან გაჩეჩილაძესა და დავით გამყრელიძეს მიიჩნევს, თუმცა იქვე დასძენს, რომ ყველაფერი უახლოესი ერთი თვის, ანუ აქტიური საარჩევნო კამპანიის, განმავლობაში გადაწყდება. დავით დარჩიაშვილი აქვე მონიშნავს ელექტორატის იმ სეგმენტებს, რომელთა მხარდაჭერის იმედიც ოპოზიციისა და ხელისუფლების კანდიდატურებს უნდა ჰქონდეთ:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] „რევოლუციური თუ კონტრრევოლუციური მუხტი, რომელიც დაგროვდა საზოგადოებაში, ძირითადად, იქნება გაჩეჩილაძის მხარეს. კრიტიკული განწყობა, მაგრამ არა ისეთი, რომ ყველაფერი დავანგრიოთ, მერე თავიდან დავიწყოთ მშენებლობა, იქნება გამყრელიძის მხარეს. ნაწილობრივ კრიტიკული, ნაწილობრივ სრულიად ლოიალური, ანუ დანარჩენი ხალხი, იქნება სააკაშვილის მხარეს.“

თუმცა იმისათვის, რომ ამომრჩეველმა თავისუფალი არჩევანი გააკეთოს, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე უნდა მოილაპარაკონ. ჯონდი ბაღათურიას თქმით, ხელისუფლების სიხისტის მიუხედავად, ოპოზიცია არ აპირებს მოლაპარაკების პროცესზე უარის თქმას, თუმცა, როგორც კობა დავითაშვილი განმარტავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია აღარ გამართავს მიტინგებს და აღარ ჩაატარებს ქუჩის აქციებს:

[კობა დავითაშვილის ხმა] „კვირას, 14 საათზე, რიყეზე შევიკრიბებით და დავიძრებით პარლამენტის შენობისკენ მშვიდობიანი მანიფესტაციითა და ერთადერთი მოთხოვნით, დაუყოვნებლივ მოიხსნას სიტყვის თავისუფლებაზე ცენზურა და აღდგეს ტელეკომპანია „იმედი“. ბრძოლა გრძელდება, ჩვენ მოვედებით მთელ ქალაქს, ჩვენ მოვედებით მთელ საქართველოს და ეს ბრძოლა დასრულდება გამარჯვებით 5 იანვარს, სადაც გაიმარჯვებს ხალხი, გაიმარჯვებს საქართველო.“(სტილი დაცულია)

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG