Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში საპროტესტო აქციებს არბევენ


სანქტ პეტერბურგში გუშინ ათობით ოპოზიციონერი დააკავეს - ეს ადამიანები, მათ შორის ბორის ნემცოვი,

მონაწილეობდნენ პრეზიდენტ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაში. წინა დღეს კი, შაბათს, პოლიციამ დაარბია ოპოზიციის საპროტესტო აქცია მოსკოვში. ეს მოვლენები უსწრებს 2 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებს, რომელთა შედეგიც ბევრს მიაჩნია წინასწარვე ნათლად: კერძოდ ნათლად მიაჩნიათ ის, რომ არჩევნებში პუტინის მომხრე ძალები გაიმარჯვებენ.

რაც შეეხება პუტინის მოწინააღმდეგეებს, სანქტ პეტერბურგიდან გავრცელებული ინფორმაციით, 10-მდე ოპოზიციონერი ცემეს, 100-ზე მეტი კი დააკავეს მას შემდეგ, რაც მათ უგულებელყვეს დემონსტრაციის აკრძალვა და პროტესტის გამოსათქმელად შეიკრიბნენ. მაგრამ საპროტესტო სვლა, ფაქტობრივად, არ შედგა: დემონსტრანტები მაშინვე შეაჩერეს, როგორც კი დაიძრნენ ოპოზიციურ პარტია “იაბლოკოს” შტაბ-ბინიდან.

როგორც იუწყებიან, დემონსტრანტებს შორის მყოფმა ერთ-ერთმა პირმა რადიკალური ნაციონალ-ბოლშევიკური პარტიის შავი დროშა ააფრიალა, რის შემდეგაც პოლიცია დაერია აქციის მონაწილეებს, დაიწყო მათი ხელკეტებით ცემა. ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის იყვნენ “მემარჯვენე ძალთა კავშირის” ლიდერები ბორის ნემცოვი და ნიკიტა ბელიხი, “გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის” ადგილობრივი ლიდერი ოლგა კურნოსოვა.

ნემცოვი მოგვიანებით გაანთავისუფლეს: უნდა ითქვას, რომ ის წინა დღეს, ანუ სანქტ-პეტერბურგის აქციამდე, მოსკოვის საპროტესტო სვლაშიც მონაწილეობდა. [ნემცოვის ხმა] “ჩვენ გვინდა რუსეთი სამართლებრივი განუკითხავობის გარეშე. ეს არის მარში რეგიონების ძარცვის წინააღმდეგ, მცირე პენსიების წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი ლოზუნგები და ამიტომ ვართ აქ. ეს პირველი და მეორე - ჩვენ სრულებით არ ვეთანხმებით არც პუტინის გეგმას და არც მის კურსს, რადგან გეგმაც და კურსიც - ეს არის გზა მესამე მსოფლიოსაკენ”.

განსხვავებით ნემცოვისაგან, რომელიც ოპოზიციურმა ძალებმა შესაძლოა პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენონ, გარი კასპაროვი კვლავაც დაკავებულია. ოპოზიციურ ორგანიზაცია “სხვა რუსეთის” ლიდერი და ჭადრაკში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, გარი კასპაროვი მოსკოვის საპროტესტოს აქციის დროს დააკავეს. ამას მომდევნო დღეს, ანუ კვირას მოჰყვა სასამართლოს გადაწყვეტილება პატიმრობაში კასპაროვის 5 დღით დატოვების შესახებ.

კასპაროვმა მთელს პროცესს “სიცრუე” უწოდა.
[კასპაროვის ხმა] “ყველაფერი, აქ რაც მოისმინეთ თავიდან ბოლომდე სიცრუეა. მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთს არ შეესაბამება. ეს პუტინის გეგმა მოქმედებს”.

კასპაროვის გარდა შაბათს მოსკოვში კიდევ ათობით ადამიანი დააკავეს. ეს აქციაც და მომდევნო დღეს პეტერბურგში გამართული საპროტესტო სვლაც კასპაროვის ხელმძღვანელობით მოქმედი ფართო კოალიციის, “სხვა რუსეთის” მიერ იყო ორგანიზებული - საქმე ეხება კოალიციას, რომლის კანდიდატებიც, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, არ არიან დაშვებული 2 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

და კიდევ ერთი დარბეული საპროტესტო აქცია: შაბათს ინგუშეთში შეიკრიბნენ დემონსტრაციაზე ადამიანების გატაცების, პოლიციის მხრიდან ძალადობისა და ეკონომიკური ვითარების გამო უკმაყოფილების გამოსათქმელად. ინგუშეთის დედაქალაქ ნაზრანიდან გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დემონსტრაციის 100-მდე მონაწილე დააკავა.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოთქმული შეფასებით, ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციები არის დასავლეთის ყურადღების მისაპყრობად დადგმული სპექტაკლები.
XS
SM
MD
LG