Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლების ნაბიჯები არჩევნებისთვის მზადების პროცესში


25 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის

პოსტიდან გადადგა და ოფიციალურად ჩაება წინასაარჩევნო კამპანიაში. ერთი დღით ადრე, 24 ნოემბერს, მან მთავრობის სხდომა მოიწვია და კაბინეტის წევრებს ბოლო დავალებები მისცა. რა ნაბიჯები გადადგა არჩევნებისთვის მზადების პროცესში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა?
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებზე “არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნების მონაწილეთა ნახევარზე მეტმა”. ამ მარტივ ფრაზას კიდევ მეტად თუ გავამარტივებთ, გამოვა, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველმა მეორე ადამიანმა ხმა მიხეილ სააკაშვილს უნდა მისცეს იმისათვის, რომ მან ხუთ იანვარს პრეზიდენტის პოსტი შეინარჩუნოს. თუ სააკაშვილს ხმას ყოველი მეორე ამომრჩეველი არ მისცემს, პრეზიდენტი ან სხვა გახდება, ან შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე არჩევნების მეორე ტური გაიმართება. იმ მეორე ტურში მხოლოდ ორი კანდიდატი იქნება - ისინი, რომლებიც პირველ ტურში საუკეთესონი აღმოჩნდებიან. მათ შორის არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეორე ტურში მოწინააღმდეგეზე მეტ ხმას მიიღებს.

ეს პროცედურა ყველა კანდიდატს თანაბრად ეხება. 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები არ დასრულდება, თუ ამომრჩეველთა ხმების ნახევარი რომელიმე ერთი კანდიდატის ირგვლივ არ მოიყრის თავს. მთავრობის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 5 იანვარს მან არა მხოლოდ უნდა დაასრულოს ბრძოლა, არამედ ნდობის ისეთი მანდატი უნდა მიიღოს მოსახლეობისგან, რომელიც ქვეყნის საერთაშორისო პოზიციებს განამტკიცებს და გააძლიერებს.

შვიდი ნოემბრის მოვლენების შემდეგ, ამ მიზნის მიღწევა ადვილი არ იქნება. არჩევნების მოსაგებად, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელია, ხელისუფლებას არნახული ჯაფა დაადგება. რამდენიმე სერიოზული ნაბიჯი უკვე გადაიდგა.

დავიწყოთ პრემიერ-მინისტრის შეცვლით. ლადო გურგენიძის სუფთა იმიჯი და პროფესიული უნარები თავისთავადაც მომგებიანი ფაქტორია და აუცილებელიცაა არჩევნების წინ მთავრობის ქმედობაუნარიანობის ასამაღლებლად. ქმედობაუნარიანობა კი პირდაპირ უკავშირდება მეორე ნაბიჯს - სოციალური პროგრამების ამოქმედებას: დარიგდება დენისა და ბუნებრივი აირის ვაუჩერები, უფასო ფქვილი და შეშა, დროებით გაუქმდება სალარო აპარატები, დროებით დასაქმდება 100000 ადამიანი, ხელფასები მკვეთრად მოემატებათ აკადემიკოსებს და მცირედ - პედაგოგებს. ეს ყველაფერი, ცხადია, არჩევნების პირველსავე ტურში მიხეილ სააკაშვილის გამარჯვებას ემსახურება. მესამე ნაბიჯი პრეზიდენტის პირადი შეხვედრებია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. 8 ნოემბრის შემდეგ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გამოაცხადა, მას არ შეუწყვეტია კონტაქტი ამომრჩეველთან, რასაც თითქმის ყველა ტელეკომპანია პირდაპირი ეთერის რეჟიმში გადასცემდა.

შაბათს, მთავრობის სხდომაზე, პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობა გამადიდებელი შუშით დააკვირდება ადგილებზე საშუალო და დაბალი რანგის ჩინოვნიკების საქმიანობას. საქმე ისაა, რომ არჩევნების შედეგებზე ზემოქმედება - ცხადია, არაოფიციალური არხებით - სწორედ ადგილობრივ ჩინოვნიკებს შეუძლიათ და თუკი მათგან ვინმე სააკაშვილის შანსებში დაეჭვდება, შეუძლია თავისი რესურსი სხვა კანდიდატს მოახმაროს. ამიტომ ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა ბოლო გაფრთხილება თავად პრეზიდენტისგან მიიღეს.

ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერს - შალვა ნათელაშვილს - ხელისუფლება ჯერ დაჭერით ემუქრებოდა, შემდეგ კი, უცებ, გამოუცხადა: კეთილი ინებე, ბუჩქებიდან გამოძვერი და საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყარეო. თანაც, ასეთი მუქარანარევი მოწოდება ტელეეკრანიდან ორჯერ გაისმა: თავად მიხეილ სააკაშვილისა და გივი თარგამაძის მხრიდან. ამის შემდეგ ცხადი გახდა, რომ პრეზიდენტი არა მხოლოდ მეორე ტურზე ფიქრობს, არამედ იმაზეც, რომ მეორე ტურში როგორმე ნათელაშვილი გადაიყოლოს და არა - ვინმე სხვა. როგორც ჩანს, ხელისუფლების ერთ-ერთი მიზანია, შალვა ნათელაშვილმა პირველი ტური კონკურენტებზე მეტი ხმით დაასრულოს - ეს სარეზერვო გეგმა, შესაძლოა, მხსნელად მოევლინოს ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, თუკი საქმე მეორე ტურამდე მივა.

თითოეული ნაბიჯი, რომელიც ჯერჯერობით ხელისუფლებამ არჩევნებისთვის მზადების პროცესში გადადგა, პრიმიტიული და პროგნოზირებადი იყო - თავად არჩევნების დანიშვნის გარდა. თუკი მშვიდობიანად დასრულდება, ეს არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში შეცვლის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას და, შესაბამისად, მისი თითოეული მოქალაქის ცხოვრებასაც.


XS
SM
MD
LG