Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


”პრეზიდენტის არჩევნებიდან პარლამენტის არჩევამდე.

პოლიტიკური მოდელი ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში” - ”24 საათი” ასეთი სათაურით აქვეყნებს პუბლიკაციას, სადაც მკითხველს სთავაზობს სხვადასხვა ოპოზიციური ძალის წარმომადგენელთა მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს ურთიერთობა ახლად არჩეულ პრეზიდენტსა და ძველ პარლამენტს შორის, თუკი პრეზიდენტი ოპოზიციის რომელიმე კანდიდატი გახდება. ლეიბორისტული პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატის, შალვა ნათელაშვილის, შტაბის უფროსი გიორგი გუგავა: ”რაც პარლამენტის გადასაწყვეტი იქნება, პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, ხოლო პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა იმოქმედოს. თუმცა ხაზგასმით ვამბობ, რომ ყველა გადაწყვეტილება პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთთანამშრომლობით უნდა იქნეს მიღებული.” ფიქრია ჩიხრაძე, ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი: ”სამწუხაროდ, არ მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის დამარცხების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა იმ სახით დარჩება, როგორიც დღეს არის ან, საერთოდ, რომ დარჩება. არც ის უმრავლესობა დარჩება ისეთივე უმრავლესობად, როგორიც დღეს არის. ნებისმიერ შემთხვევაში, რასაც არ უნდა ვფიქრობდე, არსებობს კონსტიტუცია და ამ კონსტიტუციით ქვეყანას ახლად არჩეული პრეზიდენტი და ხალხის მიერ არჩეული მოქმედი პარლამენტი ეყოლება.” კახა კუკავა, ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრი: ”ჩვენი კონსტიტუციით, შესაძლებელია პრეზიდენტის და პარლამენტის თანამშრომლობა, ანუ პრეზიდენტის ინიციატივების დამტკიცება პარლამენტის მიერ. ასევე შესაძლებელია იურიდიულად პარლამენტის დათხოვნაც, თუმცა გარწმუნებთ, ამ მოწვევის პარლამენტი ახალი პრეზიდენტისადმი, რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, გაცილებით ლოიალური იქნება, ვიდრე არჩევნების შემდგომი პარლამენტი.”

”მწვანეთა” პარტიის ლიდერი, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი გაჩეჩილაძე ”ახალ თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს: ”ფანტასტიკური რაღაც მოხდა. მინდა საქართველოს საზოგადოებას მივულოცო: 150 ათასიანმა მიტინგმა საქართველოს მომავლის ბედი გადაწყვიტა. ის ორმაგი სტანდარტები, რომელიც დასავლეთში არსებობდა (თუმცა კარგად იცოდნენ და ჩვენთან შეხვედრებზეც ამბობდნენ, მაგრამ ხელებს ასავსავებდნენ. ამბობდნენ, ვიცით, რაც ხდება, მაგრამ რა ვქნათო), მოისპო. ვეღარავინ ვეღარ იტყვის საქართველო დემოკრატიის შუქურააო.”

”ახლანდელი არჩევნები ქართული ცნობიერების ნამდვილი წვრთნა იქნება”, - ამბობს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა. მას სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ესაუბრა. ინტერვიუს კი დღევანდელი ”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს. ჩაჩუა ფიქრობს, რომ საქართველოს მოქალაქეთა ქარიზმულობისადმი ინტერესი და მიზიდულობა ამჯერად შედარებით ნაკლებია და გაცილებით უფრო მეტად არის რაციონალური შეფასებები. ამასთან, ფსიქოლოგი დასძენს: ”ჩვენ ძალიან მცირერიცხოვანი ერი ვართ. ქართულ პოლიტიკაში და ქართულ მოქმედებაში კულისები არ არსებობს. შეიძლება ითქვას, ყველა კულისებში ვართ. ამიტომ ყველამ ყველაფერი იცის.”

”ვერსია” კომპანია ”იმედის” პრობლემას აშუქებს და წერს: ” ’ეთიკური კონტროლის’ სანაცვლოდ საქართველოს ხელისუფლება მერდოკს სთავაზობს გახდეს ”იმედის” ერთადერთი მფლობელი და მაშინ ტელეარხის მაუწყებლობა განახლდება. როგორც ლადო გურგენიძემ პომპადურთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ”ნიუსკორპის” წარმომადგენლებმა შეუძლებლად მიიჩნიეს საქართველოში ”იმედის” ან სხვა რომელიმე ტელეარხის სრული პაკეტის ყიდვა. დიდი ალბათობაა, რომ ყველა პირობის გაცნობის შემდეგ მერდოკი ახალი ინვესტორის მოძებნას და მისთვის ”იმედის” მიყიდვას არჩევს. მერდოკის რეაქციაზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი”, - წერს ”ვერსია”, სადაც ქვეყნდება ინტერვიუ ”იმედის” ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილთან, რომელიც ამბობს: ”იმედის” ეთერში გასვლით ხელისუფლება დაამტკიცებს, რომ საქართველოში ჟურნალისტი შეიძლება დამოუკიდებელი იყოს. საწინააღმდეგო აზრსა და შეცდომების აღიარებაში ცუდი არაფერია. უკან დახევა სირცხვილი არ არის! ცუდი იცით, რა არის? 21-ე საუკუნეში ვიღაც ფიქრობს, რომ საქართველოში დიქტატორული რეჟიმია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი დიქტატორი არ არის! ყოველ შემთხვევაში, არ მინდა, რომ ეს მჯეროდეს.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG