Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


მიმდინარე კვირის ქართული პრესა დატვირთული იყო პოლიტიკური მოვლენების გაშუქებით და წინასაარჩევნო

პერიპეტიებით. რამდენიმე გამოცემაში დაიბეჭდა პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის პირველი ტელემიმართვის ტექსტი. ”მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდობიან, სამართლიან, სტაბილურ გარემოში და რომ არჩევნების დემოკრატიულობასა და სამართლიანობაში არავის, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, არავითარი ეჭვი არ გაუჩნდეს”, - აცნობდნენ მკითხველს გაზეთები ნინო ბურჯანაძის მიმართვას.

გაზეთმა ”24 საათმა” კი პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ გურგენიძის პარლამენტში გამოსვლის ტექსტი გამოაქვეყნა. ”ბოლო წლებში გაჩნდა მსოფლიო საინვესტიციო წრეებში იმის რწმენა, რომ საქართველოში შეიძლება წარმატებული ბიზნესის კეთება და ინვესტიციებმაც არ დააყოვნა. მაგრამ ეს რწმენა ძალიან ფაქიზი მატერიაა, მას ყოველი ჩვენგანის მოფრთხილება სჭირდება”,- ასეთი იყო ვლადიმერ გურგენიძის ერთ-ერთი მესიჯი.

მიმდინარე კვირას ასევე მეტად გააქტიურდა მედიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარი.

გაზეთ ”ვერსიასთან” ინტერვიუში ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი ამბობს: ,,”იმედის” ეთერში გასვლით ხელისუფლება დაამტკიცებს, რომ საქართველოში ჟურნალისტი შეიძლება დამოუკიდებელი იყოს. საწინააღმდეგო აზრსა და შეცდომების აღიარებაში ცუდი არაფერია. უკან დახევა სირცხვილი არ არის! ცუდი იცით, რა არის? 21-ე საუკუნეში ვიღაც ფიქრობს, რომ საქართველოში დიქტატორული რეჟიმია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი დიქტატორი არ არის! ყოველ შემთხვევაში, არ მინდა, რომ ეს მჯეროდეს.”

ხუთშაბათს თითქმის ყველა გაზეთი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას მთავრობის სხდომაზე. ”24 საათი” წერდა: ,,ლადო გურგენიძის თქმით, ხელისუფლების კიდევ ერთი შეთავაზება არის საზოგადოებრივი მედიასაბჭოს ან რაიმე მსგავსი ორგანოს შექმნა და კვირაში ერთხელ ყველა ტელევიზიის ამა თუ იმ მაუწყებლის მიერ დაშვებულ შეცდომებსა და სხვადასხვა დარღვევებზე საუბარი. ლადო გურგენიძე კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ტელეკომპანია ,,იმედს” კი არა, ყველა ტელეარხს შეეხება. როგორც გურგენიძემ აღნიშნა, მისი კიდევ ერთი მოთხოვნით, ის ჟურნალისტები, რომლებიც პოლიტიკაში მოღვაწეობდნენ და საქმიანობდნენ, უმჯობესია, მომავალში ჟურნალისტიკას ჩამოშორდნენ.”

ამ თემას ვრცელი პუბლიკაცია მიუძღვნა გაზეთმა ”რეზონანსმაც”. ,,გურგენიძის პირველი დიდი შეცდომა” - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ეს გაზეთი, ლიდში კი ვკითხულობთ: ,,ახალი პრემიერის მიერ დამოუკიდებლად ჩატარებულ პირველ მთავრობის სხდომას სკანდალი მოჰყვა. ლადო გურგენიძემ თავისი განცხადებით მედიასაშუალებების საქმიანობაში ჩარევა სცადა.”
სტატიაში აღნიშნულია, რომ ლადო გურგენიძის ნათქვამს უმალ მოჰყვა რეაქცია ჟურნალისტების და საზოგადოების წარმომადგენლებისა, რომლებმაც მთავრობის მეთაურის განცხადება გააკრიტიკეს. ამასთან დაკავშირებით პუბლიკაციაში კომენტარს აკეთებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელიც პემიერის განცხადებას კონსტიტუციის გაუაზრებელ დარღვევად მიიჩნევს. ,,პრემიერის განცხადება, შესაძლოა, ბრძანებად იყოს აღქმული, რაც ადამიანის კონსტიტუციით უზრუნველყოფილ უფლებებს დაარღვევს”, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

შაბათს გაზეთი ”რეზონანსი” მწერალ ირაკლი კაკაბაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. პუბლიკაციის სათაურად გამოტანილია ირაკლი კაკაბაძის სიტყვები: ,,დეკემბერში აფხაზეთში ავანტიურა იგეგმება”.,,თუ ვცრუობ, აშშ-ის სასამართლოში მიჩივლონ.”

გაზეთი ”24 საათი” კი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის ანგარიშის შესახებ წერს, რომელიც მან პარლამენტის კომიტეტზე გააკეთა. ამ ანგარიშს გაზეთი ,,ახალი თაობაც” ეხმიანება. გაზეთი წერს, რომ დავით ბაქრაძემ იმ რისკფაქტორებზე ისაუბრა, რომლებიც ყოველთვის არსებობს კონფლიქტის ზონაში. ,, იქ, სადაც არსებობს კონფლიქტი, ყოველთვის არსებობს პროვოკაციის რისკი, ყოველთვის არსებობს დაძაბულობის რისკი”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ამის შესახებ ვკითხულობთ სტატიაში, სათურით ,,გაიყვანეთ ჩაბანი საქართველოდან”, რომელიც შაბათის ”ახალ თაობაში” დაიბეჭდა.
XS
SM
MD
LG