Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბრალდებებს უყენებენ პრეზიდენტობის კანდიდატები ერთმანეთს


ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად თვალშისაცემად გააქტიურდნენ პრეზიდენტობის კანდიდატებიც.

დღე ისე არ ჩაივლის, რომ ხელისუფლების თუ ოპოზიციის კანდიდატები ამომრჩევლებს არ შეხვდნენ და საკუთარ გეგმებზე არ ილაპარაკონ, თუმცა, ინტენსიური საარჩევნო კამპანიის მიუხედავად, მხარეები ერთმანეთის გასაკრიტიკებლადაც ნახულობენ დროს. ლაპარაკი არაა საარჩევნო პროგრამების ანალიზსა და კრიტიკაზე. ოპოზიცია ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაში, ხოლო ხელისუფლება ოპოზიციას ცილისწამებასა და შანტაჟის მოწყობაში ადანაშაულებს. მინდა გიამბოთ როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია და რა ბრალდებებს უყენებენ პრეზიდენტობის კანდიდატები ერთმანეთს.

საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას პრეზიდენტობის კანდიდატები, როგორც წესი, სამომავლო გეგმებზე საუბრობენ, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ მხრივაც გამონაკლისია, რამდენადაც მისი დანაპირები, ადმინისტრაციული რესურსის წყალობით, მყისიერად სრულდება. ხელისუფლების მორიგი ინიციატივა საზოგადოებას თბილისის მერმა გიგი უგულავამ გააცნო:

[გიგი უგულავას ხმა] „ჩვენი პროგრამა მოიცავს იმას, რომ თითოეულ პენსიონერს თბილისში - და ასეთი არის 196 ათასი ადამიანი თბილისში - გადაეცემა 25 ლარის ოდენობის წამლის ვაუჩერი. ეს არის მცირე წინასაახალწლო საჩუქარი.“(სტილი დაცულია)

უნდა ითქვას, რომ საახალწლო საჩუქრები არჩევნების წინ, პენსიონერების მსგავსად, უმუშევრებმაც მიიღეს. დასაქმების საპრეზიდენტო პროგრამის მიხედვით, 100 ათასი უმუშევარი სამი თვის განმავლობაში სამსახურითა და ორასლარიანი ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი. მძიმე სოციალური ფონისა და უმუშევართა რიცხვის გათვალისწინებით, არავის გაჰკვირვებია ის, რომ საგანგებოდ გახსნილ სარეგისტრაციო პუნქტებს ათასობით ადამიანი მიაწყდა, თუმცა სამსახურის შოვნის მცდელობა ტრაგიკულად დასრულდა ერთი თბილისელი ქალბატონისთვის, რომელიც რიგში დგომის დროს გარდაიცვალა. ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი განმარტავს:

[დავით ტყეშელაშვილის ხმა] „ოჯახმა დაადასტურა, რომ ქალბატონს ჰქონდა ძალიან სერიოზული პრობლემები გულთან დაკავშირებით, გადატანილი ჰქონია ინსულტი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც მიბრძანდა და იცით, რა შედეგითაც დამთავრდა ეს ყველაფერი... ამ ქალბატონის დაკრძალვის ხარჯებს, ბუნებრივია, სახელმწიფო გაიღებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ პროგრამის შინაარსი და, ამ პროგრამის ფარგლებში, დარწმუნებული ვართ, ათასობით საქართველოს მოქალაქე მიიღებს სოლიდურ დახმარებას.“

მატერიალურ დახმარებაზე გათვლილ საარჩევნო კამპანიას აკრიტიკებენ ხელისუფლების ოპონენტები. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამომრჩევლების მოსყიდვა და ოპონენტებზე ფიზიკური ძალადობა ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების სამართლიანობას:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] „მრცხვენია, რომ საქართველოში ასეთი საარჩევნო კამპანია ტარდება, სადაც ახალგაზრდებს სცემენ, სადაც ოფისებს ამტვრევენ, სადაც ტელევიზიაში მხოლოდ პრეზიდენტობის ერთი კანდიდატი გამოდის, სადაც ფულს არიგებენ ისეთი რაოდენობით, რომ ამ ქვეყანას, ვინც უნდა მოვიდეს სათავეში 5 იანვარს, დახვდება ისეთი დაქცეული ბიუჯეტი და დანგრეული ეკონომიკა, რომ არ ვიცი, როგორ გამოვიყვანთ ქვეყანას ამ მდგომარეობიდან.“

სალომე ზურაბიშვილისა და სხვა ოპონენტების პასუხად, დავით ბაქრაძე, სახელმწიფო მინისტრი და მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის სპიკერი, ამტკიცებს, რომ ოპოზიცია შეგნებულად ამახინჯებს სინამდვილეს:

[დავით ბაქრაძის ხმა] „ასეთი ტიპის განცხადებები და ასეთი ტიპის კამპანია ემსახურება 5 იანვრის არჩევნების დისკრედიტაციას და უშუალოდ ემსახურება იმ ფონის შექმნას, როდესაც, წაგების შემთხვევაში, ოპოზიციის მხრიდან წარდგენილი კანდიდატები გამოიყენებენ ამ კამპანიას, როგორც საფუძველს განცხადებისთვის, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი და არჩევნები გაყალბდა.“(სტილი დაცულია)

არჩევნებში, რომლის შესახებაც დავით ბაქრაძე ლაპარაკობდა, მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს „მწვანეთა” პარტიის ლიდერი. გიორგი გაჩეჩილაძემ გადაწყვეტილება 5 დეკემბერს, არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, მიიღო:

[გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] „საქართველოს მწვანეთა პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე დღეიდან უარს ამბობს მონაწილეობაზე საპრეზიდენტო არჩევნებში და მხარს უჭერს ბატონ ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურას და მივმართავ საქართველოში ყველას, რომ კონცენტრაცია მოახდინონ ერთ სუბიექტზე, ანუ ბატონ ლევანზე.“(სტილი დაცულია)

თუმცა, გიორგი გაჩეჩილაძისგან განსხვავებით, პრეზიდენტობისათვის ბრძოლას ძველებური შემართებით განაგრძობენ „ახალი მემარჯვენეები“ და „ლეიბორისტები“. „ახლების“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი დავით გამყრელიძე 5 დეკემბერს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდა, ლეიბორისტული პარტიის ლიდერებმა კი მხარდამჭერებთან ერთად მიტინგი „ვარდების მოედანზე“ გამართეს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG