Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მიზანი ჰქონდა ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრთა ორდღიან ვიზიტს ლონდონში


8 დეკემბერს, დილით, ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრები - დავით უსუფაშვილი, ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა - ლონდონიდან თბილისში დაბრუნდნენ.

ორდღიანი ვიზიტის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო შეხვედრა პრეზიდენტობის ერთ-ერთ ოპოზიციურ კანდიდატთან, ბადრი პატარკაციშვილთან. დასტურდება თუ არა მმართველი პარტიის წევრის, დეპუტატ გივი თარგამაძის, განცხადება იმის თაობაზე, რომ ერთიანი ეროვნული საბჭოს წარმომადგენელთა მოლაპარაკება ბადრი პატარკაციშვილთან მისი კანდიდატურის პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენისა და ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხებზე მიმდინარეობდა?

ინფორმაცია ბადრი პატარკაციშვილისა და ერთიანი ეროვნული საბჭოს წარმომადგენელთა გარიგების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ 7 დეკემბერს გაავრცელა. მისი განმარტებით, საკანონმდებლო შეზღუდვის არარსებობის მიუხედავად, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ეს არის მსოფლიო პრაქტიკაში უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტობის ერთი კანდიდატი მეორე კანდიდატს აფინანსებს.:

[გივი თარგამაძის ხმა]“ძაან გაუგებარია, როცა ადამიანი, რომელიც თავს დებს პატრიოტობაზე და პრეტენზია აქვს ქვეყნის გადარჩენაზე, ასე მშვიდად საუბრობს, რომ მიიღებს ფულს და დაფინანსებას არკადი პატარკაციშვილისგან. რეალურად ეს არის პატარკაციშვილის, ბერეზოვსკის და სხვათა და სხვათა მისნაირთა ძალიან ბინძური ფული. ეს კაპიტალი არის შექმნილი სისხლზე, მკვლელობებზე, ძარცვებზე, ძალადობაზე მხოლოდ და მხოლოდ. და ამ ფულის გამოყენებას გეგმავს ლევან გაჩეჩილაძე საკუთარი საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად.“(სტილი დაცულია)

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ–ერთი წარმომადგენელი დავით ზურაბიშვილი კი შენიშნავს, რომ ლევან გაჩეჩილაძის პირდაპირი აღიარება ბადრი პატარკაციშვილისგან ფინანსური დახმარების მიღების შესახებ ეგრეთ წოდებულმა უმრავლესობამ ან არასწორად გაიგო, ან შეგნებულად ცდილობს ფაქტების დამახინჯებას. როგორც დავით ზურაბიშვილი განმარტავს, გაჩეჩილაძემ თქვა ის, რომ პატარკაციშვილთან, როგორც ბიზნესმენთან, მოლაპარაკებები იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი იგი არჩევნებში მონაწილეობას გადაიფიქრებს.

ამ განმარტების ფონზე კიდევ უფრო საინტერესოა, რას ემსახურებოდა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების ლონდონში ვიზიტი და საფუძვლიანია თუ არა მმართველი პარტიის წარმომადგენლების ხელთ არსებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრემიერ–მინისტრის კანდიდატის რანგში ბადრი პატარკაციშვილი სალომე ზურაბიშვილს ჩაანაცვლებს.

[ზვიად ძიძიგურის ხმა]“ ვინ რა თანამდებობაზე იქნება, კანდიდატურის მოხსნაზე და ამასთან დაკავშირებით საუბარი ჯერჯერობით არ არის.“

განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს წევრმა და ლონდონიდან დაბრუნებული სამეულის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ზვიად ძიძიგურმა. იგი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბადრი პატარკაციშვილის მიერ ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე საუბარი აზრს მოკლებულია. რაც შეეხება საერთო ოპოზიციური ღონისძიებების დაფინანსებას, ძიძიგურის თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მმართველი პარტია არჩევნებს გააყალბებს.
ლონდონიდან დაბრუნებული ოპოზიციონერებისა და ბადრი პატარკაციშვილის შეხვედრის დეტალებიდან საჯაროობას სხვა ზოგადი საკითხებიც ექვემდებარება. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს:

[დავით უსუფაშვილის ხმა]“ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ჩვენი საარჩევნო კამპანია იყოს კოორდინირებული და მოხერხდეს მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება ჩვენს ხელთ არსებული რესურსების. ამ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ოპოზიციის საერთო გეგმებზე, სტრატეგიაზე, ამოცანებზე. ”

საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბების საკითხი დღის წესრიგში კვლავ უცვლელად დგას, დასძენს დავით უსუფაშვილი. ოპოზიციის საერთო გეგმებზე, სტრატეგიასა და ამოცანებზე შეთანხმების მიღწევას კი ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრები, ბადრი პატარკაციშვილის გარდა, საქართველოს პრეზიდენტობის სხვა ოპოზიციურ კანდიდატებთანაც იმედოვნებენ.

XS
SM
MD
LG