Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტობის კანდიდატთა წინასაარჩევნო შეხვედრების ქრონიკა


პრეზიდენტობის კანდიდატებმა ამომრჩევლებთან

შეხვედრები და წინასაარჩევნო პროგრამების გამოქვეყნება ჯერ კიდევ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მათ ოფიციალურ რეგისტრაციამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყეს. არჩევნების გამოცხადების დღიდან პრეზიდენტობის კანდიდატები ყოველდღიურად სხვადასხვა შეხვედრებს ატარებენ. ვის ხვდებიან ისინი, რაზე საუბრობენ და რას ჰპირდებიან ამომრჩევლებს?

დღის მანძილზე შეხვედრების სიმრავლით პრეზიდენტობის კანდიდატები ერთმანეთს ტოლს არ უდებენ. მაგალითად, გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ დღე თბილისში, სომხური თეატრის გვერდით, სკვერში, ისნის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრით დაიწყო. შემდეგ ვარკეთილში გადაინაცვლა, შემდეგ სამგორის რაიონის მოსახლეობას შეხვდა, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებთან შეხვედრაც მოასწრო და დღის ბოლოს პროფკავშირების კულტურის სასახლეში საბურთალოს რაიონის მოსახლეობას აუხსნა ეროვნული საბჭოს საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამა:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] ”ქართული საზოგადოება არის უაღრესად განათლებული. მათ ესმით რა არის კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური მოწყობა, და ის მოდელი, რომელსაც ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ, არის მისაღები და კარგი.”

საპარლამენტო რესპუბლიკის ნაირსახეობის, კონსტიტუციური მონარქიის, მქადაგებელმა პრეზიდენტობის სხვა კანდიდატმა, ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ, წინასაარჩევნო შეხვედრები ადამიანის უფლებათა დღეს დაუკავშირა და ავჭალის კოლონიაში ირაკლი ბათიაშვილი მოინახულა.

[დავით გამყრელიძის ხმა] ”ჩვენს საზოგადოებას, მთელ საერთაშორისო საზოგადოებრიობას შევახსენებ, რომ სააკაშვილს და ამ რეჟიმს ჰყავს სინდისის პატიმარი ირაკლი ბათიაშვილი, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეს რასთან გვაქვს საქმე.”(სტილი დაცულია)

მოგვიანებით, 15.00 საათზე, პრეზიდენტობის კანდიდატი დავით გამყრელიძე ეუთოს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელს დიტერ ბოდენს შეხვდა. შეხვედრა "ახალი მემარჯვენეების" ცენტრალურ ოფისში გაიმართა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით საგანელიძის, კომენტარი:

[დავით საგანელიძის ხმა] ”ჩვენ გვინდა ჩავაყენოთ...”

დიტერ ბოდენს შეხვდა პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი. დიტერ ბოდენს ისიც არჩევნების გაყალბების თავიდან აცილების საკითხებზე ესაუბრა.

ლეიბორისტების მტკიცებით, მმართველი პოლიტიკური ძალის საპრეზიდენტო კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს არღვევს. ლეიბორისტების იურისტის მარი ცუცქირიძის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატს არა აქვს უფლება ამომრჩევლებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ შენობებში შეხვდეს. იგი უსაყვედურებს ასევე მთავრობის წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის გამო:

[მარი ცუცქირიძის ხმა] ”საარჩევნო კოდექსის თანახმად, საჯარო პირებს ეკრძალებათ თავიანთი სამუშაო დროის გამოყენება კანდიდატის სასარგებლოდ. როგორც ჩვენ ვხედავთ, ეს მოთხოვნა ირღვევა.”

ლეიბორისტების კრიტიკის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი თელავში იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებსა და ლექტორებს შეხვდა. კახეთის მოსახლეობა ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის დროს იმით დაინტერესდა, მისი მეორედ არჩევის შემთხვევაში გაიზრდება თუ არა ხელფასები და პენსიები, შემცირდება თუ არა უმუშევრობა და ასე შემდეგ. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელფასებისა და პენსიების ზრდა, ასევე უმუშევართა დასაქმების პროგრამა უკვე დაიწყო და ის კიდევ გაგრძელდება.

დაბოლოს, პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, გია მაისაშვილი, მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა და საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა.

[გია მაისაშვილის ხმა] ”თუ ჟურნალისტი არის მეძავი, რომელიც ცდილობს ამ დანგრეულ საზოგადოებაში აქცენტი ნეგატივზე გააკეთოს, ამით საზოგადოება ზარალდება.”

გია მაისაშვილმა მედიას არჩევნების პროცესში მიუკერძოებლობისკენ მოუწოდა, რაც, მისი აზრით, ქართველი ამომრჩევლის პოლიტიკური კულტურის ამაღლებასაც წაადგება.


XS
SM
MD
LG