Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


“სააკაშვილის შტაბში უთანხმოებაა” - წერს დღევანდელი ”რეზონანსი”.

გაზეთი, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატის საარჩევნო შტაბში გავლენისათვის ერთმანეთს პარლამენტარი მარიკა ვერულაშვილი და საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი ებრძვიან. ”რეზონანსი” იმოწმებს ანონიმურ წყაროს, რომელიც ამბობს: ”გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებიც შტაბში საკუთარ პრობლემებზე სასაუბროდ მიდიან, იქ მომუშავე ახალგაზრდა გოგონები გაურკვეველ და ხშირად არაკომპეტენტურ პასუხებს სცემენ.” ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებს - გაზეთის ცნობით, გია ხუროშვილი საერთოდ უარყოფს შტაბთან რაიმე შეხებას და ასევე იქცევა ვერულაშვილი.

”24 საათი” დღვანდელ მოწინავე სტატიაში დამატებითი საარჩევნო სიების დადებით და უარყოფით ფაქტორებს განიხილავს. დამატებით სიებს ერთადერთი დადებითი მხარე აქვს, - უთხრა ”24 საათს” ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილმა და განაგრძო: ”მოქალაქეს, რომელიც ვიღაცის დაუდევრობის თუ შეცდომის გამო სიაში არ აღმოჩნდა, ხმის უფლება არ დაეკარგება.” უარყოფითი მხარე კი, მისი თქმით, ამასთან დაკავშირებული გარკვეული რისკია. ”რისკი არსებობს, მაგრამ არის მართვადი”, - ამბობს ლევან თარხნიშვილი. არსებობს რამდენიმე მექანიზმი, მათ შორის, მარკირების პროცესი და დამატებით სიაში მოხვედრის მკაცრი კრიტერიუმები, რასაც რისკი მინიმუმამდე დაჰყავს, - წერს დღევანდელი ”24 საათი”.

გაზეთი განიხილავს აგრეთვე აფხაზეთში დღეს არსებულ სიტუაციას. სტატიას ”საფრთხე” ჰქვია. ქვესათაურია - ”რატომ ემზადებიან სეპარატისტები ომისათვის”. ”24 საათის” ჟურნალისტის განცხადებით, აფხაზები ცდილობენ პარალელი გაავლონ კოსოვოსა და აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას შორის და მოსალოდნელი პროვოკაციისათვის ემზადებიან. ამასთან დაკავშირებით გაზეთს განმარტებას აძლევს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წევრი თამაზ ხუბუა, რომელიც ამბობს: ”ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები, სამშვიდობო მანდატით წვრთნების ნაცვლად, საჰაერო ტექნიკას სამხედრო ოპერაციებისათვის ამზადებენ, თუმცა, სათანადო ოფიციალური საბუთების არარსებობის გამო, ამის მტკიცებისგან თავს ვიკავებ.”

”ახალი თაობა” სვამს კითხვას:”დაიჭერენ თუ არა ბადრი პატარკაციშვილს?”, მაგრამ თავად ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ვერ ახერხებს. გაზეთს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი ელაპარაკა და უთხრა: ”ცესკო წინასწარ ვერანაირ გარანტიას ვერავის ვერ მისცემს. კანონი იძლევა იმის გარანტიას, რომ ისინი ხელშეუხებელნი არიან მანამ, სანამ მათ მიმართ ბრალდება კომპეტენტური ორგანოების სპეციალური განხილვის საგანი არ გახდება”, - წერს დღვანდელი ”ახალი თაობა”.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG