Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”პრეზიდენტობის კანდიდატი არკადი (ბადრი) პატარკაციშვილი საქართველოში ჯერ არ ჩამოსულა


”პრეზიდენტობის კანდიდატი არკადი (ბადრი) პატარკაციშვილი საქართველოში ჯერ არ ჩამოსულა,

მაგრამ პირადი სახსრებიდან მილიარდ-ნახევარი ლარის გამოყოფასა და ქვეყნის გაბრწყინებას დაგვპირდა”, - წერს ”24 საათის” ავტორი და დასძენს: ”პირველი წინასაარჩევნო მოლოდინი ბადრი პატარკაციშვილმა იმ რამდენიმე ასეულ მოქალაქეს გაუცრუა, რომლებიც 300 დოლარის მოლოდინში გუშინ მის ცენტრალურ საარჩევნო შტაბთან შეიკრიბნენ. შეკრებილების ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატი ფულის დარიგებას აპირებდა.”

”რეზონანსი” წერს, რომ 300 დოლარის დარიგების შესახებ ინფორმაციას პატარკაციშვილის მომხრეები ხელისუფლების მხრიდან წამოსულ პროვოკაციას უწოდებენ. გაზეთი აქვეყნებს ინტერვიუს პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წევრ შალვა ხაჭაპურიძესთან, რომელიც ამბობს: ”ვითხოვთ ელემენტარულს, რომ ამ კაცის უსაფრთხოება იყოს დაცული. რომ ჩამოვიდეს, შეიძლება დააკავონ, ან შეიძლება ტერაქტი მოუწყონ. ამიტომ ვითხოვთ კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებებს. არ ვამბობთ, რომ თუ ეს კაცი არის დასაპატიმრებელი, არ დააპატიმროთ. ვამბობთ იმას, რომ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე იყო უკანონო.” ხაჭაპურიძე გამოთქვამს აგრეთვე ვარაუდს, რომ გარანტიების მიღების გარეშეც არ არის გამორიცხული, რომ ბადრი პატარკაციშვილი ჩამოვიდეს საქართველოში.

”რეზონანსშივე” ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აქვეყნებს პასუხებს საარჩევნო შეკითხვებზე. ერთ-ერთი ასეთი შეკითხვა გახლავთ: ”აქვს თუ არა მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, თუ მან არჩევნების დღეს აღმოაჩინა, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ არის?”. პასუხი: ”ასეთ შემთხვევაში, ამომრჩეველი ვალდებულია საუბნო საარჩევნო კომისიას წარუდგინოს პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს შესაბამისი უბნის ტერიტორიაზე მისი რეგისტრაციის ფაქტს, და განცხადება სიაში შეყვანის შესახებ, რომელსაც უნდა დაერთოს განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.”

”ჩეჩნური სპეცრაზმი აფხაზეთში გადაისროლეს. რა პროვოკაციას უმზადებს რუსეთი ჩეჩნებს და ქართველებს”, - ამ სათაურით პუბლიკაციას ”ახალ თაობაში” ნახავთ. ”აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩეჩენი მებრძოლების გადასროლას რუსეთის ხელისუფლებაც უარყოფდა. გუშინ კი რუსულმა ინტერნეტგამოცემა ”უტრო.რუმ” გამოაქვეყნა ინტერვიუ, სადაც ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების რაზმი აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტის ზონებშია გადასროლილი და მზად არის პირველი დარტყმა მიიღოს”, - წერს გაზეთი და მკითხველს სთავაზობს საქართველოში ჩეჩნური დიასპორის ხელმძღვანელის ხიზრი ალდამოვის კომენტარს აღნიშნულზე: ” ეს განცხადება ძნელი მოსასმენია”, - ამბობს ალდამოვი. - ”არაა გამორიცხული, საქართველოში ისევ ანტიჩეჩნური კამპანია დაიწყოს. რუსეთი სპეციალურად უკეთებს აფიშირებას, რომ ჩეჩენი მებრძოლები აფხაზეთში იმყოფებიან. აფხაზეთში სხვა ეროვნების მებრძოლებიც არიან. თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მაინც ჩეჩნებზე კეთდება. ეს არის შეგნებული პროვოკაცია, რომელიც როგორც ჩეჩნების, ასევე ქართველების წინააღმდეგ არის მიმართული”, - ამბობს ხიზრი ალდამოვი ”ახალ თაობასთან” ინტერვიუში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG