Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვა


საქართველოში მიმდინარე კვირის ეკონომიკა განსაკუთრებული აქტივობით არ გამოირჩეოდა.

ამის მიზეზი ცხარე წინასაარჩევნო კამპანია და მოახლოებული ახალი წელია. შესაბამისად, მიმდინარე კვირაში, ძირითადად, 2007 წლის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს შედეგების შეჯამება დაიწყო და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტიც მომზადდა. ამ და მიმდინარე კვირის სხვა ეკონომიკური სიახლეების შესახებ მინდა გესაუბროთ.

მიმდინარე კვირაში საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტმა 2007 წლის მესამე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც ნათლად ჩანს საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარების დინამიკა.

კომპანიის თუ საწარმოს დაფუძნება-რეგისტრაციის გამარტივებამ ინდივიდუალური მეწარმეებისა და სხვა ტიპის მცირე საწარმოების მომრავლება გამოიწვია. ოფიციალური სტატისტიკით, მხოლოდ ამ წლის მესამე კვარტალში მცირე კომპანიების კაპიტალბრუნვამ 370 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო გამოშვებული პროდუქციის მთლიანმა მოცულობამ - 196 მილიონი ლარი. ეს საერთო ბიზნესის მხოლოდ 8 პროცენტია.

ეკონომიკის ექსპერტი ნიკო მჭედლიშვილი მიიჩნევს, რომ, დასავლეთის ქვეყნების მსგავსად, საქართველოში მცირე მეწარმეების წილი მთლიან შიდა პროდუქტში 90 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს:

[ნიკო მჭედლიშვილის ხმა] ”თუკი ეს მხოლოდ დეკლარაციის დონეზე არ იქნება და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება, ეს ძალიან კარგი იქნება. ანუ ადამიანი, რომელიც არ არის ზარმაცი, აუცილებლად დასაქმდება.”

ამ რესურსის სრულფასოვან გამოყენებას ქადაგებს პრეზიდენტობის კანდიდატთა უმრავლესობა, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი, ახლა კი მმართველი პოლიტიკური ძალის საპრეზიდენტო კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი. მისი წინასაარჩევნო ინიციატივები საქართველოს მთავრობამ აიტაცა და 2008 წლის ბიუჯეტის პროექტში, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ”იაფი სესხების” გასაცემად 300 მილიონი ლარი ჩადო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის კომენტარი:

[ლადო გურგენიძის ხმა] ”ამ ბოლო წლების მანძილზე გასაოცარი ინტენსივობით მიდის ახალი კომპანიების შექმნა საქართველოში. ეს სასიამოვნო სიურპრიზი იყო პირადად ჩემთვის და არამარტო ჩემთვის. თუ არის შესაძლებელი ამ პროცესის კიდევ უფრო სტიმულირება, იმიტომ რომ, ბუნებრივია, ასეთი პატარა ზომის საწარმოების, ინდივიდუალურ მეწარმეთა ფენის გაზრდითაც, რაღა თქმა უნდა, წინ მიდის ეკონომიკა და დასაქმების პრობლემა იხსნება.”(სტილი დაცულია)

”იაფი სესხების” პროექტი კომერციულ ბანკებთან ერთად განხორციელდება, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული საბანკო სექტორის ინტერესები. მიუხედავად ამისა, ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი - მათ შორისაა ნიკო მჭედლიშვილიც - მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ იაფი კრედიტების პროგრამის დაფინანსება კარგ შედეგს ვერ მოიტანს:

[ნიკო მჭედლიშვილის ხმა] ”თუ მოხდა ესეთი რაღაც, მაშინ საბანკო სექტორს ექნება პრობლემები...”

ამჟამად საქართველოში საბანკო სფერო ბუმს განიცდის. მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 2 მილიონამდე პლასტიკური ბარათი ემსახურება მოქალაქეთა საბანკო ანგარიშებს. წლის დასაწყისში პლასტიკურ ბარათთა რაოდენობა 900 ათასს არ აღემატებოდა.

დავუბრუნდეთ 2008 წლის ბიუჯეტის პროექტს. ის საქართველოს მთავრობამ მიმდინარე კვირაში მოიწონა და საკანონმდებლო ორგანოს გადაუგზავნა. ბიუჯეტის პროექტში, იაფი სესხების გარდა, მიხეილ სააკაშვილის მიერ წამოყენებული სხვა ინიციატივებიცაა ასახული. ძირითადად, მათი უმრავლესობა სოციალური ხასიათისაა, ამიტომ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 1.3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. უფრო კონკრეტულად 2008 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებზე ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური საუბრობს:

[ნიკა გილაურის ხმა] ”კონკრეტულად შემიძლია გითხრათ, რომ განათლების სამინისტროს ასიგნირების ზრდა არის 71 მილიონი ლარით განსაზღვრული...”

როგორც გილაურმა აღნიშნა, გაიზარდა სოციალური ხარჯები, რაც ინფრასტრუქტურული ხარჯებისა და თავდაცვის სისტემის დაფინანსების შემცირებით მოხერხდა. თუ 2007 წელს თავდაცვის სამინისტრო 1,5 მილიარდი ლარით დაფინანსდა, 2008 წელს მხოლოდ 1.1 მილიარდით დაფინანსდება. ასევე შემცირდა ენერგეტიკის სფეროს ხარჯებიც.

მიუხედავად ასეთი ცვლილებებისა, ოპოზიცია 2008 წლის მთავარი ფინანსური კანონის მხარდაჭერას არ აპირებს. გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ კახა კუკავას, განცხადებით, 2008 წლის ბიუჯეტი მმართველი პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია:

[კახა კუკავას ხმა] ”ის დოკუმენტი, რომელიც ახლა არის შემოტანილი, ბიუჯეტი კი არ არის, არამედ საარჩევნო ბუკლეტია. როგორც კი არჩევნები დამთავრდება, ორივე შემთხვევაში, მმართველი პარტია მოიგებს თუ ოპოზიცია, ეს ბიუჯეტი შეიცვლება.”

2008 წლის ბიუჯეტის პროექტის საპარლამენტო განხილვა 22 დეკემბრიდან დაიწყება და მისი დამტკიცება 26 დეკემბრამდეა ნავარაუდევი.

საპრეზიდენტო არჩევნების მარათონმა განაპირობა კიდევ ერთი ეკონომიკური მოვლენა, რომელსაც ადგილი ჰქონდა მიმდინარე კვირაში. გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ ღვინის მწარმოებელი კომპანია ”ჯი-ვი-ესის” აქციების 9 პროცენტიანი პაკეტი გაყიდა.

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა]

გაჩეჩილაძის კუთვნილი წილი ფრანგულმა კომპანია ”პერნო რიკარდიმ” შეისყიდა, რომელიც ”ჯი-ვი-ესის” დანარჩენი აქციების მფლობელიცაა.

და კიდევ ერთი სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც მიმდინარე კვირაში გახდა ცნობილი:

მსოფლიო ბანკმა 146 ქვეყნის ფასები შეისწავლა და ისინი აშშ-ის ფასებს შეადარა. საქართველოს 41 ქულა მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოში აშშ-ზე ორჯერ დაბალი ფასებია; სომხეთს - 39, აზერბაიჯანს კი - 35 ქულა. შესაბამისად, ამ ქვეყნებში უფრო დაბალი ფასებია, ვიდრე საქართველოში.
XS
SM
MD
LG