Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


დღევანდელმა ქართულმა პრესამ ვრცლად გააშუქა ტელეკომპანია ”იმედის” ხელმეორედ დახურვა.

’იმედმა’ ორმხრივ ზეწოლას 14 დღე გაუძლო”, - წერს ”რეზონანსი”. გაზეთი არხის დახურვის შემდეგ პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ კომენტარებს აანალიზებს და ასკვნის: ”საინტერესოა, რომ ოპოზიცია ”იმედის” მაუწყებლობის შეწყვეტას ცალსახად ხელისუფლებას აბრალებს”. ”რეზონანსს” მოჰყავს სიტყვები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის გია ცაგარეიშვილისა, რომელიც ამბობს: ”რომელი თავისუფალი სიტყვის დაცვაზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც არხს იძულებულს ხდიან შეწყვიტოს მუშაობა?”

”ალია” სვამს კითხვას: ”სად მიდიან ”იმედის” სკანდალური ჟურნალისტები?” და პასუხისთვის სტუდია ”ტიბისიტივის” გენერალურ დირექტორს ლევან ყუბანეიშვილს აკითხავს, რომელიც ამბობს: ”იმედის ყოფილ ჟურნალისტებთან ამ ეტაპზე მხოლოდ მოლაპარაკებები გვაქვს. შეიძლება ბევრი გახდეს ჩვენი თანამშრომელი, შეიძლება - ცოტა”. ”ალია” გიორგი თარგამაძესაც დაუკავშირდა და ჰკითხა, ლონდონში ხომ არ აპირებდა გამგზავრებას. ”სიამოვნებით წავიდოდი სადმე, ვინმე კარგ საგზურს რომ მომცემდეს”, - უპასუხებს ”იმედის” საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორი დღევანდელ ”ალიას”.

”24 საათი” აქვეყნებს მედიასაბჭოს მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ყველაზე მეტად ”იმედის” ეთერში ჩანდნენ. გაზეთი წერს, რომ, მედიასაბჭოს წევრების თქმით, 7-14 დეკემბრის ვითარებასთან შედარებით, საერთო დრო კანდიდატებს შორის უფრო დაბალანსებულად არის განაწილებული. თუმცა ზოგიერთ ტელევიზიაში შესამჩნევია ბალანსის დარღვევა პრეზიდენტობის ამა თუ იმ კანდიდატის სასარგებლოდ. ”პოლიტიკური სიმპათიები იგრძნობა ”რუსთავი ორის” მაგალითზე”, - უთხრა ”24 საათს” მედიასაბჭოს წევრმა დავით პაიჭაძემ და დასძინა: ”ის არის ოპოზიციის მიმართ კრიტიკული და ხელისუფლების მიმართ ლოიალური. გინდა მიკერძოება დავარქვათ ამას, გინდა სხვა სახელი”, - განუცხადა დავით პაიჭაძემ ”24 საათს”.

”ახალი თაობა” ინტერვიუს იღებს ”სახალხო პარტიის” ლიდერ მამუკა გიორგაძისგან და კომენტარს სთხოვს ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით. გიორგაძე ჟურნალისტთან საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლება მორიგი რევოლუციისთვის ემზადება. ”ეს არის კავკასიური ცარცის წრის მოდელი”, - ამბობს სახალხო პარტიის ლიდერი და განაგრძობს: ”როდესაც ამ ქვეყნის მოყვარულმა ადამიანმა შეიძლება ხელიც კი გაუშვას მის საყვარელ არსებას, რომ მას არ მიაყენონ ტკივილი. სააკაშვილი მიდის ამაზე, ის კადრულობს ყველაფერს, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენ ყველაფერს არ ვიკადრებთ”, - ამბობს მამუკა გიორგაძე დღევანდელი ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG