Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგზიტპოლი - როგორც საფრთხე თუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსის საშუალება?


5 იანვრის არჩევნების მოსალოდნელი გაყალბების თაობაზე დაწყებული პოლიტიკური დაპირისპირება დღითიდღე უფრო ძლიერდება.

ამის კიდევ ერთი მიზეზი გახდა ეგზიტპოლის, ანუ საარჩევნო უბნიდან გამოსული მოქალაქეების გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, რამდენიმე ტელეკომპანიის დაკვეთით, 500-მდე ინტერვიუერმა უნდა განახორციელოს: ოპოზიციური კანდიდატების საარჩევნო შტაბები და მათი მხარდამჭერები ეგზიტპოლს უნდობლობას უცხადებენ. ხელისუფლებამ ეგზიტპოლის ჩასატარებლად მიკერძოებული ჯგუფი შექმნა, აცხადებენ ოპოზიციის წარმომადგენლები და მოითხოვენ, რომ, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, 5 იანვარს ალტერნატიული ეგზიტპოლი ჩატარდეს.


რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, სოციოლოგიური კვლევის ჯგუფი და 500-მდე ინტერვიუერი უკვე მზად არის, რათა 5 იანვარს სარჩევნო უბნებიდან გამოსული მოქალაქეებისგან გაიგონ, თუ ვის მისცეს ხმა. ჯერჯერობით ერთადერთი ეგზიტპოლის შემკვეთები არიან ტელეკომპანიები ”რუსთავი 2”, ”მზე”, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ”აჭარა”. ყველა ქვეყანაში სწორედ ეგზიტპოლის შედეგებით ხდება პირველადი ინფორმაციის მიღება იმის თაობაზე, თუ როგორ განაწილდა ამომრჩეველთა ხმები. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და საერთაშორისო სწავლებათა ფონდი ეროვნული ეგზიტპოლის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თემურ იაკობაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი გამოკვლევა საზოგადოების დაკვეთაა:

[თემურ იაკობაშვილი] ”ეგზიტპოლი არ ტარდება პარტიებისთვის და პარტიების მოსაწონად. მეორე, ეგზიტპოლი არ ტარდება ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად არჩევნების წინა პერიოდში. და მესამე, ეგზიტპოლი არ ტარდება არჩევნებში ლეგიტიმაციისა თუ დელეგიტიმაციისათვის. ეგზიტპოლი ტარდება იმისთვის, რომ არჩევნების ხარისხმა მოიმატოს.”

თუმცა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური კანდიდატების შტაბებში ფიქრობენ, რომ აღნიშნული ეგზიტპოლი სწორედ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციისათვის იმართება, თანაც, ხელისუფლების დაკვეთით. ოპონენტებს მხედველობაში აქვთ ის ფაქტი, რომ ეგზიტპოლის დამკვეთები არიან სახელმწიფოს ბიუჯეტზე ან ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესის მფლობელობაში მყოფი ტელევიზიები. ამას გარდა, ერთიანი ეროვნული საბჭოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ეჭვი შეაქვს თავად ეგზიტპოლის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიუკერძოებლობაში:

[სალომე ზურაბიშვილი] ”იმიტომ რომ წინასწარ ვიცით, თუ ვინ არის ამ ეგზიტპოლის საბჭოს წევრი. სადაც რონდელები, გია ნოდია და ყველანი, ვინც არიან, არიან ამ ხელისუფლების ხალხი. და როგორ შეიძლება ამ ეგზიტპოლზე დაყრდნობა? და ეს იქნება საბუთი იმისა, რომ ხალხი პროტესტის ნიშნად გამოვიდეს. და ვისაც არ სურს არეულობა, ჯობს, რომ არ იყოს ეგზიტპოლები. იყოს არჩევნები დ ა არჩევნებით გავიგოთ, თუ ვინ გაიმარჯვა და არა გაყალბებული ეგზიტპოლებით. ჩვენ ვართ წინააღმდეგი, ყველა ოპოზიციური პარტიები წინააღმდეგნი არიან.”(სტილი დაცულია)

29 დეკემბერს ეგზიტპოლის ჩატარების წინააღმდეგ გაილაშქრა ”ზნეობრივმა ფრონტმა” და ”ქართული აკადემიის” წარმომადგენლებმაც. მათი თქმით, ეგზიტპოლი 5 იანვრის არჩევნებში მიუკერძოებელმა საერთაშორისო ორგანიზიაციამ უნდა ჩაატაროს და არა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეგზიტპოლის კვლევის გამოქვეყნებას საქართველოში უმართავი პროცესი მოჰყვეს, -უთხრა რადიო ”თავისუფლებას” ისტორიკოსმა ზაზა აბაშიძემ, რომელსაც ეგზიტპოლების საერთოდ არ სჯერა.

[ზაზა აბაშიძე] ”საერთოდ ეგზიტპოლების მე არ მჯერა. საერთოდ. მაგისი გამოყენება ძალია იოლად შეიძლება და, საერთოდ, ძალინ ხშირად არასწორ ინფორმაციას იძლევა. მე ვთვლი, რომ მაგის დაჯერება არ შეიძლება.”(სტილი დაცულია)

თუმცა ეგზიტპოლის ეროვნული საბჭოსათვის ოპონენტების არგუმენტები მიუღებელია. თემურ იაკობაშვილი მიიჩნევს, რომ სწორედ ეგზიტპოლი ზღუდავს მანიპულაციის შესაძლებლობას იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც სურს, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულად გამოცხადდეს. თავის მხრივ, პოზიციის შეცვლას არ აპირებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ეგზიტპოლის ჩატარებას ბოიკოტი გამოუცხადეს და იმედი აქვთ, რომ აიძულებენ ხელისუფლებას უარი თქვას მის ჩაატრებაზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG