Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული არმია რეგიონში ანგარიშგასაწევი ძალა ხდება


საქართველოს არმიას არასრული 17 წლის ისტორია აქვს.

ამ ხნის განმავლობაში ქართველი სამხედროებისთვის ცუდიც ბევრი მოხდა და კარგიც. თუმცა 2007 წელი ყველაზე უფრო წარმატებული აღმოჩნდა ძლიერი არმიის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. გთავაზობთ თავდაცვის სფეროში წლევანდელ მნიშვნელოვან მოვლენათა მიმოხილვას.

”ღორის წელიწადი” საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის იმაზე უფრო გულუხვი აღმოჩნდა, ვიდრე ქართველი სამხედროები ინატრებდნენ. თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც წლის დასაწყისში 500 მილიონი ლარი იყო, ბიუჯეტის კანონში შეტანილი სამი ცვლილებით, წლის ბოლოს ზუსტად სამჯერ გაიზარდა და, როგორც ზოგიერთები ხუმრობდნენ, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის პირველად გახდა პრობლემა თანხის ათვისება.

ამიტომ 2007-ში სწრაფი ტემპით დაიწყო ყველაფრის აშენება, შეკეთება და გადაკეთება, რაც სამხედრო ბალანსზე ირიცხებოდა.


2006 წელს დასრულდა თანამედროვე სამხედრო ბაზის მშენებლობა სენაკში, სადაც ბინა დაიდო მესამე მოტომსროლელმა ბრიგადამ, საბრძოლო ტექნიკამ და შეიარაღებამ. ამით არა მხოლოდ ამ სტრატეგიული რეგიონის უსაფრთხოების ხარისხი გაიზარდა, არამედ თანამედროვე ინფრასტრუქტურების მქონე სამხედრო დანაყოფმა სამეგრელოს მოსახლეობის სოციალური დაცვის ფუნქციაც შეიძინა: სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურაში დასაქმდა რამდენიმე ასეული ადგილობრივი სამოქალაქო პერსონალი.

პარალელურად საჩხერეში აშენდა სამთო-მომზადების სკოლა, რომელიც, დასავლელი სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ყველა კომპონენტის მიხედვით, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა და სადაც სამთო ქვედანაყოფების მომზადების სურვილი უკვე გამოთქვეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა.

მაგრამ ყველაზე რთული აღმოჩნდა ოფიცერთა და უმცროს მეთაურთა დეფიციტის აღმოფხვრა. ბოლო წლებში, სამხედრო უწყების სათავეში ირაკლი ოქრუაშვილის ყოფნისას, განხორციელებულმა ”საკადრო ექსპერიმენტებმა” გააძლიერა იმ პროფესიონალ ოფიცერთა დენადობა, რომელთა გადამზადებაზე დასავლეთის ქვეყნებმა დიდძალი რესურსი დახარჯეს. საჭირო იყო ამ ტენდენციის შეჩერება და ახალი კადრების მიზიდვა სამეთაურო თანამდებობებზე, რისი სასიკეთო ტენდენციებიც 2007-ში აშკარად გამოჩნდა.

ოფიცერთა კადრების მოზიდვისა და მათი პროფესიული მოტივაციის გასაძლიერებლად სახელმწიფომ უპრეცედენტო სოციალური პაკეტი აამოქმედა.

2007 წლის თებერვალში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა სახელმწიფო აქტს, რომელიც მომავალი ოფიცრებისათვის სპეციალურ შეღავათებსა და პრივილეგიებს ითვალისწინებს. ”ყველა ოფიცერი, ვინც იმსახურებს კონტრაქტით დადგენილ ვადას, დღევანდელი დღიდან მიიღებს უფასო საცხოვრებელ ფართს, ბინას თბილისსა და ბათუმში. ყველა ოფიცერი მიიღებს შეღავათიან კრედიტს, რათა თავადვე მოაწყოს საკუთარი ცხოვრება; თბილისში აშენდება მთელი მიკრორაიონი, სადაც იქნება სკოლები და პოლიკლინიკები, რათა ყველა ადამიანი იყოს დაცული”,- განაცხადა სენაკში სამხედრო ბრიგადაში მყოფმა უმაღლესმა მთავარსარდალმა.

ამის შემდეგ სულ მალე თბილისთან ახლოს დაიწყო მომავალ ოფიცერთა და სამხედრო მოსამსახურეთათვის პირველი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. პარალელურად სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს კიდევ ერთი ულტრათანამედროვე სამხედრო ბაზის მშენებლობა ქალაქ გორთან, რომელიც მწყობრში 2008 წლის ბოლოსთვის ჩადგება;

თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, რომელმაც წელს ახალ ადგილზე დაიდო ბინა, მოქმედებს ოფიცერთა მომზადების მოკლევადიანი კურსები, სადაც ჩარიცხვის მსურველთა რაოდენობა სულ უფრო მატულობს. პარალელურად ფართოვდება სამხედრო აკადემიის სასწავლო პროგრამების რაოდენობა და იგი მრავალსაფეხურებრივი მომზადების თანამედროვე სასწავლო კერად ყალიბდება.

რა თქმა უნდა, ამ პროექტების რეალიზებას შესაბამისი საბიუჯეტო უზრუნველყოფაც სჭირდება, რისთვისაც ხელისუფლება, როგორც ზემოთ ითქვა, უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო დანახარჯებზე წავიდა. ბიუჯეტის კანონში 2007 წლის განმავლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, შეიარაღებული ძალების ბიუჯეტმა 1.4 მილიარდ ლარს მიაღწია, რითაც საქართველო სათავეში მოექცა იმ ქვეყნების სიას, რომლებსაც ”მილიტარიზებული ბიუჯეტის მქონე” სახელმწიფოებს უწოდებენ.

2007 წლის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ, პრივატიზაციისა და ეკონომიკის ზრდის შედეგად, ბიუჯეტში შემოსული თანხებით შეძლო თავდაცვის სფეროს ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 10 პროცენტამდე გაეზარდა. ამ თანხის დიდი ნაწილი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების სოციალური და საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მათი შრომითი ანაზღაურების ამაღლებაზე დაიხარჯება; დანარჩენი თანხით კი იგეგმება შეიარაღებისა და ტექნიკის მოდერნიზება, რაც ასევე აუცილებელია ქვეყნისათვის, რომლის სამხედრო ქვედანაყოფებიც საბრძოლო ამოცანების შესრულების შესაძლებლობას უნდა ფლობდნენ სხვადასხვა ოპერატიულ ვითარებაში და სხვადახვა ქვეყნის ფორმირებებთან ურთიერთქმედებაში.

სამხედრო ხარჯების ასეთმა მკვეთრმა ზრდამ წარმოშვა კითხვა: გამართლებულია თუ არა ასეთი დიდ ხარჯის გაწევა სამხედრო სფეროზე, როდესაც ქვეყანაში ბევრი სოციალური პრობლემა არსებობს?

მაგრამ ყველას ესმის, რომ ხელისუფლება იძულებულია წავიდეს ამ დანახარჯებზე, რათა, ერთი მხრივ, აღმოფხვრას ის სამხედრო დისბალანსი, რომელშიც საქართველო იმყოფება სამხრეთ კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ხოლო, მეორე მხრივ, უკეთ უზრუნველყოს ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვა იმ პირობებში, როდესაც მავანი კვლავ ფიქრობს საქართველოს შესუსტებას სამხედრო პროვოკაციების გზით, რასაც ადგილი ჰქონდა ზემო აფხაზეთსა და წითელუბანში. პარალელურად, საქართველო ვალდებულია ძირფესვიანად გარდაქმნას მთელი უსაფრთხოების სისტემა და დაუახლოვოს იგი სტანდარტებს, რასაც ქვეყანას ალიანსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა ავალდებულებს.

ამ რეფორმების შედეგად, ქართული არმიის ძირითადი სახეობები უკვე არის თავსებადი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო ქვედანაყოფებთან. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ერაყში, ვასიტის პროვინციაში, მყოფი 2000 კაციანი ქვედანაყოფი. ამერიკის სარდლობით მოქმედი კოალიციის გადაწყვეტილებით, ქართული ქვედანაყოფი ივლისიდან ხელმძღვანელობს სამშვიდობო ოპერაციის მართვას ერაყის ერთ-ერთ უდიდეს პროვინციაში, რომელიც ირანის საზღვართან მდებარეობს. მრავლისმეტყველია, რომ ქართულმა ქვედანაყოფმა ესტაფეტა პოლონეთისაგან ჩაიბარა, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრია.

ამჟამდ საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში იმყოფება სრულად დაკომპლექტებული და აღჭურვილი 4 ქვეითი ბრიგადა, რომელსაც ყველაზე რთული სამხედრო ოპერაციის შესრულება ძალუძს.


ცხადია, სამხედრო ცხოვრების ბევრი მიმართულება საჭიროებს განახლებას და კორექტირებას, კვლავ აღმოსაფხვრელია ბევრი ნაკლოვანება. მათ შორის, ბევრი მუშაობა სჭირდება სამხედრო დისციპლინის გაძლიერებას და მემკვიდრეობით მიღებული არასაწესდებო ურთიერთობის ამოძირკვას.

მაგრამ ფაქტია, რომ არმიის მშენებლობა სწორ გზაზე დგას და ჯარიც უფრო გამართული ნაბიჯებით გააგრძელებს სვლას საბოლოო მიზნებისკენ, თუკი ქვეყნის სტაბილური განვითარება ვირთხის წელიწადშიც შენარჩუნდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG