Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


”გაჩეჩილაძე სააკაშვილს ”თავშეკვლით” ემუქრება” - ასეთი სათაურით ეხმაურება ”რეზონანსი” ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 8 იანვარს მომხდარსა და ოპოზიციის გეგმებს.

ამავე გაზეთში წაიკითხავთ ინტერვიუს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილთან, რომელიც ამბობს: ”გაჩეჩილაძეს ჰყავს თავისი მომხრეები და არცთუ ცოტა. მან მარტო თბილისში საკმაოდ ბევრი ხმა მიიღო და ეს იმას ნიშნავს, რომ საპროტესტო აქციები იქნება. მაგრამ ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენც ხომ არ დავიწყებთ ჩვენი მხარდამჭერების გამოყვანას? ჩვენ ეს პერიოდი გავიარეთ და გაყოფილი რუსთაველი აღარ იქნება”, - ამბობს ბეჟაშვილი ”რეზონანსთან” ინტერვიუში.

”როდესაც ხალხი ხედავს, რომ მისი ნების წინააღმდეგ ამერიკა თვითმარქვია პრეზიდენტს მხარს უჭერს, ეს მათი მხრიდან არის ძალიან მძიმე შეცდომა და მე მეშინია, აქ ისეთივე ანტიამერიკული განწყობა არ აგორდეს, როგორიც არის თურქეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში”, - იმავე ”რეზონანსთან” ინტერვიუში ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით გამყრელიძე, რომლის აზრითაც, ერთადერთი ობიექტური გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან მეორე ტურის ჩატარებაა, რომელშიც სააკაშვილი და გაჩეჩილაძე გავიდნენ.

”გამოცდა ჩაბარებულია - 5 იანვრის არჩევნები, ცალკეული ხარვეზების მიუხედავად, სამართლიანად და დემოკრატიულად შეაფასა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ”, - წერს ”24 საათის” მიმომხილველი, რომელიც ფიქრობს, რომ 52 პროცენტით მოგება ხელისუფლებას მოდუნებისა და თვითტკბობაში დაბრუნების საშუალებას არ მისცემს. ამას გარდა, ავტორი წერს: ”ის, რითიც საყოველთაო აგრესიის ფონზე სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა, პოზიტიური მუხტის მატარებელი მესიჯები იყო. თავად სააკაშვილი კი შეცვლილია საზოგადოებაში არსებული ყველა რაციონალური მოთხოვნის შესაბამისად. ეს ცვლილება თვალშისაცემია არჩევნების შემდეგაც”, - წერს ”24 საათის” ავტორი.

ამავე გაზეთში ქვეყნდება ინტერვიუ ”ეგზიტ-პოლ-2008”-ის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ”საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის” რექტორ ლევან ცუცქირიძესთან, რომელიც დარწმუნებულია, რომ სამართლიან, მაღალპროფესიულ და ობიექტურ ეგზიტ-პოლებს საქართველოში კარგი პერსპექტივა ექნება და ვითარების მასტაბილიზებელ როლს შეასრულებს. ”მათ, ვინც ჩვენ ახლა გვაკრიტიკებს, თავადაც იციან, რომ ეს იყო ყველაზე ობიექტური, გამჭვირვალე და მაღალპროფესიულად გაკეთებული სამეცნიერო კვლევა”,- ფიქრობს ცუცქირიძე, რომელთან ინტერვიუსაც ”24 საათი” აქვეყნებს.

”საქართველოს რესპუბლიკა”: ”ახლა წინ რჩება ერთი რამ - საპარლამენტო არჩევნები. ხელისუფლებისთვის უკვე მისწრებაა, თუ იგი გაზაფხულზე გაიმართება, თუმცა, მანამდე ამის გამო თავს იკლავდა და საშინელი 7 ნოემბერიც კი გაგვითენა. საპრეზიდენტო არჩევნების გამო ნიჰილიზმმოძალებული საზოგადოება უგულისყუროდ მოეკიდება ამ არჩევნებს. შეიძლება ბევრმა ხელი ჩაიქნიოს და აღარც კი გამოცხადდეს ხმის მისაცემად. ასეთი ვითარება ხელს აძლევს ხელისუფლებასაც, მაგრამ, ვფიქრობ, იგი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ამის გამო და, პირიქით, ხელი შეუწყოს მრავალფეროვანი საპარლამენტო სპექტრის შექმნას”, - წერს ”საქართველოს რესპუბლიკის” მიმომხილველი.

”ახალი თაობის” კორესპონდენტი უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს ესაუბრა. კაკაბაძე ამბობს: დარწმუნებული ვარ, ოპოზიციამ ხმაც რომ არ ამოიღოს, ხალხი არ დაუშვებს იმას, რომ თავს მოახვიონ არასასურველი ხელისუფლება და პრეზიდენტი. ხალხი თავის ხმებს ბოლომდე დაიცავს და თუ ეს ხელისუფლება თუნდაც ერთ ტყვიას გაისვრის, მერწმუნეთ, იმ ტყვიასვე გადაჰყვება.” - ნანა კაკაბაძესთან ინტერვიუს, სათაურით ”არჩევნები სააკაშვილის სასარგებლოდ 30%-ით გაყალბდა”, ”ახალი თაობა” ბეჭდავს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG