Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ტელემედიაში მიმდინარე და მოსალოდნელი ცვლილებები


დღეს, 15 იანვარს, ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა ”დროების” ყოფილი თანამშრომლების დიდმა ნაწილმა,

რომელმაც ”ტელეიმედი” კომპანიის მფლობელ არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის ირგვლივ ატეხილი სკანდალის გამო დატოვა, დამოუკიდებელი ტელესტუდიის შექმნა გამოაცხადა. ”ახალი დროება” - ასე ჰქვია იმ არაკომერციულ და არამომგებიან ორგანიზაციას, რომლის ყოველკვირეული გადაცემა ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში უახლოეს მომავალში გავა. პარალელურად ცვლილებებია მოსალოდნელი თავად ”საზოგადოებრივ მაუწყებელშიც”.

”ტელეიმედის” გადაცემა ”დროების” ხუთმა ჟურნალისტმა არხიდან წამოსვლის შემდეგ დამოუკიდებელი სტუდია ”ახალი დროება” დააფუძნა და ”დროების” სხვა ყოფილი თანამშრომლებიც მიიწვია. მათ შორის არ აღმოჩნდა გადაცემის ავტორი და წამყვანი გიორგი თარგამაძე, რომელმაც ჟურნალისტიკაში დარჩენას პოლიტიკაში წასვლა ამჯობინა. მიუხედავად ამისა, მის ყოფილ კოლეგებს იმედი აქვთ, რომ სტუდიის სახელი სადავო არ გახდება:

[ისმის კამათი სტუდიის სახელის თაობაზე] ”... დროება არ იყო გიორგი თარგამაძის პატენტი, ზვიად ქორიძის მოტანილი იყო ”იმედში”. ”იმედის” პატენტი კი იყო, მაგრამ სტუდიას ჰქვია სხვა სახელი - ’ახალი დროება’.”

დამოუკიდებელ სტუდიას უკვე აქვს ხელშეკრულება ”თიბისი-თივის” შვილობილ კომპანიასთან, ”ჯი-ელ-თი-ვისთან”. სწორედ ეს კომპანია უზრუნველყოფს ”ახალი დროების” პროდუქციის ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გაშვებას. ”ახალი დროების” სარედაქციო დამოუკიდებლობა კი დაცულია ხელშეკრულებით, რომლის ქმედობაუნარიანობაც, ჟურნალისტების აზრით, პირველსავე გადაცემაში გამოჩნდება. რატომ იქნა არჩეული ”საზოგადოებრივი მაუწყებელი”? - ”ახალი დროების” ერთ-ერთი დამფუძნებლის, დაჩი გრძელიშვილის, განცხადებით, ამის მიზეზი ”იმედის” მეპატრონე არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯები გახდა:

[დაჩი გრძელიშვილის ხმა] ”მას შემდე ამ ადამიანმა გადადგა სხვადასხვა ნაბიჯები. არ ვიცი, ეს მისი არჩევანი იყო და ამაში ვერ გავაკრიტიკებ. უბრალოდ, ჩვენ აღმოვჩნდით ძალიან ცუდ მდგომარეობაში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეარსებინა დამოუკიდებელი სტუდია, რომელიც გადაცემას მოამზადებდა ექსკლუზიურად ”საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ”საზოგადოებრივი მაუწყებელი”, პირდაპირი მნიშვნელობით, ეკუთვნის საზოგადოებას და ჩვენ გვექნება უფრო მეტი საშუალება დავიცვათ ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობა.”

”ახალი დროების” ჟურნალისტების განცხადებით, ისინი დემოკრატიისთვის ბრძოლას კვლავ მედიის საშუალებით განაგრძობენ.
სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო მათმა კოლეგამ და ახლო წარსულში გადაცემა ”დროების” ავტორმა გიორგი თარგამაძემ - ის პოლიტიკას დაუბრუნდა. თარგამაძე, დანარჩენი ოპოზიციის მსგავსად, ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” რეფორმირებას მოითხოვს. ის 15 იანვარს ტელევიზიის წინ გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდა.

[გიორგი თარგამაძის ხმა] ”ყველა ადამიანისთვის, ვისთვისაც არის ძვირფასი საქართველოში დემოკრატია და თავისუფალი საზოგადოება, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მოვლენები ქვეყანაში ვითარდებოდეს მშვიდობიანად, კონსტიტუციის ფარგლებში, და ხალხის ხმა იყოს გაგონილი, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებრივი არხი რეალურად ჩადგეს ხალხის სამსახურში.”

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” როლს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ოპოზიციური მოძრაობა. პოლიტიკური დაძაბულობის განსამუხტავად სწორედ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” რეორგანიზება გახდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგისა და კომპრომისის საგანი.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეთვალყურეო საბჭო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების საფუძველზე დაკომპლექტდება. ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში, შეიცვლება ტელევიზიის ხელმძღვანელობაც, თუმცა ცვლილებები არ შეეხება რიგით ჟურნალისტებს.

”საზოგადოებრივი მაუწყებლის” რეორგანიზებას ოპოზიციაც მიესალმება, რადგან, ოპოზიციონერების აზრით, მედიაში არსებული პრობლემები დიდწილად განაპირობებს პოლიტიკაში არსებულ პრობლემებსაც.
XS
SM
MD
LG