Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”20 იანვარი, შესაძლოა, ახალი 7 ნოემბერი აღმოჩნდეს” - ასეთია ”რეზონანსის”


”20 იანვარი, შესაძლოა, ახალი 7 ნოემბერი აღმოჩნდეს” - ასეთია ”რეზონანსის” სტატიის სათაური,

რომელშიც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს დაგეგმილ ღონისძიებებზეა ლაპარაკი. ”რეზონანსი” წერს, რომ კვირას მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის წინ საჯარო ნაწილებისა და სამხედრო ტექნიკის გარემოცვაში დადებს ფიცს, გაერთიანებული ოპოზიცია კი, პარალელურად, ფართომასშტაბიან აქციას გეგმავს. გაზეთი იუწყება, რომ, თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, ეს აქცია უკანონო იქნება და მას შესაბამისი რეაქცია მოჰყვება, თუმცა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ოპოზიციას ამის უფლება აქვს. ”პასუხისმგებლობას ორივე მხარე ერთმანეთს აკისრებს. მთავარი კი ის არის, რომ, შესაძლოა, აქციის გამო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დიალოგი ჩაიშალოს”, - წერს ”რეზონანსი”.

”რეზონანსი” აგრეთვე აქვეყნებს სტატიას რობერტ ზავრაშვილის შესახებ, რომელსაც, გაზეთის ცნობით, ტყიდან ძირნაყარი შეშის გამოტანა ქურდობად ჩაუთვალეს და დააკავეს. ”რეზონანსი” იუწყება, რომ რობერტ ზავრაშვილს ხის მოჭრის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტიც ჰქონდა და სახელმწიფო მოსაკრებლის გადახდის ქვითარიც, მაგრამ, ამის მიუხედავად, კახეთის საოლქო პროკურატურა მისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთას მაინც ითხოვს. ამჟამად ზავრაშვილი გირაოთია განთავისუფლებული და რადგან მას მოსამართლის დაწესებული გირაოს თანხა, 5 ათასი ლარი, არ აღმოაჩნდა, მის უძრავ ქონებას ყადაღა ადევს, - წერს ”რეზონანსი”.

გაზეთი ”ყველა სიახლე” კი აქვეყნებს ინტერვიუს ყოფილ პატიმრებთან - ირაკლი ბათიაშვილსა და ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ დავით მირცხულავასთან. კითხვაზე, დაასწრო თუ არა ნინო ბურჯანაძემ მიხეილ სააკაშვილს პატიმრების გათავისუფლება ქულების დასაწერად, ირაკლი ბათიაშვილი პასუხობს: ”ჩემი გათავისუფლება არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, მის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ პიროვნულად იგი მორწმუნე და ადამიანური ქალბატონია.” დავით მირცხულავას კი ჟურნალისტი ეკითხება, თუ როგორ მოსწონს მას შეცვლილი თბილისი. ”ქალაქში ბევრი არ მივლია, მაგრამ რამდენიმე ძეგლი ნამდვილად არ მომეწონა. არ უხდება თბილისს თუნდაც წმინდა გიორგის მონუმენტი. მასშტაბები აშკარად დარღვეულია”, - თქვა ”ყველა სიახლისათვის” მიცემულ ინტერვიუში დავით მირცხულავამ.

”ბურჯანაძის ადილს ოპოზიცია დაიკავებს” - ასეთი სათაურით ქვეყნდება ”ახალ თაობაში” ინტერვიუ ოპოზიციონერ გიგა ბუკიასთან, რომელიც ამბობს: ”პარლამენტის ახალი თავმჯდომარეც ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება და ვიცე-სპიკერიც. უფრო სწორად რომ ვთქვა, ხალხის წარმომადგენელი იქნება. ამ ადგილზე მოსახლეობის ინტერესების გამტარებელი ადამიანები იქნებიან.”
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG