Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


საქართველოს პრეზიდენტის ევროსაბჭოს საპარლამენტო

ასამბლეაზე გამოსვლა ქართულ პრესაში სამთავრობო ცვლილებებმა გადაფარა. ”კვირის პალიტრის” დამატება, გაზეთი ”ყველა სიახლე”, წერს: ”თვალშისაცემია, რომ სააკაშვილის მიერ დათხოვნილი ყველა მინისტრი მთავრობიდან დასაჩუქრებულ-დაპურებული გაუშვეს. სწორედ ის, რომ არაკეთილსინდისიერი და უკანონო საქმიანობისთვის სააკაშვილს არც ერთი თანაგუნდელი არ დაუსჯია, საზოგადოებას კიდევ უფრო გაუძლიერებს ხელისუფლებისადმი უნდობლობას... საკადრო ცვლილებები აღმასრულებელი ხელისუფლების ქვედა რგოლებში, სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება და ამის შემდეგ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდება, როგორ იცავს მიხეილ სააკაშვილი დადებულ პირობას”, - წერს ”ყველა სიახლე”. ამავე გაზეთში ქვეყნდება ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც ამბობს: ”ახლა ცვლიან მინისტრებს, ოღონდ რატომ, არავინ იცის... თუ ამ ხალხმა რამე დააშავა, მაშინ თქვან და პასუხიც აგებინონ, თუ არადა, რატომ ხსნიან, აგვიხსნან... სხვა შემთხვევაში არაფერი იცვლება იმით, რომელ სავარძელში ჩაჯდება ბეჟუაშვილი და ტყეშელაშვილი”, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

”საქართველოს რესპუბლიკა”: ”დიდი გამოცდისა და დიდი ცვლილებების წინაშე მოუწევს დადგომა ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. ხელისუფლებას იმიტომ, რომ მის მიერ განხორციელებულმა ძვრებმა მოსახლეობა კი არ უნდა გააღიზიანოს, არამედ დაანახვოს, რომ ”ცრემლები” ფუჭი არ იყო. ოპოზიციას კი მოუწევს ერთიანობის შენარჩუნება და პირადი ამბიციების ოდნავ ”გვერდზე ჩაჩოჩება”. რიგითმა მოქალაქეებმა რაღა ვქნათ? არაფერი ისეთი. დაველოდოთ ცვლილებებს და მუდმივი კონტროლის ქვეშ ვიყოლიოთ ორივე მხარე, რათა ნამდვილი ცვლილებები მოხდეს ამ ქვეყანაში”, - წერს ”საქართველოს რესპუბლიკა”.

”ახალი თაობა”: ”ფაქტია, რომ სააკაშვილმა წარმოადგინა არა რეფორმირებული, არამედ გარდამავალი მთავრობა. ის მთავარი ფიგურები, რომლებიც ქმნიდნენ ამინდს საქართველოში, დარჩნენ. რაც მთავარია, დარჩნენ მერაბიშვილი და ლომაია, ანუ დარჩა ორიენტაცია ძალადობასა და ტერორზე. ეს კი არც მთლად სწორი კურსია პრეზიდენტისთვის, რომლის ლეგიტიმურობა საქართველოს საზოგადოების ნახევარში დიდ ეჭვებს იწვევს”, - წერს ”ახალი თაობის” მიმომხილველი.

”24 საათი”: ”ყველაფერმა ერთად, ანუ ობიექტურმა რეალობამ და დაშვებულმა შეცდომებმა, ხელისუფლება უზარმაზარი პროტესტის ტალღის პირისპირ დააყენა. დათმობები და კომპრომისები ამ ტალღის მოსაგერიებლად ერთადერთი გზა აღმოჩნდა. თუმცა ჯერ კიდევ ცხადი არ არის, სად გაივლის დათმობების ხაზი - ხომ არ გადაკვეთს ის პრინციპებისა და ღირებულებების მაგისტრალურ ხაზს. რადგან სწორია დათმობა და შეცდომების აღიარება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და მეტი პლურალიზმის დანერგვის მიზნით, მაგრამ სრულიად მიუღებელია დათმობა მათთან, ვისაც ფსევდოეროვნული ღირებულებებით მანიპულირება და ”წითელზე” სიარული უნდა და არამხოლოდ პირდაპირი გაგებით”, - წერს ”24 საათის” ავტორი.

”შესაძლოა, ”რუსთავი 2”-ისა და ”მზის” მეპატრონეები შეიცვალონ”, - ასეთი სათაურით აქვეყნებს გაზეთი ”რეზონანსი” პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ინტერვიუს. რესპონდენტი ამბობს: ”მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება საზოგადოებას მთავრობის პროფესიონალებით დაკომპლექტებას დაჰპირდა, ახლა ირკვევა, რომ კადრების შერჩევისას ხელისუფლება არა მხოლოდ პროფესიონალიზმით, არამედ იმავე კადრების ხელისუფლებისადმი ლოიალობის ნიშნით ხელმძღვანელობს.” რამაზ საყვრელიძის აზრით, თემურ იაკობაშვილისა და გია ნოდიას შერჩევისას გადამწყვეტი არა მათი მაღალი პროფესიონალიზმი, არამედ ხელისუფლებისადმი ლოიალობა იყო. საყვარელიძე აგრეთვე ამბობს: ”არ გამოვრიცხავ, რომ ბეჟუაშვილებმა ტელეკომპანიების ”რუსთავი 2”-ისა და ”მზის” დაფინანსება შეწყვიტონ, ან უახლოეს პერიოდში უარი თქვან დამფუძნებლის სტატუსზე.”

”რეზონანსშივე” ქვეყნდება ინტერვიუ თემურ იაკობაშვილთან, რომელიც სახელმწიფო მინისტრის პოსტზეა დასახელებული. იაკობაშვილი ამბობს: ”კრიტიკას კაცი არ მოუკლავს და არა მგონია, მე მომკლას. ვნახოთ, რა იქნება. საერთოდ უნდა გამაკრიტიკონ იმის მიხედვით, რას გავაკეთებ მომავალში. ახლა რატომ მაკრიტიკებენ, არ ვიცი”. იაკობაშვილის აზრით, ”კონფლიქტების მოგვარება ისეთი საკითხია, რომ შეუძლებელია ისე მუშაობა, თუ ხალხს არ ჩააბარე ანგარიში.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG