Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალის არგამოყენება კონფლიქტებში - მოთხოვნა, რომელსაც რუსეთი საქართველოს უყენებს


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე

მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ განახლდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა “სუფთა ფურცლიდან”. თუმცა, არის პრობლემები, რის გამოც ურთიერთობის “სუფთა ფურცლიდან” დაწყებას ბევრი წინააღმდეგობები დახვდება. მათ შორის არის რუსეთის მოთხოვნა, საქართველომ თავდაუსხმელობის შეთანხმება გააფორმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობებთან.

სტრასბურგში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა მნიშვნელოვანი უწოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ რუსეთი არც აპირებდა და არც მომავალში აპირებს სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას. საქართველოს პერზიდენტის თქმით, იგი მზად არის მოსკოვში მოლაპარაკებაზე პრემიერ-მინისტრი ან საგარეო საქმეთა მინისტრი მიავლინოს, რათა რუსეთთან ტრადიციული კეთილმეგობრული ურთიერთობა აღდგეს. მიხეილ სააკაშვილის ასეთ მიდგომას “მისასალმებელი” უწოდა ევროსაბჭოში რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე კოსაჩევმა. თუმცა, რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში კოსაჩევმა განაცხადა, რომ ამ ურთიერთობის დაწყებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე მოთხოვნა უნდა შეასრულოს, მათ შორის რუსმა დეპუტატმა დაასახელა ძალის გამოყენებაზე უარის თქმა კონფლიქტებში და ამის ოფიციალურად დაფიქსირება.

[კონსტანტინე კოსაჩევის ხმა] "კერძოდ: იურიდიულად გაფორმება თბილისის ვალდებულებისა - არ გამოიყენოს სამხედრო ძალა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების დარეგულირების გზაზე. ასევე იურიდიულად უნდა გაფორმდეს თბილისის მიერ ადრე გაკეთებული განცხადება, რომ, რუსეთის ბაზების გატანის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე აღარ განთავსდება მესამე ქვეყნის სამხედრო ბაზა. ვიმეორებ, ეს იყო ხელისუფლების განცხადება, რომელიც არ არის გაფორმებული. ასევე საჭიროა ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ, ასე ვთქვათ, შემსუბუქდეს რუსულენოვანი მოსახლეობისა და თვით რუსული ენის სტატუსი. ბოლო დროს საქართველოში ჩვენ ამ მხრივაც ვგრძნობთ გარკვეულ ნეგატიურ ტენდენციებს. და ძალიან ვისურვებდით, რომ ამან არ მიიღოს სისტემური სახე."

კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარება, საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო ვალდებულებაა და მის შესრულებაზე საქართველოს არასოდეს უთქვამს უარი. შესაბამისად, იბადება შეკითხვა, თუ რატომ იკავებს თბილისი თავს, კიდევ ერთხელ და ამჯერად ხელშეკრულების სახით დააფიქსიროს ეს ვალდებულება და რუსეთს სალაპარაკო აღარ დაუტოვოს? ამ შეკითხვით რადიო “თავისუფლებამ” სტრასბურგში მყოფ საქართველოს საგარეო მინისტრობის კანდიდატ დავით ბაქრაძეს მიმართა.

[დავით ბაქრაძის ხმა]: “ჩვენ არ გვაქვს არაფერი საწინააღმდეგო ძალიას არგამოყენების პრინციპის მიმართ, მაგრამ არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. პირველი: ნებისმიერი შეთანხმება კონფლიქტის მოგვარების თაობაზე აუცილებლად უნდა ასახავდეს დევნილების დაბრუნების აუცილებლობას და ვერანაირი კონფლიქტის მოგვარება, მათ შორის მშვიდობიანი გზით, ვერ შედგება, თუ არ მოხდა დევნილების დაბრუნება. ამიტომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა იყოს პაკეტში დევნილების დაბრუნების შეთანხმებასთან და მეორე - ჩვენთვის მიუღებელია ის ფორმა, რომელსაც გვთავაზობენ ჩვენი რუსი კოლეგები. ჩვენ არ მოვაწერთ ხელს შეთანხმებას საქართველოსა და აფხაზეთს, ან საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის, თითქოს ეს გახლავთ დამოუკიდებელი, სუვერენული და მეზობელი ქვეყნები. თუ ჩვენს გვსურს შევთანხმდეთ ძალის არგამოყენების პრინციპზე, ეს პრინციპი ძალიან მკაფიოდ უნდა არეგულირებდეს, რომ ეს არის ძალის არგამოყენება საქართველოს შიდა ტერიტორიული კონფლიქტის მოწესრიგების და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით. დავაფიქსიროთ შეთანხმებაში, დოკუმენტში, რომ ეს კეთდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და მაშინ ჩვენ ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრობლემა არ გვექნება. მაგარმ, ისევ ვიმეორებ, რუსეთის მიერ შემოთავაზებული ფორმით, რაც გულისხმობს ირიბ აღიარებას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, ბუნებრივია, ასეთი ფორმა ჩვენთვის მიუღებელია”.

სხვათა შორის, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დამტკიცების შემდეგ დავით ბაქრაძეს, ალბათ, მოუწევს ოფიციალური ვიზიტით ჩავიდეს მოსკოვში და დაიწყოს მოლაპარაკება სავაჭრო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე. ამის შესახებ ჟურნალისტებს სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენო ასამბლეის ზამთრის სესიაზე მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა. საერთოდაც, სტრასბურგში, სადაც ბოლო წლებში ძირითადად რუსი და ქართველი დეპუტატების ურთიერთბრალდებები ისმის, მიხეილ სააკაშვილი კონსტრუქციულად და მეგობრული ტონით ლაპარაკობდა რუსეთთან ახალი ურთიერთობების აუცილებლობაზე. ითქვა, რომ გარკვეული პირობით საქართველო მზად არის დაეთანხმოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას. და მზად არის ასევე დროებით დღის წესრიგიდან მოიხსნას ურთიერთობაში დაგროვილი ისეთი მწავავე საკითხები, რაც ურთიერთგაღიზიანებას იწვევს.

ამის შესახებ მიხიელ სააკაშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადეიო “თავისუფლებას”:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “არა, ეს ერთმანეთთან საერთოდ არ არის კავშირში - სამშვიდობო ჯარები და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება. ჩვენ ვლაპარაკობთ მხოლოდე ერთ რამეზე, რომ მოვხსნათ ყველა გამაღიზიანებელი, მოვხსნათ ეკონომიკური ემბარგო, მოვხსნათ ეკონომიკური ბარიერები სავიზო, ადამიანებს შორის ერთმანეთის ურთიერთობის და ჩვენ დაჩემებული ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია არა გვაქვს. ეს არის დაკავშირებული კონკრეტულ სასაზღვრო საკითხებთან. მაგრამ ყველა ეს საკითხი არის გადაწყვეტადი მაშინ, როცა იქნება კეთილი ნება. თუ არ იქნება კეთილი ნება და ყველაფერი უნდა დარჩეს ისევ აგრესიულ რაკურსში, რა თქმა უნდა ყველაზე მარტივი საკითხის გადაწყვეტაც კი იქნება ნერვოზულობისა და გაღიზიანების საგანი ქვეყნებს შორის”.

[რადიო “თავისუფლების” შეკითხვა] “როგორ შეატყვეთ, ნატოში საქართველოს გაწევრიანება აღარ აღიზიანებს ისე ძალიან რუსეთს?”

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “მე ვფიქრობ, რომ, რა თქმა უნდა, ნატოს საკითხი გეოპოლიტიკურად იწვევს ... უფრო სწორედ, ეს არის ცხელი თემა, მაგრამ მეორე მხრივ, თვითონ იდეის მიმართ შეჩვევა ხდება. ეს ხომ ძალიან გრძელი პროცესია, ეს არის რთული პროცესი, ეს არის შიდა რეფორმების პროცესი და მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით რუსეთს - იმდენად გრძელვადიანია ეს ყველაფერი მთლიანობაში იმიტომ, რომ აქ არ არის მარტო ლაპარაკი კანდიდატად გახდომაზე, არამედ თვითონ წევრობაზე - რომ ამასობაში ძალიან ბევრი რამ, თვითონ მიდგომაც რუსეთში, შეიცვლება.”
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG